მთავარი,სიახლეები

43 ათასი სრულად განკურნებული პაციენტი – C ჰეპატიტის პროგრამის სამი წლის შედეგები

05.07.2018 • 3732
43 ათასი სრულად განკურნებული პაციენტი – C ჰეპატიტის პროგრამის სამი წლის შედეგები

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მისი დაწყებიდან დღემდე 43 011 ადამიანი C ჰეპატიტისგან სრულად განიკურნა. ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ ჯანდაცვის სამინისტრომ მიაწოდა.

„2002 წლის მონაცემი გვქონდა ასეთი, მოსახლეობის დაახლოებით 6,9 % იყო დაავადებული C ჰეპატიტით. ადამიანები ყიდდნენ სახლებს იმისთვის, რომ დაეფინანსებინათ მკურნალობა.

2015 წელს, როდესაც დაიწყო C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა, ჩატარდა განახლებული კვლევა, რომელმაც ძირითადად დაადასტურა წინა მონაცემები – მოსახლეობის  5,5 %-ი იყო დაავადებული აქტიური C ჰეპატიტით,“ –  ამბობს ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და პროგრამების სამმართველოს უფროსი ეკა ადამია.

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა საქართველოს დაახლოებით 150 ათას მოქალაქეზეა გათვლილი. დღეის მონაცემებით, ჯამში პროგრამაში 49 ათასზე მეტი პაციენტია დარეგისტრირებული. მათგან მკურნალობა დასრულებული აქვს 43 800-ზე მეტ პაციენტს. მათ შორის სრულად განკურნების მაჩვენებელი  98,2 % -ია.

„როდესაც ჩვენ პროგრამა დავიწყეთ თავიდან მომართვიანობა იყო ძალიან მაღალი. პირველ ეტაპზე მძიმე ფორმით ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტები ერთვებოდნენ პროგრამაში. 5000 პაციენტზე ცოტა მეტი იყო ასეთი და მათ შორისაც განკურნების მაჩვენებელი მაღალი იყო. იყო ისეთი ქეისები, რომლებიც ვერ მიაღწევდა სრულ განკურნებას, მაგრამ შანსი ამათაც მიეცათ. 2016 წლიდან ჩართვის კრიტერიუმი საერთოდ მოიხსნა და კიდევ უფრო გაიზარდა მიმართვიანობა, რადგან ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო, თუკი ვინმეს სადმე დაუფიქსირდებოდა.

შემდეგ უკვე მომართვიანობამ იკლო: ახლა ჩვენ გვაქვს საქმე იმ 100 ათას ადამიანთან, რომლებმაც შესაძლოა არ იციან, რომ ავად არიან, რადგან C ჰეპატიტი არის ჩუმი მკვლელი, რეალურად არ ვლინდება და როცა ვლინდება უკვე არის შორს წასული ფორმა და მძიმე დაზიანება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა ჩაიტარონ სკრინინგული კვლევა. ამ კვლევის დადებითი პასუხის შემთხვევაში ჩაიტარონ კონფირმაციული კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ ნამდვილად აქვს თუ არა ადამიანს C ჰეპატიტი. ეს ორივე კვლევა ყველასთვის არის უფასო და ხელმისაწვდომი,“ – ამბობს ეკა ადამია.

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა 2020 წლისთვის სრულდება, თუმცა გამოვლენილი პაციენტების მკურნალობის შესაძლებლობა პროექტის დასრულების შემდეგაც იქნება შესაძლებელი.

„ჩვენ 90% უნდა გამოვავლინოთ დაავადებულების, 95% უნდა ჩავრთოთ მკურნალობაში და მათ შორის 95 % უნდა განვკურნოთ. ეს სამიზნეები არის 2020 წლისთვის განსაზღვრული,“ – ამბობს ეკა ადამია.

ამავე თემაზე:

C ჰეპატიტის პროგრამით მკურნალობა კიბოს არ იწვევს – ექსპერტები გავრცელებულ ცნობას უარყოფენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: