მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობამ საინფორმაციო-ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი შეარჩია

02.07.2018 • 2390
აჭარის მთავრობამ საინფორმაციო-ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი შეარჩია

აჭარის მთავრობის მიერ შექმნილ ახალ ა(ა)იპს, საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურს ოლეგ ბოლქვაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დაგვიდასტურეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, გამარჯვებული საკონკურსო კომისიამ გამოავლინა. ახლა შერჩეული კანდიდატის დანიშვნის შესახებ ბრძანებას  მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, უნდა მოაწეროს ხელი. სამსახურის უფროსის თანამდებობრივი სარგო 2600 ლარია.

ოლეგ ბოლქვაძე „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელობდა, მანამდე კი ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მუშაობდა.

ახალი სამსახურის უფროსს სამსახურში თანამშრომლები არ დახვდებიან. კონკურსში გამარჯვებულმა ჯერ არ იცის, რამდენია სამსახურის ბიუჯეტი და სახელფასო ფონდი, შესაძლებელი იქნება თუ არა ამ ფონდით სამსახურის ძლიერი სპეციალისტებით დაკომპლექტება, რადგან იმ ტიპის მომსახურება, რა მოთხოვნებიც სამსახურის დებულებაშია გაწერილი, ბაზარზე ძვირადღირებულია.

ახალმა სამსახურმა სამთავრობო უწყებებში ერთიანი საკომუნიკაციო სისტემის  შექმნა და  მისი განვითარება უნდა უზრუნველყოს:

„ჩვენ დაგვჭირდება ქსელის ადმინისტრატორი, იგივე აიტიმენეჯერი, ასევე სერვერის სპეციალისტი  – ეს არის აუცილებელი. დღეისთვის ჩვენს ორგანიზაციებს არ აქვს იმხელა ბიუჯეტი, რომ სამ-სამი ან ხუთი კაცი ჰყავდეს ამ მიმართულებით. ჯავას და ცისკოს სპეციალისტები ამ დროისთვის არ ჰყავს არავის. ამიტომაც წამოვიდა იდეა, რომ ამ სპეციალისტებს თავი მოვუყაროთ, შემდეგ უკვე ავიყვანთ ვებდიზაინერს და ერთ ან ორ პროგრამისტსაც.  ცისკოს ე.წ. დოლპერები, რომლებიც დაუყენა იუსაიდიმა სამინისტროებს, უმეტესობას გათიშული აქვს და ვერ ამუშავებს, იმიტომ , რომ არ ჰყავს სპეციალისტი,“ – ამბობს ოლეგ ბოლქვაძე.

დებულების მიხედვით, ახალ სამსახურში სამი განყოფილება იქნება: ვებდიზაინისა და პროგრამული უზრუნველყოფის, ტექნიკური მხარდაჭერის, ონლაინმარკეტინგისა და სოციალური მედიის. დებულებაში დაკონკრეტებული არ არის, ჯამში რამდენი ახალი საშტატო ერთეული დასჭირდება ახალ სამსახურს. ოლეგ ბოლქვაძე ვარაუდობს, რომ შეიძლება სამსახურმა სამ სპეციალისტთან ერთად დაიწყოს მუშაობა და შემდეგ მათი რიცხვი ხუთამდე გაიზარდოს.

ახალი სამსახურის საქმიანობა ბიუჯეტიდან დაფინანსდება, თუმცა მისი შემოსავლების წყარო შეიძლება ასევე იყოს ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები. ახალ სსიპ-ს საბიუჯეტო სახსრების მიღების გარდა დამოუკიდებელი შემოსავლების მიღების უფლებაც ექნება. მაგალითად, სამსახურს შეეძლება ინტერნეტგვერდის დამზადება, რომელიმე სამშენებლო კომპანიას შესთავაზოს, მასთან ხელშეკრულება გააფორმოს, გასამრჯელო აიღოს და შემდეგ ის პრემია-დანამატებში დახარჯოს, რაც საჯარო სტრუქტურის მხრიდან კონკურენტულ გარემოში „ჩარევად“ შეაფასეს იურისტებმა.  

ოლეგ ბოლქვაძის თქმით, ამ სამსახურის მიერ კომერციული მომსახურების გაწევა სამომავლო პერსპექტივაა: „მაშინ შეიძლება შესაბამისი დაფინანსება და სპეციალისტებიც მოვიძიოთ.  შეიძლება ამასზე ფიქრი დავიწყოთ ერთ წელში ან სამ წელში. დღეისთვის კი ჩვენ არ განვიხილავთ ისეთ სახელიან სპეციალისტებთან თანამშრომლობას, რომლებსაც მინისტრის ხელფასიც რომ შეთავაზო, ვერ დააკმაყოფილებ. პროგრამის დაწერაში იღებენ 40 000  ლარს. ჩვენ შეიძლება ავიყვანოთ ახალდამთავრებული პერსპექტიული ახალგაზრდები. მე ვფიქრობ, ისინი შეძლებენ საწყისი ამოცანების შესრულებას. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ საჯარო სტრუქტურებში დასაქმებული აიტი სპეციალისტები გადმოვლენ ჩვენთან.“

რაც შეეხება ანგარიშვალდებულებას – ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური წერილობით ანგარიშს წელიწადში ორჯერ – 10 მაისამდე და 10 დეკემბრამდე ჩააბარეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო მთავრობას – მოთხოვნისთანავე, მათ შორის ფინანსური სახსრების თაობაზე.

საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური, როგორც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აჭარის მთავრობამ 2017 წლის მაისში შექმნა.

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: