მთავარი,სიახლეები

სოფელ ვაიოს მცხოვრები: სარწყავს ვინ დაეძებს, პირის დასაბანი წყალი არ გვაქვს

10.07.2018 • 2673
სოფელ ვაიოს მცხოვრები: სარწყავს ვინ დაეძებს, პირის დასაბანი წყალი არ გვაქვს

„ახლა, ამ წუთას, სოფელში საცოდაობაა უწყლობის გამო. ძირითადად სარწყავი წყლის პრობლემაა, მაგრამ ისეთი ოჯახებიც არის, ვისაც პირის დასაბანი წყალიც კი არ აქვს. წერილობით მივმართეთ მერიას. იყვნენ ამოსული სოფელში, ჭაბურღილზე ილაპარაკეს, მაგრამ ლაპარაკი ლაპარაკად დარჩა“, – გვიყვება ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს მცხოვრები იოსებ მახაჭაძე.

სოფელ ვაიოს მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, მას შემდეგ, რაც მდინარეში წყალი შრება, სოფელს ალტენატიული წყალი არ აქვს – ნარგავები კი უწყლობის გამო ხმება და მოსახლეობა მოსავლის გარეშე რჩება.

ვაიოში ასამდე ოჯახი ცხოვრობს, ისინი მთავრობის დახმარებას დიდი ხანია უშედეგოდ ელიან. იოსებ მახაჭაძის თქმით, მათ ახლა  არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარების იმედი აქვთ:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს საბჭოს წევრი გავხდი. ასეთი პიროვნება, მალხაზ ჭკადუა გეცოდინებათ, ამოსული იყო ჩვენთან. სიუჟეტი გავაკეთეთ, მაგრამ მე ჯერ არ მინახავს. თქვენც დაგვეხმარეთ, გააკეთეთ ყველაფერი, რასაც შეძლებთ და მე რკინის ქალამნებს ჩავიცმევ, ისე მინდა ეს საქმე გამოვიდეს, ერთი ჭაბურღილი მაინც დაიდგას სოფელში.“

ქედის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან გორგილაძე, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, მათ შორის ვაიოში სარწყავი წყლის პრობლემასთან დაკავშირებით ინფორმირებულია, თუმცა მათ 2019 წლამდე ამ მიმართულებით საიმედოს ვერაფერს ჰპირდება.

„ … არ არის წყლები, რომელთა მობილიზებაც შეიძლება, ძალიან შორი მანძილიდანაა მოსაყვანი. ჩვენს რაიონში ორი ასეთი პროექტი უკვე არის განხორციელებული და სამომავლოდ იგეგმება წყლის სისტემის შექმნა, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი „აჭარის წყლის ალიანსი“ უწევს ამას კოორდინაციას და მთელი სისტემა უნდა ამუშავდეს, მაგრამ ამ ეტაპზე არის მხოლოდ ინდივიდუალურად მოყვანილი წყალი. მათ უნდათ სარწყავად გამოიყენონ ჭაბურღილის წყალი“.

გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის [ KFW ] მიერ დაფინანსებული პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტბში სარწყავი წყლის მოწესრიგება 2019 წლიდან დაიწყება, მანამდე მოსახლეობას წვიმის იმედად მოუწევს დარჩენა.

ქედის მერის ინფორმაციით, ვაიოში ჭაბურღილის წყლის მიწოდება რამდენიმე წლის წინ სცადეს, თუმცა არ გაამართლა: „როცა ამოიღეს წყალი, მისი შემცველობა ისეთი იყო, რომ ირგვლივ ნათესები მოსპო“.

სოფელში კი ამბობენ, რომ მერიამ მაშინ ჭაბურღილი არასწორ ადგილზე, ოქროს საბადოს ტერიტორიაზე მოაწყო:  „ ამბობენ, რომ ჩინელებს ჰქონიათ შესყიდული, რამდენად მართალია, არ ვიცი“

ვაიოში იციან, რომ მათგან ყველაზე ახლო პუნქტი, საიდანაც წყლის მილებით გამოყვანაა შესაძლებელი, სოფელი მერისია: „ეს მაინც შორია და ძვირი ჯდება, ამიტომ ჩვენ შერჩეულ ადგილზე ორ ჭაბურღილს ვითხოვთ, რაც დაახლოებით 120 000 ლარის ხარჯია.“

ლევან გორგილაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქედაში, ძირითადი, სოფლები ინდივიდუალურ წყაროებზეა დამოკიდებული, რადგან ერთიანი სარწყავი სისტემა არ არსებობს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: