მთავარი,სიახლეები

პატიმარი თურქი ქალის მამა: ფემბე სოციალისტია, თურქეთში არეულობა რომ დაიწყო, აქეთ წამოვიდა

02.07.2018 • 2920
პატიმარი თურქი ქალის მამა: ფემბე სოციალისტია, თურქეთში არეულობა რომ დაიწყო, აქეთ წამოვიდა

“ის მზადაა დაასახელოს ამ საქმის მონაწილე რეალური პირები, ორგანიზატორი, მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან”, – აღნიშნა დღევანდელ პროცესზე ადვოკატმა ლევან მამულაძემ.

“თქვენ საპროცესო შეთანხმებას ითხოვთ?” – იკითხა მოსამართლემ. ადვოკატმა მას უპასუხა, რომ შეთანხმებაზე განცხადება ჯერ არ დაუწერია, თუმცა 20 დღის წინ მიმართა პროკურატურას ფემბე ოლგუნის ხელახლა დაკითხვის მოთხოვნით.

პროკურატურა, რომელსაც ამ დრომდე არ აქვს გამოკვეთილი, რა მოტივით შემოიტანეს ქვეყანაში დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, ბრალდებული ამ დრომდე არ დაუკითხავს.

“აქამდე მემუქრებოდნენ, ახლაც მემუქრებიან. მე ვითხოვ დაცვის გარანტიას და ყველაფერზე ვისაუბრებ,” – დაამატა ბრალდებულმა.

“რატომ არ დაკითხა პროკურატურამ ფემბე ოლგუნი, რომელიც კასრში აღმოჩენილი იარაღის საქმეზე ერთადერთი ბრალდებულია?” – პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ “ბათუმელების” ეს შეკითხვა სხდომის დასრულების შემდეგ უპასუხოდ დატოვა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა მოსამართლეს ასევე უთხრა, რომ მას გამოძიების ეტაპზე რეალურად დუმილის უფლებით არ უსარგებლია, როგორც ეს საქმის მასალებში წერია.

“მითხრეს, ან დაასახელე ვინ იყო კიდევ შენთან ერთად, არ ჩაიგდე ენაო,” – დასძინა ფემბე ოლგუნმა.

“სასამართლო აუცილებლად მოისმენს თქვენს ჩვენებას,” – უთხრა მოსამართლემ ბრალდებულს.

მოსამართლე ლევან გელოვანი ფემბე ოზლემ ოლგუნის საქმის განხილვას განაგრძობს. საუბარია ქობულეთში, გასული წლის 25 ნოემბერს, სამალავში აღმოჩენილი საბრძოლო მასალის საქმეზე – ბრალდებული ქალი, ფემბე ოზლემ ოლუნია. იგი თურქეთის მოქალაქეა და ბრალს არ აღიარებს. პროკურატურის ვერსიით, ფემბე ოზლემ ოლუნი ხელყუმბარას, კალაშნიკოვის ავტომატს და 115 ვაზნას სხვადასხვა ადგილზე ინახავდა.

მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე ვეღარ მოისმინა მთავარი მოწმის – ნუკრი მეგრელიშვილის ჩვენება.

“ფემბეს ვიცნობ… ჩემმა მეუღლემ გაიცნო ბათუმში და ოჯახში მოიყვანა…” – დაიწყო მოწმემ და აკანკალდა. მან მოსამართლეს ანიშნა, რომ საუბარი აღარ შეეძლო.

ნუკრი მეგრელიშვილი სასამართლო დარბაზიდან მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა გაიყვანეს. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა დახმარება, თუმცა ჩვენების მიცემა ვეღარ შეძლო.

ნუკრი მეგრელიშვილი ქობულეთში, სოფელ კვირიკეში ცხოვრობს. მდინარე კინტრიშის პირას მდებარე მიწის ნაკვეთი, სადაც პოლიციელებმა იარაღით სავსე კასრი აღმოაჩინეს, ნუკრი მეგრელიშვილის საკუთრებაა.

“ფემბე სოციალისტია, თურქეთში მათემატიკას სწავლობდა უმაღლესში, ამთავრებდა. თურქეთში არეულობა რომ დაიწყო, შეეშინდა და აქეთ წამოვიდა ახლობლებთან… ბათუმში გაიცნო თურქეთის მოქალაქე ჩეთინ ქაია, ნუკრის მეუღლე. ფემბე თვითონ ილაპარაკებს ამ ყველაფერზე, მე არ მინდა,” – გვითხრა ბრალდებულის მამამ ხილმი ოლგუნმა.

ბრალდებულის ახლობლებმა სასამართლოს დარბაზში “ბათუმელებს” ასევე უთხრეს, რომ ფემბე საქართველოში ქართული ენის შესასწავლად ჩამოვიდა.

“აქ უნდოდა უმაღლესში სწავლის გაგრძელება. ამბობდა, თურქეთში აღარ დავბრუნდებიო. 2016 წლიდან მაჭახელში, მარადიდში ცხოვრობდა. ფემბეს ოჯახი ძველი თავაძეა, ქართველები არიან. ფემბეს დანაშაული ისაა, რომ მას ინფორმაცია ჰქონდა და არ თქვა, ესაა მხოლოდ,” – აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ბრალდებულის ახლობელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ადვოკატ ლევან მამულაძის თქმით, ფემბე ოლგუნი ბრალის აღიარებას არ აპირებს.

“ბრალის აღიარების გარეშეც შესაძლებელია საპროცესო შეთანხმება, როცა ბრალდებული უფრო მძიმე დანაშაულის გახსნას უწყობს ხელს,”- ამბობს ის.

ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ ამ საქმის მონაწილე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანია, რომლის ვინაობასაც ჯერ ვერ გაამხელს და დეტალებზე საუბარი ამ ეტაპზე არ სურს.

სასამართლომ დღეს ასევე მოისმინა ქობულეთის უბნის გამომძიებლის, მზია გოგიტიძის ჩვენება. მან თამთა დავითაიასთან ერთად ფემბე ოლგუნი ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ჯერ გაჩხრიკა, ხოლო შემდეგ დააკავა.

“ნაჭრის ჩანთაში ადეალაში იყო გახვეული 40 ცალი ვაზნა, ასევე ხელყუმბარის მსგავსი საგანი,” – თქვა გამომძიებელმა.

“თარჯიმანმა თურქული არ იცოდა. მე მას ვთხოვე კვალიფიციური ადვოკატი და თარჯიმანი მოეყვანათ ჩემთვის, რატომ არ გაითვალისწინეთ ჩემი ეს მოთხოვნა?” – მიმართა მოწმეს ბრალდებულმა.

“ამის შესახებ არ არის ჩემთვის ცნობილი,” – მოკლედ უპასუხა შეკითხვას გამომძიებელმა.

მოწმეს ადვოკატმა ჰკითხა, რატომ არ ესწრებოდა ჩხრეკის და დაკავების პროცესს ადვოკატი.

გამომძიებელი მზია გოგიტიძე: ჩვენ გავედით ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე. ყველა შემოსული ინფორმაცია ხომ არ დასტურდება? შეიძლება არ აღმოჩენილიყო რამე.

 

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/112072/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: