განათლება,მთავარი,სიახლეები

ათი კილომეტრი სკოლამდე ფეხით – ქიმიის მასწავლებელი ქობულეთიდან

04.07.2018 • 7443
ათი კილომეტრი სკოლამდე ფეხით – ქიმიის მასწავლებელი ქობულეთიდან

მაგული ჯინჭარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედა სამების საჯარო სკოლაში ქიმიას 27 წელია ასწავლის. ამ ხნის მანძილზე ის ყოველ მეორე დღეს სახლიდან სკოლამდე ათ კილომეტრს ფეხით გადის. „ეს უნდა შეძლო, ყველაფერი უნდა გააკეთო, – ასე ვარწმუნებ ხოლმე საკუთარ თავს,“ – გვეუბნება 55 წლის პედაგოგი.

„პაპანაქება სიცხეში, თავსხმა წვიმაში, ზამთარ-ზაფხულ, წელამდე თოვლში თუ ქარაშოტში ყველგან მივლია და ამინდის გამო გაკვეთილი არ გამიცდენია. ალბათ ეს არის პროფესიის, სკოლისა და მოსწავლის სიყვარული. გარდა ამისა, პასუხისმგებლობა ბავშვების მიმართ,“- გვეუბნება მაგული ჯინჭარაძე.

პედაგოგი, რომელსაც სკოლაში მისვლამდე სამი სოფლის გავლა უწევს, ამბობს, რომ პრობლემებს თავის ჭიშკართან ტოვებს: „რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, კლასში გაღიმებული უნდა შევიდე“.

მაგული ჯინჭარაძის დღე დილის შვიდ საათზე იწყება და ღამის სამზე სრულდება.

„მე სოფელ კონდიდში ვცხოვრობ, სოფლის ტრანსპორტით ვერ ვსარგებლობ, რადგან ისეთ ადგილზე ვართ, სადაც ტრანსპორტი არ ამოდის,  სოფლის ცენტრში რომ გავიდე, ნახევარი საათი უნდა დავკარგო, ამიტომ  ფეხით მივდივარ. ჯერ ქობულეთის ცენტრში ჩავდივარ, შემდეგ კი, იქედან ზედა სამებაში მივდივარ. ვერც იქედან მივყვები სოფლის ტრანსპორტს, რადგან მარშრუტკა ზედა სამებაში სამ საათზე ადის, ამ დროს კი მეოთხე გაკვეთილია.

რადგან ყოველ მეორე დღეს ვმუშაობ, გადატვირთული გრაფიკი მაქვს და ექვსი გაკვეთილის ჩატარება მიწევს. სკოლიდან ოთხ საათზე გამოვდივარ და ისევ ფეხით ვბრუნდები. სახლში დაახლოებით შვიდი საათისთვის მივდივარ,“ – გვიყვება მასწავლებელი.

ამის შემდეგ მას ისევ საოჯახო საქმეების კეთება – დალაგება, საჭმლის მომზადება და სხვა საოჯახო საქმეები უწევს.  „11-12 საათის შემდეგ ვჯდები კომპიუტერთან, ღამის 2-3 საათამდე ვმუშაობ და შემდეგ ვიძინებ. თუმცა დიდი ხნით ვერა, რადგან შვიდ საათზე ისევ უნდა ავდგე“.

მასწავლებელი გზაში გატარებულ რამდენიმე საათს დაკარგულ დროდ მიიჩნევს, რადგან ამბობს, რომ დროის ამ მონაკვეთში ბევრი სხვა რამის გაკეთება შეეძლო.

„უფროსი მასწავლებელი ვარ და საკმაოდ ბევრი აქტივობის შესრულება მიწევს. ვმუშაობ ჩემი პროფესიული განვითარებისთვის და ვცდილობ, სტატუსიც შევინარჩუნო. ვარ „სტემის“ ფასილიტატორიც. ახლა ტრენინგებს გავდივარ ლიდერობის აკადემიაში. სქემამდე უფრო დუნედ მიდიოდა ყველაფერი, ახლა კი უფრო აქტიურად ვართ ჩართული. ყველაფერი მიგვაქვს საკლასო ოთახამდე, მოსწავლემდე.

სკოლაში ერთი ქიმიის მასწავლებელი ვარ, მაგრამ სრული დატვირთვა მაინც არ გამომდის. ახლახან დამიმატა დირექტორმა ბიოლოგიის ორი საათი.  სტატუსზე დანამატიანად 450 ლარს ვიღებ ხელფასს. ვფიქრობ, რომ დანამატი არ უნდა იყოს საათების რაოდენობაზე დამოკიდებული და ის სრულად უნდა ეძლეოდეს პედაგოგს.

მე მიყვარს ჩემი პროფესია და რთული პირობების მიუხედავად მაინც ვმუშაობ, მაგრამ ეს ანაზღაურება ძალიან დაბალია, თუმცა ჩემი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი,“ – ამბობს მაგული ჯინჭარაძე.

მაგული ჯინჭარაძის სოფელში ცხრაწლიანი სკოლაა, თუმცა, მისი თქმით, ამ სკოლაში ქიმიის მასწავლებელი უკვე ჰყავთ, ქიმიაში კი საათების რაოდენობა მცირეა:

„გარდა ამისა, უნივერსიტეტი რომ დავასრულე, ზედა სამების სკოლაში დავიწყე მუშაობა, მიჩვეული ვარ გარემოს, კოლეგებს, მოსწავლეებს და ამიტომ მიყვარს.

ზოგჯერ მეხუმრებიან, ჯანმრთელობისთვის კარგია, სპორტია, ფეხით რომ დადიხარო. სპორტი მაშინაა, კილომეტრს რომ გადიხარ, თორემ ათი კილომეტრის გავლა დღეში სპორტი აღარ არის. ძალიან ვიღლები“.

პედაგოგი ამბობს, რომ ამ რეჟიმში ცხოვრება და მუშაობა ძალიან რთულია, თუმცა მაინც საინტერესო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: