მთავარი,სიახლეები

რას აპირებს უმაღლესი საბჭო თუ პრეზიდენტი მათთვის მიუღებელ კანდიდატურას დაასახელებს – განმარტებები

05.07.2018 • 2805
რას აპირებს უმაღლესი საბჭო თუ პრეზიდენტი მათთვის მიუღებელ კანდიდატურას დაასახელებს – განმარტებები

ვინ უნდა გახდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – ამ საკითხზე ყველა მსჯელობს პრეზიდენტის გარდა, რომელმაც კანდიდატზე გადაწყვეტილებაზე უნდა მიიღოს. მან ორი კვირის ვადაში თავმჯდომარეობის კანდიდატი უმაღლეს საბჭოს უნდა წარუდგინოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციას კანონით გათვალისწინებული კონსულტაციები უმაღლეს საბჭოსთან ჯერ არ დაუწყია.

კონსულტაციებს მართავენ საქართველოს პარლამენტის წევრები, „ქართული ოცნების“ წევრები. თითოეული მათგანი საჯარო გამოსვლებში ხაზს უსვამს იმას, რომ ისინი გადაწყვეტილებას „გუნდურად მიიღებენ.“

კანონის მიხედვით, პრეზიდენტი უმაღლესი საბჭოს წევრებთან კონსულტაციების შედეგად  მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს ასახელებს, რასაც კენჭს უყრის აჭარის უმაღლესი საბჭო. საქართველოს მთავრობა ამ პროცესში ჩართული არ არის.

რატომ მსჯელობენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურაზე იმ ინსტიტუციებში, ვისაც ეს საკითხი არ ეხება? ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს რეალურად უმაღლესი საბჭოს ნაცვლად სხვა აირჩევს – უმაღლეს საბჭოს უმრავლესობის წევრებს ეს შეკითხვა აღიზიანებთ. აქ მიიჩნევენ, რომ „კონსულტაცია მოცულობითი სიტყვაა“.

„დეპუტატებს ერთმანეთთან გვაქვს კონსულტაციები,“ – ეს ფრაზა გვითხრა ფრაქცია „ქართული ოცნება – აჭარას“ ხელმძღვანელმა, დავით ბაციკაძემ. იგივე გვითხრა მმართველი პოლიტიკური ძალის მეორე ფრაქციის „ქართული ოცნება – მაჟორიტარების“ ხელმძღვანელმა, ილია ვერძაძემ.

„კონსულტაცია მოცულობითი სიტყვაა. მე შემიძლია პარტიულ მეგობარსაც ვკითხო აზრი… ჩვენ ველოდებით პრეზიდენტის მოწვევას, მანამდე ვიმსჯელებთ კანდიდატებზე,“ – ამბობს ილია ვერძაძე.

„რომელიმე ამბობს, რომ უმაღლესი საბჭოს გარეშე შევარჩევთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესო? ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ყველა ინსტიტუციასთან, პარტიის ხელმძღანელობაც იქნება ამაში ჩარეული. ინსტიტუციურად კი ვართ დამოუკიდებელი, მაგრამ კანონით ერთიანი ვართ,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ საუბრის დროს დავით ბაციკაძემ.

მთავრობის თავმჯდომარის პოსტი ზურაბ პატარაძემ გუშინ, 4 ივლისს დატოვა. 3 ივლისს არაფორმალურ გარემოში ზურაბ პატარაძე ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში პარლამენტის თავმჯდომარეს – ირაკლი კობახიძეს შეხვდა. გადადგომის დროს ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ მისი გადადგომის შესახებ „გადაწყვეტილება მიღებულია გუნდურად“ 

ჰქონდა თუ არა კონსულტაციები ზურაბ პატარაძეს გადადგომამდე უმაღლესი საბჭოს წევრებთან, ვის მიმართაც იგი ანგარიშვალდებული იყო კანონით? – დავით ბაციკაძის და ილია ვერძაძის თქმით, ასეთი კონსულტაცია ზურაბ პატარაძეს რამდენიმე დეპუტატთან თავის სამუშაო კაბინეტში ჰქონდა.

აპირებს თუ არა პრეზიდენტი შეცვალოს აქამდე დამკვიდრებული პრაქტიკა და მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის მისაღები კანდიდატი არ დაასახელოს? – ანა ნაცვლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანი ამბობს, რომ „ამ ყველაფერზე საუბარი ნაადრევია. პრეზიდენტი გაივლის კონსულტაციებს აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. ვნახოთ, რა იქნება პარტიების პოზიციები, ამის შემდეგ გვეცოდინება პრეზიდენტის გადაწყვეტილება,“ – ამბობს ის.

შეუძლია თუ არა პრეზიდენტს კონსულტაციების დროს უმრავლესობის მიერ დასახელებულ კანდიდატზე უარი თქვას? – ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, რომ კანონი არ ავალდებულებს პრეზიდენტს, აუცილებლად პარტიების მიერ დასახელებული კანდიდატებიდან შეარჩიოს კანდიდატი.

შეიძლება თუ არა ამ ნაბიჯზე წავიდეს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი? – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა შეკითხვას ასე უპასუხა: „კონსულტაციებამდე პრეზიდენტს პოზიცია არ აქვს. ისევე, როგორც 2016 წელს, ახლაც პრეზიდენტი ჩამოვა აჭარაში და შეხვდება პოლიტიკურ ჯგუფებს“, – გვითხრა მან.

კონსტიტუციის მიხედვით, თუკი პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს უმაღლესი საბჭო ზედიზედ ორჯერ მხარს არ დაუჭერს, პრეზიდენტს პარლამენტის წინაშე უმაღლესი საბჭოს დათხოვნის მოთხოვნის დაყენება შეუძლია.

რას ფიქრობენ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, თუკი პრეზიდენტი უმრავლესობის სურვილს არ გაიზიარებს და იგი განსხვავებულ კანდიდატს დაასახელებს? – უმრავლესობის წევრები ამ ვერსიას გამორიცხავენ.

„მიუღებელ კანდიდატს რატომ დაასახელებს. კანდიდატი დასახელდება ჩვენთან კონსულტაციის შედეგად… არც ვუშვებ მაგას, რომ ასე შეიძლება მოხდეს. თუ მოხდება, მერე ვისაუბროთ მაგ საკითხზე,“ – გვითხრა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, მერაბ კარანაძემ.

ცოტნე ანანიძე, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე: პრეზიდენტის მხრიდან ჯერ არ ყოფილა ამაზე საუბარი. უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციების შემდეგ გამოიკვეთება პერსონა, რომელიც მისაღები უნდა იყოს, ეს არის პოლიტიკური ლოგიკა. თუ პრეზიდენტი რამე განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაზე წინასწარ საუბარი არასერიოზულია. ჯერ უნდა დაველოდოთ კანდიდატს. თუ იქნება განსხვავებული მოცემულობა, უნდა დავაკვირდეთ, ვინ იქნება კანდიდატი.“

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: