ივანიშვილის გიგანტური ხის გადატანის გამო ხეების ჩეხვა მოქალაქეებს შეჩერებული აქვთ

მესამე დღეა ქობულეთში, სოფელ ალამბარში ხეების ჭრა მოქალაქეებს გაჩერებული აქვთ. მათი თქმით, გიგანტური ხე ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის უნდა გადაიტანონ, რის გამოც სოფლის გზას სპეციალურად აფართოვებენ და მიმდებარე ხეებს ჭრიან. აჭარის გზების დეპარტამენტში ხეების მოჭრის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და აცხადებენ, რომ მოქალაქეები გზის რეაბილიტაციის პროცესს ვერ შეაჩერებენ.

„4 ძირი ხის მოჭრა მაინც მოასწრეს, მათ შორის, კაკლის. შაბათს მოსული იყო სოფლის გამგებელი და გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი. მეუბნებიან, რომ ეს ხეები მე არ მეკუთვნის, ჩემი და აქ მცხოვრები ხალხის დარგულია ეს ხეები და კომპენსაციას ვითხოვთ, ისე ტრაქტორებს მუშაობის საშუალებას არ მივცემთ. ასე ვუთხარი იმ ხალხსაც, ვინც მოსალაპარაკებლად მოვიდა. მერე აღარ გამოჩენილან,“ – ამბობს ალამბარში მცხოვრები სულიკო ნიჟარაძე.

„ხეების მოჭრის შესახებ არ მაქვს ინფორმაცია,“ – აცხადებს არჩილ ჩიქოვანი, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. ამ უწყების დაკვეთით ალმბარი-ზენითი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას, მათ შორის, გზის გაფართოვების სამუშაოებს კომპანია „სამკუთხედი“ აწარმოებს.

გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ხეების ჭრას შესაბამისი ნებართვა სჭირდება ქობულეთის მერიიდან, რაც ამ დროისთვის კომპანიას არ აქვს. არჩილ ჩიქოვანის თქმით, კომპანია ამ დრომდე მხოლოდ გზის რეაბილიტაციით იყო დაკავებული და ხეების მოჭრა ჯერ არ დაუწყია.

„თუ უნებართვოდ არის რამე მოჭრილი, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები… ეს მოქალაქეები აცხადებენ, რომ ხე მათ ეკუთვნით, მაგრამ სამართლებრივად ვერ დასტურდება. კომპანიას მითითება მიეცა, რომ სხვა სამუშაოები განახორციელოს ამ ეტაპზე. თუკი მოქალაქეები კომპანიას საქმიანობის განხორციელებაში ხელს შეუშლიან, ჩვენ ჩავერთვებით და მედიატორის როლს შევასრულებთ,“ – გვითხრა არჩილ ჩიქოვანმა.

გაცემული აქვს თუ არა ხეების ჭრაზე ნებართვა ქობულეთის მერიას – „ჩვენთან შეთანხმებულია გზის რეაბილიტაციის პროექტი. თანხმობაა გაცემული. ცალკე ხეების ჭრას ნებართვა არ სჭირდება. თანხმობა წინა კვირას გავეცით,“ – გვითხრა ზურაბ ამაღლობელმა, ქობულეთის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა.

მოჭრილი ხეები სოფელ ალამბარში / გურამ მურვანიძის ფოტოები

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი