კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

„მეტრო ჯორჯია პეტროლმა“ გონიოს ციხესთან სამშენებლო ნარჩენები დაყარა – დაწყებულია გამოძიება

09.07.2018 • 3854
„მეტრო ჯორჯია პეტროლმა“ გონიოს ციხესთან სამშენებლო ნარჩენები დაყარა – დაწყებულია გამოძიება

გონიოს ციხის მიმდებარედ, არქეოლოგიური დაცვის ზონაში, სამშენებლო ნარჩენები შეიტანეს. კანონდარღვევა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დააფიქსირა, რის შემდეგაც პოლიციის გონიოს განყოფილებას მიმართეს და ფოტომასალაც მიაწოდეს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის მეორმოცე მუხლით, არქეოლოგიური დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც გამოიწვევს ზონაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას, განადგურებას, მისი აღქმის გაუარესებას ან ხელს შეუშლის მასზე სრულფასოვანი მეცნიერული კვლევის ჩატარებას.

ამ მუხლის ერთ-ერთი პუნქტი უშუალოდ ნარჩენების დაყრას ეხება და კრძალავს „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების, აგრეთვე არქეოლოგიური გათხრების დროს დაგროვილი ფუჭი ქანების დაყრას“ არქეოლოგიურ ზონაში.

არქეოლოგიური დაცვის ზონის რეჟიმის დარღვევა იწვევს ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კოდექსის 254-ე მუხლის მესამე პუნქტით:

კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის ფიზიკური დაცვის არეალში დამცავი ზონის რეჟიმის დარღვევა, რამაც მნიშვნელოვნად გააუარესა ძეგლის აღქმა ან გამოყენება, შეამცირა მისი ისტორიულ-კულტურული ღირებულება ანდა დაზიანების ან განადგურების საფრთხე შეუქმნა მას, ასევე არქეოლოგიური დაცვის ზონის რეჟიმის დარღვევა, რამაც დაზიანების ან განადგურების საფრთხე შეუქმნა არქეოლოგიურ ობიექტს, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

სააგენტოს ინფორმაციით, გონიოს მიმდებარედ კანონდარღვევის ფაქტზე გამოძიება სწორედ სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო.

„სახეზე გვაქვს არქეოლოგიური ზონის რეჟიმის დარღვევა, რამაც დაზიანებისა და განადგურების საფრთხე შეუქმნა არქეოლოგიურ ობიექტს. როდესაც მივმართე სამართალდამცავ ორგანოს, დავაფიქსირე ასევე სააგენტოს მოთხოვნა, რომ გაიტანონ იქ დაყრილი ნარჩენები, რადგან ეს შეუძლებელს ხდის იქ სრულყოფილი მეცნიერული კვლევის წარმოების შესაძლებლობას. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვის ეკუთვნის ტერიტორია. მნიშვნელოვანია ის, რომ აღვკვეთოთ იქ უკანონო საქმიანობა, რაც ეწინააღმდეგება ზონის დაცვის პრინციპს,“ – განმარტა სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მირზა ცეცხლაძემ.

ტერიტორია, რომელზეც სამშენებლო ნარჩენები შეიტანეს, რეესტრის მონაცემებით „მეტრო ჯორჯია პეტროლს“ ეკუთვნის. კომპანიას ბათუმში რამდენიმე ბენზიგასამართი სადგური აქვს და კომპანია „მეტროს“ ერთ-ერთი შვილობილია, რომელიც ბათუმის ახალ ბულვარში სასტუმრო აპარტამენტების ქსელს აშენებს.

„ბათუმელები“ „მეტროს“ ერთ-ერთ დირექტორს დაუკავშირდა, რომელმაც „მეტრო ჯორჯია პეტროლის“ ერთ-ერთი დირექტორის ტელეფონის ნომერი მოგვაწოდა, თუმცა მასთან დაკავშირება მაინც ვერ შევძელით.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, „მეტრო ჯორჯია პეტროლი“ გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე 3864 კვადრატულ მეტრ ფართობს ფლობს.

 

ფოტო მოგვაწოდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ

სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის არქეოლოგიური დაცვის ზონაში სამშენებლო ნარჩენის შეტანა შეჩერებულია. სააგენტოს სამუზეუმო განყოფილების უფროსი, ისტორიკოსი ლაშა ასლანიშვილი ითხოვს, რომ ეს პროცესი მკაცრად გაკონტროლდეს, რადგან  გონიო-აფსაროსის არქეოლოგიური დაცვის ზონაში მიმდინარე პროცესები მომავალ თაობებს ართმევს ციხე-ნაქალაქარის სრულფასოვანი შესწავლის შესაძლებლობას. მსგავსი ფაქტები არა მარტო ციხე-ნაქალაქარის, არამედ მსოფლიო ისტორიის მეტად საინტერესო მონაკვეთს ანადგურებს:

„გონიო-აფსაროსის ციხე-ნაქალაქარი თავისი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით და ისტორიული მნიშვნელობით წარმოადგენს არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს ძეგლს. არქეოლოგიური გათხრებით, გერმანელ და პოლონელ სპეციალისტთა მიერ თანამედროვე ტექნიკური, მათ შორის კოსმოსური საშუალებების გამოყენებით მიღებული შედეგებით დასტურდება, რომ უძველესი ნაქალაქარი გაშენებული იყო  ციხის ჩრდილოეთით… არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ გავლებული სასინჯი თხრილების შედეგად, არქეოლოგიურ დაცვის ზონაში ფიქსირდება სხვადასხვა ეპოქის შენობა- ნაგებობათა ნანგრევები და მძლავრი კულტურული ფენები.

გონიო-აფსაროსი ერთადერთი ძეგლია მთელ ამიერკავკასიაში, სადაც წერილობით წყაროებში დაცული ინფორმაციით ციხის გარეთ I-III საუკუნეში ფუნქციონირებდა ჰიპოდრომი და თეატრი. გარდა ამისა, განსაკუთრებით საინტერესოა 300 წლის მანძილზე მოქმედი ქალაქის თანადროული მოსახლეობის ანტიკური ხანის სამაროვანი, სადაც საკმაოდ მდიდრული სამარხების აღმოჩენაა მოსალოდნელი. “

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: