მთავარი,სიახლეები

პირუტყვი ახალ შემოვლით გზაზე – არის თუ არა გადაადგილება უსაფრთხო

02.07.2018 • 2979
პირუტყვი ახალ შემოვლით გზაზე – არის თუ არა  გადაადგილება უსაფრთხო

ქობულეთის შემოვლითი გზის იმ მონაკვეთებზე, რომელიც სოფლებში გადის, ავტომანქანებთან ერთად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიც დადის. მძღოლებისთვის, რომლებიც ამ გზაზე მოძრაობენ, პირუტყვი პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს.

ის, რომ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი საავტომობილო გზაზე არ ავიდეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა გააკონტროლოს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ რადგან შემოვლითი გზა ახალგახსნილია, ამ საკითხზე მუშაობა ჯერ არ დაუწყიათ. შესაბამისი ღონისძიებების გატარებას კი 10 ივლისიდან ფიქრობენ. კითხვაზე, რა მეთოდებით აპირებენ საავტომობილო გზის პირუტყვისგან გათავისუფლებას, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ბესო ბაქანიძე პასუხობს:

“შპს “სანდასუფთავებას” ჰყავს სპეციალური მანქანა, რომლითაც ხდება პირუტყვის დაჭერა და გადაყვანა დისლოკაციის ადგილზე. შემდეგ მესაკუთრე მოდის და ჯარიმას იხდის. განმეორების შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს ჩამორთმევას. ასევე ვაპირებთ მოსახლეობის ინფორმირებას”.

იმ შემთხვევაში, თუკი საქონელს საჯარიმოზე გადაიყვანენ, მეპატრონეს მის დასახსნელად 50 ლარის გადახდა მოუწევს.

ახალი ორზოლიანია გზა ქობულეთში 25 ივნისს გაიხსნა. გზაზე დაშვებული სიჩქარე 90 კილომეტრ/საათია. ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტები საუბრობენ, რომ ახალ გზას უსაფრთხოების სტანდარტების თვალსაზრისით პრობლემები აქვს. კერძოდ, ორზოლიან გზაზე არ არსებობს ზოლებს შორის გამყოფი ბარიერები, არ არის საავარიო ე.წ. “უბეები” და განათება.

ფოტო გადაღებულია ქობულეთის შემოვლითი გზის ჩაქვის მონაკვეთზე                                                                                                    © თედო ჯორბენაძე

© გურამ მურვანიძე

მთავარი ფოტო: ძროხები ქობულეთის შემოვლით გზაზე

©ეკა ბერიძე

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/144113/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: