მთავარი,სიახლეები

ტაილანდში დაკარგული 12 ბავშვი და მათი მწვრთნელი დატბორილ მღვიმეში იპოვეს

03.07.2018 • 4029
ტაილანდში დაკარგული 12 ბავშვი და მათი მწვრთნელი დატბორილ მღვიმეში იპოვეს

ტაილანდში დაკარგული თორმეტი ბავშვი და მათი საფეხბურთო მწვრთნელი, რომლებსაც მთელი ქვეყანა ეძებდა ათი დღის განმავლობაში, მიწისქვეშა დატბორილ მღვიმეში იპოვეს. ინფორმაცია დღეს დილით BBC-მ გაავრცელა.

დაკარგული ბავშვები ბრიტანელი მაშველი-დაივერების გუნდმა იპოვა ნამ ლანგის გამოქვაბულში.

სოციალურ მედიაში ამ სასიხარულო ფაქტის აღსანიშნად და გასავრცელებლად დღეს 1000-ზე მეტმა ადამიანმა გამოიყენა ჰეშთეგი #13Survived ზუსტად ამდენი ადამიანი იყო ჩართული დაკარგული ბავშვების ძიების პროცესში, რაშიც ასევე წყალქვეშა ნავები და სამხედრო ძალებიც მონაწილეობდნენ ჩიანგ რაის რაიონში.

ტვიტერში მაშველებისადმი მადლიერების გამომხატველი უამრავი ტექსტი ქვეყნდება, ასევე ნახატები, რაზეც ბავშვების პოვნის პროცესია ასახული. ტაილანდში დღევანდელი დღე  ლამის სახალხო დღესასწაულად იქცა.

მღვიმეში, სადაც ბავშვები მწვრთნელთან ერთად იმყოფებიან, წყალი დგას. ტაილანდში ახლა ხშირი წვიმის სეზონია, რაც სექტემბერ-ოქტომბრამდე გრძელდება.

მართალია, ბავშვები იპოვეს, თუმცა  ისინი მაშველებს გამოქვაბულიდან ჯერ არ ამოუყვანიათ. სპეციალისტები ამბობენ, რომ საამისოდ ბავშვებმა დაივინგის ელემენტალური წესები უნდა ისწავლონ და ასე დააღწიონ თავი გამოქვაბულს. იმ შემთხვევაში, თუ იქ ჩარჩენილები წყლის დონის დაწევას დაელოდებიან, მაშინ მათ დიდხანს მოუწევთ მღვიმეში დარჩენა და საჭირო გახდება მათი მუდმივი მეთვალყურეობა, პერიოდულად საკვებისა და ყოველდღიური მოხმარებისთვის საჭირო ნივთების ჩატანა.

გამოცდილი დაივერები თავად ვერ ჩადიან დასახმარებლად, რადგან წყალი ტალახიანია და ხედვის არეალის არქონის გამო ოპერაცია შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს, არასახარბიელოდ დასრულდეს. მაშველები ამჯერად ბავშვებისთვის საკვებისა და სხვადასხვა საჭიროების ნივთის მიწოდებაზე ზრუნავენ. ახლა უფრო იმაზე მსჯელობენ, თუ როგორ ამოიყვანონ გადარჩენილები  გამოქვაბულიდან უსაფრთხოდ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: