მთავარი,სიახლეები

ნარკოტიკის შემოტანაში ბრალდებული ბათუმის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

02.07.2018 • 3094
ნარკოტიკის შემოტანაში ბრალდებული ბათუმის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

„მთავარი მტკიცებულება ვიდეოჩანაწერია, რომელმაც ამხილა პოლიციელების სიცრუე,“ – აცხადებს ადვოკატი დავით ჯაფარიძე. ის ბათუმის საქალაქო სასამართლოში ავთანდილ დეკანაძის ინტერესებს იცავდა. დეკანაძეს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა.

პროკურატურის ვერსიით, ავთანდილ დეკანაძეს, რომელიც დაკავებამდე ბათუმში ტაქსის მძღოლად მუშაობდა, სარფის საბაჟოზე, 2016 წლის 7 მაისს, უკანონოდ შეძენილი სხვადასხვა სახის ნარკოტიკი შემოჰქონდა. საქმეში რამდენიმე პოლიციელის ჩვენებაა. სამართლდამცველებმა მოსამართლესაც უთხრეს, რომ სარფის საბაჟოზე ჩხრეკის დროს დეკანაძეს ნარკოტიკი აღმოუჩინეს.

ჩხრეკის ოქმში დაფიქსირებული მონაცემიდან განსხვავებული რამ გაირკვა ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერით. კადრებში ავთანდილ დეკანაძე ჩანს, რომელსაც პოლიციელები მანქანაში სვამენ. მნიშვნელოვანი გარემოება დრო აღმოჩნდა, რადგან ამ დროს, პოლიციელების თქმით, დეკანაძეს ჩხრეკა უნდა უტარდებოდეს.

ადვოკატი დავით ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრობს, რაც პოზიტიურად აისახა ამ საქმეზე. საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ადვოკატებსაც მიეცათ უფლება, გამოითხოვონ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

„ჩვენ გამოვითხოვეთ ჩანაწერი სარფის საბაჟოდან, მაგრამ მოგვწერეს, რომ ჩანაწერები აღარ არსებობს. შემდეგ ჩანაწერი იქვე მდებარე ტოტალიზატორმა „ლას ვეგასმა“ მოგვაწოდა.

მოსამართლე ლევან გელოვანს დღეს, განაჩენის გამოტანის შემდეგ არ განუმარტავს, თუ რა გახდა გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მიზეზი. სასამართლოს დასაბუთება ჯერ მხარეებისთვის უცნობია. ადვოკატი დავით ჯაფარიძე ფიქრობს, რომ სასამართლომ ავთანდილ დეკანაძის საქმეში ასევე მიაქცია ყურადღება პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს:

„ერთი პოლიციელი ამბობს, რომ დეკანაძე ნარკოტიკების მომხმარებელ ასადულაევასთან ერთად გაჩხრიკეს, მეორე ამბობს, ცალ-ცალკეო… კიდევ ერთი ტყუილი იყო ის, რომ მოწმე პოლიციელებმა სასამართლოში თქვეს, რომ დეკანაძეს ჯერ ჩხრეკა ჩაუტარეს და ნარკოტიკი როცა აღმოაჩინეს, შემდეგ დააკავეს. ოქმის თანახმად კი, დეკანაძე პირდაპირ დააკავეს სარფის საბაჟოზე და შემდეგ ჩაუტარეს ჩხრეკა.

ავთანდილ დეკანაძისთვის პოლიციელებს ნარკოტიკი არ ჩაუდიათ. ეს არის ახალი წესი, ლაშა გოგნიაშვილის წესს ეძახიან, როცა აღარ უდებენ არაფერს, მაგრამ ოქმში აფორმებენ, რომ თითქოს ადამიანს ნარკოტიკი ჰქონდა,“ – ამბობს დავით ჯაფარიძე.

ავთანდილ დეკანაძე ლაშა დეკანაძის ძმაა. ის 11-12 მარტის აქციის საქმეზე მასობრივ ძალადობაში მონაწილეობასა და პოლიციელებზე თავდასხმის მუხლებით გაასამართლეს და ერთადერთი იყო 19 დაკავებულს შორის, ვინც ბრალი არ აღიარა. ლაშა დეკანაძეს მოსამართლე ლევან გელოვანმა მიუსაჯა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა. „ლაშა დეკანაძის განაჩენი დაუსაბუთებელია,“ – ასე შეაფასა ეს გადაწყვეტილება „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა. ამჯერად ლაშა დეკანაძეს საქმეს უზენაესი სასამართლო განიხილავს.

კიდევ ერთი დეტალი – ავთანდილ დეკანაძის მამის ძმა ლევან დეკანაძეა. „ლევან დეკანაძე არის მეტსახელად „ბაჭია“, კანონიერი ქურდია… ხელისუფლებას არ ჰყოფნის უნარი, კანონიერ ქურდებს ებრძოლოს და ამ  გზით ცდილობს გავლენის მოხდენას,“ – დასძენს ადვოკატი.

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: