„ოცნებამ“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დაასახელა

აჭარის უმაღლეს საბჭოში მმართველმა პარტიამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის საკუთარი კანდიდატი დაასახელა. ამ თანამდებობაზე ქვეყნის პრეზიდენტს „ქართული ოცნება“ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურას სთავაზობს.

„მინდა დავაფიქსირო სრული მზაობა იმ კონკრეტული პასუხისმგებლობისთვის, რასაც ითვალისწინებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობა. როგორც თქვენთვის არის ცნობილი, ჩვენი კონსტიტუცია ითვალისწინებს გარკვეულ პროცედურებს, ეს გახლავთ პრეზიდენტის მიერ ჩემი კანდიდატურის წარდგენა. ამ წარდგენის შემთხვევაში მე მზად ვარ წარმოვადგინო მთავრობა, მთავრობის განახლებული შემადგენლობა და ასევე ის სამთავრობო პროგრამა, რომლითაც ჩვენ ვიმოქმედებთ აჭარის რეგიონში“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ჟურნალისტებთან ბრიფინგის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ილია ნაკაშიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა, აღნიშნა, რომ პოლიტსაბჭომ რამდენიმე კანდიდატურა განიხილა:

„ხუთზე მეტი კანდიდატი იყო წარმოდგენილი და შევჯერდით თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურაზე. მიუხედავად მისი ასაკისა, მას ძალიან სერიოზული გამოცდილება აქვს მიღებული, კარგად იცნობს ჩვენს კოლეგებს თბილისში და კარგად ერკვევა რეგიონულ პრობლემებში“, – აღნიშნა ილია ნაკაშიძემ.

კითხვაზე, ვინ იყვნენ დანარჩენი კანდიდატები, ილია ნაკაშიძემ განაცხადა, რომ საუბარი იყო მამუკა ვასაძეზე, რესან ქიქავასა და კიდევ რამდენიმე კანდიდატზე საქართველოს პარლამენტიდან.

ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავს აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა სუბიექტთან – პარტიებთან, რომლებიც უმაღლეს საბჭოში არიან. ამ კონსულტაციების შედეგად წყვეტს პრეზიდენტი ვისი კანდიდატურა წარუდგინოს უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად.

კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლებელია პრეზიდენტმა არც ერთი პოლიტიკური ძალის კანდიდატი არ წარადგინოს აჭარის უმაღლეს საბჭოში დასამტკიცებლად. თავის მხრივ, აჭარის უმაღლეს საბჭოსაც შეუძლია პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურას მხარი არ დაუჭიროს. ასევე, კონსტიტუცია პრეზიდენტს აძლევს უფლებას დაითხოვოს უმაღლესი საბჭო, თუ ეს ორგანო ზედიზედ ორჯერ არ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილი ამ საკითხზე აქტიურ კონსულტაციებს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან მომდევნო კვირაში, ნატოს სამიტის შემდეგ გამართავს. მისივე თქმით, პრეზიდენტი ბათუმში აპირებს ჩამოსვლას.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თანამდებობიდან 4 ივლისს გადადგა. ზურაბ პატარაძე ყოფილი პრემიერის – გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრი იყო. პატარაძე თანამდებობიდან მას შემდეგ წავიდა, რაც პრემიერ-მინისტრის პოსტი კვირიკაშვილმა დატოვა და პრემიერი მამუკა ბახტაძე გახდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.