მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

მინისტრის მოადგილე აგვიანებს – აქცია „კირნათი ჰესთან“

28.06.2018 • 4010
მინისტრის მოადგილე აგვიანებს – აქცია „კირნათი ჰესთან“

დღეს ხელვაჩაურში, „კირნათი ჰესთან“, კვლავ შეიკრიბა მარადიდისა და კირნათის მოსახლეობა, რომლებიც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან შეხვედრას ელოდნენ, თუმცა იგი დანიშნულ დროს არ გამოჩნდა და შეხვედრა ხუთ საათამდე გადაიდო, იქამდე კი აქცია შეჩერდა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ მთავრობის წარმომადგენელი დროულად არ გამოცხადდება, ისინი გზას გადაკეტავენ.

მარადიდისა და კირნათის მოსახლეობა კომპანია „აჭარენერჯის“ ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კომპანიამ ისე დააგუბა მდინარე ჭოროხი, რომელიც ახლა მათი საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილს ფარავს, რომ მოსახლეობა არ გაუფრთხილებია.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა: დაიწიოს წყლის დონემ, მოეწყოს სოფლის ინფრასტრუქტურა, შეიძინონ მოსახლეობისგან ის სახლები, რომელთაც დატბორვა ემუქრება და გასცენ შესაბამისი კომპენსაცია.

„ვაპროტესტებთ, ჰესის მშენებლობის გამო რომ დაიტბორება ჩვენი ყანები და საკარმიდამოები. მოვითხოვდით ანაზღაურებას, საშველი არ არის. ჩამოვდივართ, გვპირდებიან, ხვალ მოდით, ზეგ მოდით… მოვიდა დღეს აუარება ხალხი, მაგრამ მთავრობიდან წარმომადგენელი არ ჩანს. გუშინ გვითხრეს, ხვალ შეიკრიბეთ ამა და ამ დროზეო, ახლა კი რაიონის ხელმძღვანელი გვეუბნება, რომ თბილისიდან წამოსულია, გზაშია და ხუთ საათზე იქნება აქაო. ვაპროტესტებთ, რომ კომპენსაცია არ მიეცა ხალხს,” –  ამბობს რევაზ შოთიძე, აქციის მონაწილე.

კირნათი ჰესის მშენებლობა

„თვითნებურად მოახდინეს დაგუბება, ეზოებში მივიდა წყალი. ეუბნებიან, არაფერი მოგივათო. ეს კაშხალი ნახეთ, შვიდი მეტრი კიდევ უნდა აივსოს წყლით და ეს ხალხი სად წავა… მაღალმთიანი ზონის სტატუსიც მოგვიხსნეს, არც სინათლის შეღავათი გვაქვს…  აქ რომ წყალი დადგება, წარმოუდგენელი იქნება ცხოვრება. იტბორება მოსახლეობა, 10-17 მოსახლე უნდა გადავიდეს სხვაგან, იქ ვეღარ იცხოვრებს, შეღავათები არ არის, კომპენსაციები არ არის… ჩემი წინადადებაა, ჩაიკეტოს ეს ყველაფერი დროებით, სანამ ხალხთან არ შეთანხმდებიან,”  – ამბობს ადგილობრივი გურამ წითელაძე.

ხელისუფლებიდან აქციაზე მხოლოდ ხელვაჩაურის გამგებელი და მისი მოადგილე იმყოფებოდნენ. ხელვაჩაურის მერიაში დაგვიდასტურეს, რომ დღეს მოსახლეობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, რომა მიქაუტაძე შეხვდება.  „ბათუმელები“ ამ სამინისტროსგან ორი დღეა ცდილობს კომენტარის მიღებას „კირნათი ჰესთან“ შექმნილი მდგომარეობის შესახებ, თუმცა ამაოდ. ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხეს არც „აჭარენერჯიში“, რომელიც „კირნათი ჰესს“ ფლობს. აქ გვითხრეს, რომ მოსახლეობასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და კონკრეტულ შეკითხვებს მხოლოდ კომპანიის დირექტორი უპასუხებს, რომელიც ამ დროისათვის საქართველოში არ იმყოფება.

წელიწადზე მეტია კომპანიასა და მოსახლეობას შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს საკომპენსაციო თანხის შესახებ, თუმცა მოსახლეობასთან შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა.

_________________

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/143520/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: