მთავარი,სიახლეები

ჩაგვრა „ქურდული სამყაროს“ გავლენით – კვლევა ციხეზე, სადაც არასრულწლოვნები იხდიან სასჯელს

11.07.2018 • 3606
ჩაგვრა „ქურდული სამყაროს“ გავლენით – კვლევა ციხეზე, სადაც არასრულწლოვნები იხდიან სასჯელს

სხეულის დაზიანების 17 შემთხვევა სასჯელაღსრულების მე-11 დაწესებულებაში დაფიქსირდა. აქ არასრულწლოვანი პატიმრები იხდიან სასჯელს. 17 შემთხვევიდან 5 დაზიანება მხოლოდ ერთმა არასრულწლოვანმა მიიღო. დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილზე არასრულწლოვანმა ა.-მ ორთვენახევრის განმავლობაში მიიღო – პირველი იანვრიდან 15 მარტამდე.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს არასრულწლოვანმა ა.-მ უთხრა, რომ მხოლოდ ერთხელ მიაყენა დაზიანება სხვა მსჯავრდებულმა, სხვა შემთხვევაში, საყოფაცხოვრებო ტრავმა იყო.

არასრულწლოვანი ა. ერთ-ერთია იმ არასრულწლოვნებს შორის, რომელთა ისტორიასაც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კვლევაში შეხვდებით. კვლევაში ნახავთ დასკვნასაც, რომ სხეულის თვითდაზიანებები და საყოფაცხოვრებო ტრავმები, რასაც არასრულწლოვნები ოფიციალურად ასახელებენ, დამაჯერებელი არ არის და საქმე სუბკულტურასთან ანუ „ქურდული სამყაროს“ გავლენასთან გვაქვს, რაც შესაბამისი რეაგირების გარეშე რჩება.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ არასრულწლოვანი და ქალი პატიმრების მდგომარეობა სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში შეისწავლა. კვლევაში წერია, რომ არსებობენ პრივილეგირებული არასრულწლოვანი პატიმრები, რომლებიც „არაფორმალურ მმართველობას ახორციელებენ რეპრესიული მეთოდებით“.

„მე-11 დაწესებულებაში პატიმრების არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს ქმნის დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურა, რაც ხშირად ხდება პატიმრებს შორის ძალადობისა და ჩაგვრის მიზეზი. აღნიშნული შემთხვევების სრულყოფილ გამოკვლევასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას ართულებს ის ფაქტი, რომ არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ამ თემაზე დაწესებულების შიგნით ღიად საუბარს ერიდებიან.

კრიმინალური სუბკულტურის გავლენით ხდება პატიმრების არაფორმალური დაყოფა. შედეგად, პატიმრების გარკვეული ნაწილი, რომლებიც იმყოფება პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რეპრესიული მეთოდებით ახორციელებს არაფორმალურ მმართველობას, რაც ხშირ შემთხვევაში გამოიხატება სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაში იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც არ დაემორჩილებიან არაფორმალური მმართველობის წესებს,“ – აღნიშნულია კვლევაში.

ნინო ცაგარეიშვილი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი და კვლევის ერთ-ერთი ავტორი უშუალოდ შეხვდა და ესაუბრა არასრულწლოვნებს. მას განსაკუთებით ის არასრულწლოვანი დაამახსოვრდა, რომელსაც ორთვე-ნახევარში 5 დაზიანება ჰქონდა მიღებული, მაგრამ ვერ თქვა, რომ მასზე ძალადობდნენ.

„საკმაოდ საეჭვოა ეს შემთხვევები. არასრულწლოვან პატიმრებს გაუჭირდათ ამ თემაზე ლაპარაკი, თუმცა თქვეს, რომ ადგილი აქვს დაცინვას, ჩაგვრას, გარიყვას, გარკვეულ დავალებებს სხვა არასრულწლოვანი პატიმრების მხრიდან. როცა ამას სამიზნე არ ემორჩილება, არის ეჭვი, რომ ამის ნიადაგზე ხდება დაზიანება. ყველა დეტალს ვერ გაგიზიარებთ მათი ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ არასრულწლოვნებთან გასაუბრება დასკვნის შესაძლებლობას, რომ დაწესებულებაში ნამდვილად აქვს ადგილი ჩაგვრას და სუბკულტურის გავლენას,“ – გვითხრა ნინო ცაგარეიშვილმა.

„დაზიანებების ხასიათი და ლოკალიზაცია ბადებს გონივრულ ეჭვს, რომ პატიმრების განმარტება დაზიანების წარმომავლობის შესახებ დიდი ალბათობით არ შეესაბამება სინამდვილეს და დაზიანება შეიძლება მიყენებულია სხვა პირის მიერ,“ – აღნიშნულია კვლევაში.

სხეულის დაზიანებები ციხის ადმინისტრაციას დოკუმენტურადაც აქვს გაფორმებული. რა რეაგირებას ახდენს დაწესებულების ადმინისტრაცია ჩაგვრის ფაქტებზე? – ნინო ცაგარეიშვილი გვიყვება, რომ მან ამ კითხვაზე პასუხი ადმინისტრაციისგან ვერ მიიღო.

„გვიპასუხეს, რომ რეაგირების მიზნით სხეულის დაზიანების რამდენიმე შემთხვევა გადაგზავნილია საგამოძიებო ორგანოში. შემდეგ რა მოხდა, არაა ცნობილი. კვლევის პრეზენტაციის დროს ჩვენ საჯაროდაც დავსვით ეს შეკითხვა, მაგრამ პასუხი სასჯელაღსრულების სამინისტროს ამ დრომდე არ გაუცია,“ – აღნიშნა ნინო ცაგარეიშვილმა.

კითხვებზე პასუხად სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრომ კვლევა და მისი ავტორები საჯაროდ გააკრიტიკა. სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ეს კვლევა სანდო არ არის და არც სახალხო დამცველი იყო კვლევის მომზადებაში ჩართული.

კონკრეტულად რა რეაგირება მოჰყვა საპატიმრო დაწესებულებაში არასრულწლოვანი პატიმრების სხეულის დაზიანების 17 შემთხვევას? – სასჯელაღსრულების სამინისტრო კითხვაზე პასუხის გაცემას გუშინ, 10 ივლისს, დაგვპირდა, მაგრამ ამ დრომდე ინფორმაცია სამინისტროსგან არ მიგვიღია.

„ჩვენ ამ პრეტენზიებს არ ვიზიარებთ. კვლევა არის სანდო და დასაბუთებული. ეს არის მონიტორინგის შედეგი და ეს კონკრეტული პრობლემები გამოვლინდა იქ, მათ შორის ის ნაწილი, სადაც სუბკულტურის გავლენაზეა საუბარი,“ – ამბობს სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე. იგი განმარტავს, რომ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მემორანდუმის საფუძველზე მისცა სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლის უფლება. დაწესებულებებში კვლევის პროცესს სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

„ამ პროცესის შემდეგ ჩვენ ჩვენი შენიშვნები მივაწოდეთ, მათ საბოლოო სახე მისცეს და გამოაქვეყნეს. რაც შეეხება სუბკულტურას არასრულწლოვან პატიმრებში, ეს არის საკითხი, რაზეც ისინი გახსნილად არ საუბრობენ. გარკვეული ინფორმაციით, რაც პატიმრებმა მოგვაწოდეს, გამოვლინდა ის, რაც ანგარიშში წერია,“ – გვითხრა გიორგი ბურჯანაძემ.

„აუცილებელია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრომ გააცნობიეროს, თუ რა გამოწვევას წარმოადგენს დაწესებულებაში არსებული კრიმინალური სუბკულტურა და შეიმუშავოს ამ პრობლემის დაძლევის სტრატეგია,“ – ამ რეკომენდაციით სრულდება კვლევა არასრულწლოვან პატიმრებზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: