მთავარი,სიახლეები

იანვარი-აპრილი: არასრულწლოვნებმა 3.5-ჯერ მეტი დანაშაული ჩაიდინეს

02.07.2018 • 3617
იანვარი-აპრილი: არასრულწლოვნებმა 3.5-ჯერ მეტი დანაშაული ჩაიდინეს

წელს, მაისის თვეში 61 არასრულწლოვანი დააკავეს ქურდობისთვის. იმავე ბრალდებით გასული წლის მაისში 27 მოზარდი მიეცა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ყოველთვიურად იზრდება პასუხისგებაში მიცემული არასრულწლოვანთა რაოდენობა. იზრდება ბავშვების მხრიდან ქურდობის ჩადენის მაჩვენებელიც. არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი ყველაზე ხშირი დანაშაული ქურდობაა.

ეროვნული სტატისტიკის მიხედვით, არასრულწლოვანთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი ქურდობის მუხლით ასე გამოიყურება:

  •  2018 წლის აპრილი  –  46,   2017 წლის აპრილი – 16
  •  2018  წლის  მარტი  –  69,    2017 წლის მარტი – 20
  • 2018 წლის თებერვალი – 59,  2017 წლის თებერვალი – 8
  •  2018  წლის  იანვარი  – 47,   2017 წლის იანვარი – 18

„რაიმე კვლევა ამ მიმართულებით არ ჩატარებულა, მაგრამ, ჩემი აზრით, მთავარი მიზეზი ეკონომიკური მდგომარეობაა და ეს რთული გამოსაცნობი არ არის. ბავშვები ცხოვრობენ სიღარიბეში… ნაცნობ პროკურორებს მოუყოლიათ, დაკავებულმა ბავშვმა მითხრა, მშიოდა და ვიქურდეო. აქ აღარაა კომფორტის საგნების ან თუნდაც შოკოლადის ქურდობაზე,“ – გვიყვება კრიმინოლოგი მორის შალიკაშვილი. მას ვკითხეთ მიზეზებზე, თუ რა იწვევს არასრულწლოვნებში დანაშაულის ჩადენის მატებას.

კრიმინოლოგი აქცენტს აკეთებს გაეროს ბავშვთა ფონდის ბოლო კვლევაზეც, საიდანაც ჩანს, რომ ბავშვების ნაწილი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

„კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები სიღარიბეში ცხოვრობენ, მაგრამ ცალსახა დასკვნებს ვერ გავაკეთებთ. კავშირი დანაშაულსა და სიღარიბეს შორის ჩვენ არ შეგვისწავლია, თუმცა შესაძლოა დანაშაულის ჩადენის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყოს,“ – ამბობს თეონა კუჭავა, Unicef-ის ბავშვთა დაცვის ოფიცერი. მას სხვა ქვეყნების პრაქტიკა მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და კონკრეტულად ქურდობა არასრულწლოვნებში ასევე ყველაზე ხშირად ჩადენილი დანაშაულია.

ბავშვთა დაცვის ოფიცერი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ზოგად სტატისტიკაზე დაყრნობით კვალიფიციური ანალიზის გაკეთება შეუძლებელია. „არ არსებობს ეს სრულყოფილი მონაცემები. სტატისტიკა იწარმოება, მაგრამ არა ისეთი მოცულობითი, როგორიც საჭიროა და ანალიზიც ნაკლებად ხდება,“ – ამბობს ის.

თეონა კუჭავა კვლევის კიდევ ერთ დასკვნას შენიშნავს – არასრულწლოვნების თავისუფალი დრო, რომლის მართვის პრობლემაც არსებობს. სპეციალისტი სისტემის შექმნის საჭიროებას ხედავს, რომელიც ბავშვის დანაშაულამდე მისვლის რისკს შეამცირებს.

„წამყვანი როლი ეკისრება განათლების სისტემას და სოციალურ დაცვას. ამ სექტორებმა უნდა შეძლონ პრობლემის დროული იდენტიფიცირება. ეს შეიძლება იყოს ძალადობა მოზარდების მიმართ ან თავად თანატოლებს შორის ძალადობა, ასევე მშობლების მხრიდან ბავშვების უგულებელყოფა, შესაძლოა იყოს ეკონომიკური ფაქტორიც… უნდა მიხვდეს სისტემა დროულად, რომ სადღაც არის ეს პრობლემა და მოზარდი გადაამისამართოს შესაბამის პროგრამებში, რომ არასრულწლოვანი არ მივიდეს დანაშაულამდე. ეს არ არის მარტივი საკითხი. ჩვენთან ჯერ კიდევ სუსტია ადრეული პრევენციის მექანიზმი. რეფერალური მექანიზმი, რაც არის განათლების სამინისტროში, ესეც ძალიან უფუნქციო, სუსტია. რაც არსებობს იმ პროგრამებსაც არ იყენებენ, ფაქტობრივად,“ – აღნიშნავს თეონა კუჭავა.

განათლების სისტემას აკრიტიკებს კრიმინოლოგიც.

მორის შალიკაშვილი: „სახელმწიფომ არ იცის, სად იმყოფება ბავშვი, არ იცის, როდის არის სახლში, სკოლაში ან ეზოში, ეს უკონტროლობა პირდაპირ კავშირშია დანაშაულის ჩადენასთან. ხორავას ქუჩის შემთხვევაშიც, დღისით, მზისით, ერთი სკოლიდან წამოვიდნენ ბავშვები მეორეში ისე, რომ არავის უკითხავს, სად მიდიხართ, სად არიან ეს ბავშვები… მეორეა განწყობის შექმნა. ბავშვებს არ ველაპარაკებით, არ ვუხსნით სათანადოდ მნიშვნელოვან თემებს, მაგალითად, მარიხუანას ლიბერალიზაციაზე შეიქმნა განწყობა, რომ რაც დასჯადი იყო, აღარაა დასჯადი, მაშინ რა პრობლემაა, რომ მეც დანით ვიარო, მეც ვიქურდო? ამას ემატება ისიც, რომ მოზარდებს ყველაფერს ვასწავლით გარდა იმისა, რომ უნდა იშრომონ და ამ გზით შეძლონ თავის დამკვიდრება.“

რა უნდა გაკეთდეს სტატისტიკაში არასრულწლოვანთა მზარდი მაჩვენებლის შესამცირებლად – კრიმინოლოგი მიიჩნევს, რომ პრევენციის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი საქმეების დროული და სამართლიანი გამოძიებაა.

„ის, რომ დამნაშავე არის დაუსჯელი, ამას სხვა პოტენციური დამანაშავეც იგებს. ასევე მესმის ხშირად, რომ 12-დან 14 წლამდე მოზარდები ჩადიან დანაშაულს, რადგან არ დგება მათი სისხლისსამართლებრივი წესით პასუხისმგებლობის საკითხი. აქაც შესაძლებელია მონდომება, ცვლილების შეტანა კანონში და განრიდების ამოქმედება ამ ასაკშიც. განრიდება სხვა არაფერია, რომ ბავშვს აკისრებ პასუხისმგებლობას, იაროს სკოლაში და ასე შემდეგ. აქამდე სოციალურ მუშაკებს ევალებოდათ ეს, მაგრამ იმათ იმდენი რამე აქვთ დავალებული, რომ მაგათაც აღარ შეუძლიათ,“ – გვითხრა მორის შალიკაშვილმა.

პრევენციული ღონისძიებების გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს თეონა კუჭავაც, Unicef-ის ბავშვთა დაცვის ოფიცერი. გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდი გეგმავს კვლევის ჩატარებას იმის დასადგენად, თუ კონკრეტულად რა იწვევს მოზარდებში დანაშაულის ჩადენას:

„ვმუშაობთ, რომ შეიქმნას სრულყოფილი მონაცემთა ბაზა, რომელიც ძალიან ბევრ მონაცემს დათვლის. დეტალური ანალიზი უნდა მოხდეს ასაკის, სქესის, რეგიონის, მდგომარეობის მიხედვით, განმეორებითი დანაშაული რამდენი მოხდა. ჩვენ ვაპირებთ ვიმუშაოთ ყველა სახელმწიფო ორგანოსათან, რომლებსაც აქვთ შემხებლობა არასრულწლოვანთა მართლმასჯულებასთან. ვაპირებთ 40-ზე მეტი ინდიკატორის მიხედვით შეფასებას და გამოიკვეთება ტენდენციები.“

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის მაისში 14 მოზარდი გასამართლდა ქურდობისთვის, გასული წლის ამავე პერიოდში კი – 8.

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: