თეონა ზოიძე

ბათუმის ქართულ-ამერიკულმა სკოლამ ავტორიზაცია წარმატებით გაიარა

23 მაისს ბათუმის ქართულ ამერიკულმა სკოლამ ავტორიზაცია წარმატებით გაიარა და ოფიციალურად მიიღო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი. სკოლა ფუნქციონირებას 2018-2019 სასწავლო წელს დაიწყებს.

რა არის სკოლის მისია

სკოლის უმთავრესი მისიაა ჯანსაღ, უსაფრთხო სასკოლო გარემოში აზროვნების კულტურის დამკვიდრება. აგრეთვე: მაძიებელი, შემოქმედი, პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება და საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი ღირებულებების შესაქმნელად. ადრეული ასაკიდან მოსწავლის მიერ თვითშეფასების, ანგარიშვალდებულებისა და სწორი არჩევანის გაკეთების უნარ-ჩვევათა განვითარების ხელშეწყობა. უცხოური ენებისა და მათემატიკის მაღალ დონეზე სწავლა/სწავლების შედეგად ხელი შეუწყოს და მოამზადოს მოსწავლეები როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის მაღალი რეიტინგის მქონე სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად. ჩვენ გვინდა, რომ ბავშვი სწავლისთვის სკოლაში სიხარულით მოდიოდეს და არა უბრალოდ ვალდებულების მოხდის მიზნით.

რა იქნება სკოლის პრიორიტეტები

ჩვენი სკოლის პრიორიტეტია უცხოური ენები და მათემატიკა. გაძლიერებულად ისწავლება ინგლისური ენა პირველი კლასიდან. მე-3 კლასიდან ემატება რუსული ენა, მე-5 კლასიდან მოსწავლეებს შეუძლიათ დამატებით აირჩიონ ფრანგული ან გერმანული ენა და სურვილის შემთხვევაში, დამატებით წრის სახით თურქული ენა.

მე-4 კლასიდან მოსწავლეებს ვთავაზობთ ისეთ საინტერესო საგანს, როგორიცაა Science, ეს არის საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლები ინგლისურ ენაზე. მე-5 კლასიდან მოსწავლეები ყოველწლიურად აბარებენ ინგლისურ ენაში დონის განმსაზღვრელ საერთაშორისო გამოცდას, როგორიც არის TOEFL-ი, ამ გამოცდის მთავარი დანიშნულებაა იმ მოსწავლეთა ინგლისური ენის ცოდნის შეფასება, რომლებისთვისაც ინგლისური მშობლიური ენა არ არის.

მე-12 კლასის მოსწავლეებს დამატებითი გაკვეთილის სახით ჩაუტარდებათ SAT-ი(‘Scholastic Aptitude Test). ეს არის

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მისიაზე, პრიორიტეტებზე, სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე სკოლის დირექტორი, თეონა ზოიძე საუბრობს.

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მისიაზე, პრიორიტეტებზე, სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე სკოლის დირექტორი, თეონა ზოიძე საუბრობს.

საერთაშორისოდ აღიარებული გამოცდისათვის მომზადება. ტესტი ამოწმებს კითხვის, წერისა და მათემატიკის ცოდნის უნარებს. ამერიკის თითქმის ყველა უნივერსიტეტი და კოლეჯი ეყრდნობა SAT-ის შედეგებს ბაკალავრიატზე მისაღები გამოცდების დროს. ასევე სკოლის პრიორიტეტია გაძლიერებული მათემატიკა, რაც გულისხმობს გაზრდილ საათობრივ სწავლებას სასწავლო ბადეში, სახალისო და საოლიმპიადო მათემატიკის კლუბებში ბავშვების ჩართულობას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი იყოს არა მხოლოდ განათლებული, არამედ ჩამოყალიბდეს სრულფასოვან დამოუკიდებელ მოქალაქედ, რომელიც თავად შეძლებს სოციუმში ადაპტირებასა და საკუთარი უნარების სწორად რეალიზებას. ამაში გვეხმარებიან არამარტო კვალიფიციური პედაგოგები, არამედ სკოლაში არსებული სხვადასხვა შემეცნებით-კულტურული წრეები და კლუბები. ჩვენი მოსწავლეები მიიღებენ სხვადასხვა ოლიმპიადაში მონაწილეობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთაც და ჩვენ ამ ყველაფერში დავეხმარებით მათ. ასევე გამოვავლენთ განსაკუთრებული უნარების მქონე ბავშვებს, რომლებსაც მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს წარმატების მიღწევაში.

რა სახის კლუბები და წრეები იქნება სკოლაში

სკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტია ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება. სპორტის გაკვეთილები გათვალისწინებულია როგორც სასკოლო სასწავლო გეგმაში, ისე დამატებით სპორტული წრის სახით. ასევე მოსწავლეს ექნება საშუალება, მრავალფეროვანი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებით ისარგებლოს. გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეებს შეუძლიათ გაერთიანება ერთ სპორტულ და ერთ შემეცნებით-სახელოვნებო  წრე/სექციაში. ესენია: ხელსაქმე, ვოკალი, ქართული ცეკვა, სამოქალაქო განათლება, ინგლისურენოვანი დრამწრე, სახალისო მათემატიკა, საოლიმპიადო მათემატიკა, გიტარაზე დაკვრა, ლიტერატურის მოყვარულთა კლუბი, კინომოყვარულთა კლუბი, ნორჩ ჟურნალისტთა კლუბი, ფრენბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, მინიფეხბურთი, ჭადრაკის წრე.

სპორტის გაკვეთილები გათვალისწინებულია როგორც სასკოლო სასწავლო გეგმაში, ისე დამატებითი სპორტული წრის სახით

სპორტის გაკვეთილები გათვალისწინებულია როგორც სასკოლო სასწავლო გეგმაში, ისე დამატებითი სპორტული წრის სახით

ვინ არიან სკოლის დამფუძნებლები

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის დამფუძნებელია „ვი თი ჯგუფი“, რომლის დირექტორიც გახლავთ ლევან გოგია და „თაიმ სერვისი“, რომლის დირექტორიც გახლავთ სულეიმან ჩიხლაძე. „ვი თი ჯგუფი“ ასევე თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლის თანადამფუძნებელია.

ჰყავს თუ არა სკოლას მაღალკვალიფიციური პედაგოგები და ამ კუთხით თუ ამართლებს ის სწავლის საფასურს

სკოლამ კონკურსი გამოაცხადა ნოემბერში, რომელიც ორ ეტაპად ჩატარდა, ეს იყო cv -ების  გაცნობა და შემდგომ გასაუბრება, დღეს ჩვენი თანამშრომლები არიან ის მასწავლებლები,  რომლებმაც  გაიარეს კონკურსი. ამჟამად მიმდინარეობს  ტრენინგები მასწავლებლებისთვის, სამომავლოდ ტრენინგებს ექნება პერმანენტული ხასიათი. ტრენინგების  ძირითადი ორიენტირია სასწავლო გარემოში თვითდისციპლინისა და მოსწავლეებში დამოუკიდებლად სწავლის უნარების განვითარება.

რამდენად იქნება სწავლება ეროვნულ სასწავლო გეგმასთან თანხვედრაში და თუ იქნება სკოლაში განსხვავებული სწავლების მეთოდიკა

ჩვენი სასწავლო პროგრამა დაფუძნებულია ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, თუმცა თვით სწავლების მეთოდიკა უფრო საინტერესო იქნება. სკოლაში მუშაობა კვლევაზეა ორიენტირებული, რაც გულისხმობს მუდმივი მონიტორინგის სისტემას რამდენიმე მიმართულებით.

პირველყოვლისა, ეს არის სასკოლო გარემო, საკლასო გარემო, რაც მოიაზრებს ნდობაზე, ურთიერთპატივისცემაზე, აღიარებაზე დამყარებულ ურთიერთობებს მოსწავლე – მოსწავლეს შორის, მოსწავლე- მასწავლებელს შორის, მასწავლებელი – მასწავლებელს შორის, მშობელი – მასწავლებელს შორის და ა. შ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი დაცულად გრძნობდეს თავს, არ ჰქონდეს ბულინგის შიში, არ ჰქონდეს მობინგის შიში, არ ჰქონდეს საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის კომპლექსი, მნიშვნელოვანია ჩამოუყალიბდეს თვითშეფასების უნარი, ისწავლოს საკუთარი ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეების შეფასება, შეიცნოს ჯერ საკუთარი თავი, რაც წინაპირობაა ცხოვრებაში საკუთარი ადგილის მოძებნის და დამკვიდრებისთვის.

პედაგოგები ინდივიდუალურად იმუშავებენ თითოეულ ბავშვთან, მათი შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით. მასწავლებელიც ორიენტირებული იქნება მუდმივ თვითგანვითარებაზე, სისტემატიური თვითშეფასების განხორციელებით. მოხდება გაკვეთილებზე დასწრება და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება/დამკვიდრების წახალისება.

როგორია სკოლის ინფრასტრუქტურა

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ორსართულიანი შენობა, თავისი ინფრასტრუქტურით, რეკრეაციული ზონით და თავისუფალი სივრცით განუსაზღვრელ შესაძლებლობებს იძლევა მოსწავლის საგანმანათლებლო და შემოქმედებითი აზროვნებისთვის.

სკოლაში 25 საკლასო ოთახია, რომლებიც აღჭურვილია ეკოლოგიურად სუფთა, მოსწავლის ინდივიდუალური სასკოლო მერხებით და სკამებით, რომლებიც შეესაბამება მოსწავლეთა ასაკს; ინტერნეტით უზრუნველყოფილი კომპიუტერით, პროექტორითა და ეკრანით, დაფებით და სხვა აუცილებელი სასწავლო ინვენტარით.

სკოლას აქვს თითოეული მოსწავლისთვის პერსონალური კომპიუტერით უზრუნველყოფილი ინფორმაციული ტექნოლოგიების კაბინეტ-ლაბორატორია, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიები, რომლებიც აღჭურვილია ლაბორატორიისთვის საჭირო ხელსაწყოებითა და საგნებით, გამწოვი კარადებით, სადემონსტრაციო მაგიდებითა და სკამებით, ინტერნეტით მუდმივად უზრუნველყოფილი კომპიუტერებით, პროექტორით ჭკვიანი დაფებით. ამ ყველაფრის საშუალებით მასწავლებლებს შეეძლებათ, ინოვაციური გაკვეთილების დაგეგმვა, ხოლო მოსწავლეებს – პრაქტიკული მუშაობა.

სკოლის ბიბლიოთეკა

სკოლის ბიბლიოთეკა

სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის. ასევე გვაქვს ბიბლიოთეკა, სადაც განთავსებულია  როგორც  გრიფირებული, ასევე მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა ქართულ და უცხოურ ენებზე.

ამჟამად მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების მქონე დახურული სპორტული დარბაზის მშენებლობა, რომელსაც ექნება თავისი ტრიბუნები, სველი წერტილები, საშხაპეები, სადაც მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, არა მხოლოდ ფიზკულტურის გაკვეთილებს, არამედ სხვადასხვა კლუბისა და წრის გაკვეთილებსაც დაესწრონ. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ღია სპორტული დარბაზიც, სადაც კარგ ამინდში ჩატარდება სპორტული გაკვეთილები. დარბაზი მრავალფუნქციურია და გამოიყენება ფეხბურთისთვის, კალათბურთისთვის, ჩოგბურთისთვის, ხელბურთისთვის.

სკოლის ტერიტორიაზე გვაქვს კვების ობიექტები და საერთო საცხოვრებელი საზაფხულო სკოლისთვის. სკოლას ექნება რამდენიმე ღია რეკრიაციული სივრცე. ერთ-ერთია ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ბოსტანი, სადაც ბავშვები მიიღებენ ფერმერულ გამოცდილებას. ასევე გვექნება გასართობი და დასასვენებელი რეკრეაციული ზონა.

სკოლაში მიღებული განათლებით თუ შეძლებს მოსწავლე უცხოეთში სწავლის გასაგრძელებას

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბავშვს სკოლის დასრულების შემდეგ გაუადვილდეს უცხოეთში სწავლა. გარდა იმისა, რომ მე-5 კლასიდან მოსწავლეები იწყებენ საერთაშორისო გამოცდების ჩაბარებას,  მე-12 კლასში ისინი აბარებენ TOEFL IBT – ის გამოცდას. თუ მოსწავლე აირჩევს ტექნიკურ მიმართულებას, ამ შემთხვევაში, უცხოეთში SAT – ის გამოცდას ითხოვენ. ამიტომ ვამზადებთ მათ როგორც TOEFL – ის, ასევე SAT – ის გამოცდისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ გამოცდების საფასურს იხდის სკოლა. გამომდინარე აქედან, მოსწავლეს აქვს საშუალება, გააკეთოს განაცხადი ნებისმიერ უცხოურ სასწავლებელში და დაელოდოს დადებით პასუხს.

რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, ჩვენი სკოლა მთლიანად ეროვნული გამოცდების მიხედვით ასწავლის, ასე, რომ ბავშვს არ გაუჭირდება ამ გამოცდების ჩაბარება. თუმცა თუ მოხდა ისე, რომ ბავშვს დასჭირდა დამატებითი გაკვეთილები სააბიტურიენტო ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად, ჩვენ მზად ვართ, მოსწავლეები 4 საგანში მოვამზადოთ გამოცდებისთვის. ასევე, თუ დასჭირდებათ საატესტატო გამოცდებში დახმარება, აქაც მზად ვართ, 4 საგანში მოვამზადოთ ჩვენი ბავშვები.

რამდენად არის დაცული სკოლაში მოსწავლის უსაფრთხოება

ჩვენ ვზრუნავთ მოსწავლის არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ მის ემოციურ უსაფრთხოებაზეც.  ფიზიკური უსაფრთხოებისთვის: სკოლაში მუშაობს დაცვის სამსახური, გვეყოლება სკოლის კოორდინატორი, რომელსაც ექნება დაახლოებით მანდატურის ფუნქცია.

გვაქვს ვიდეომონიტორინგის სამსახური, რომელიც 24-საათიან რეჟიმში გააკონტროლებს, როგორც შენობის შიდა, ასევე გარე პერიმეტრს. უმაღლეს დონეზეა დაცული სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმი. როდესაც  აჭარის სახელმწიფო სახანძრო  სამმართველოს წარმომადგენლებმა შეამოწმეს სკოლის სახანძრო უსაფრთხოება, აღნიშნეს, რომ მსგავსი სახანძრო უსაფრთხოება აჭარაში არც ერთ სკოლას არ აქვს.

აგრეთვე, გვყავს ექიმი და გვაქვს შესაბამისი ინვენტარითა და მედიკამენტებით აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტი.

რაც შეეხება ბავშვის ემოციურ უსაფრთხოებას – გვყავს ფსიქოლიგი, რომელიც თითოეული ბავშვის ემოციურ უსაფრთხოებაზე იმუშავებს. გარდა ამისა, კვირაში ერთხელ ყველა კლასს ექნება ფსიქოლოგის საათი, სადაც სკოლის ფსიქოლოგი მეგობრული საუბრებით მოახდენს სხვადასხვა ტიპის ძალადობის პრევენციას, მაგალითად, ისეთის, როგორიცაა ბულინგი, მობინგი და ა.შ. ასევე  ფსიქოლოგი იმუშავებს იმაზე, როგორ აუმაღლოს ბავშვს სწავლის მოტივაცია.

კიდევ რითი იქნება გამორჩეული ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა სხვა სკოლებისგან

ბათუმის ქათულ-ამერიკული სკოლა იქნება ერთი დიდი ოჯახი, რომელშიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი ექნებათ სკოლის ადმინისტრაციას, ბავშვებს, მასწავლებლებსა და მშობლებს. ეს ჯაჭვი იქნება ძალიან მყარი, რაც გამოიხატება იმით, რომ ყველა მასწავლებელი იქნება ვალდებული, კვირის ბოლოს მშობელს გადაუგზავნოს ბავშვის შესახებ ინფორმაცია, თუ რა მიღწევები ჰქონდა აღნიშნულ კვირას, რას ვერ გაართვა თავი და ა.შ. მშობელი იქნება მუდამ საქმის კურსში.

ფიზიკისა და ქიმია - ბიოლოგიის ლაბორატორიები აღჭურვილია ლაბორატორიისათვის საჭირო ხელსაწყოებითა და საგნებით, გამწოვი კარადით

ფიზიკისა და ქიმია – ბიოლოგიის ლაბორატორიები აღჭურვილია ლაბორატორიისათვის საჭირო ხელსაწყოებითა და საგნებით, გამწოვი კარადით

გვექნება მშობლის გამოკითხვა, სურვილის შემთხვევაში გამოკითხვა იქნება ანონიმური, ელექტრონულად. მშობელს შეეძლება გამოთქვას თავისი სურვილები და იდეები სასწავლო პროცესთან თუ სწავლის გარეთ არსებულ აქტივობებთან დაკავშირებით. სპეციალური კომისია შეისწავლის ამ ყველაფერს და ადმინისტრაცია გაითვალისწინებს. რაც შეეხება ხარისხს, ჩვენ გვყავს მაღალკვალიფიციური პედაგოგები და შესაბამისად ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის სწავლების მეთოდიკაში ეჭვი არ გვეპარება. ეს არ იქნება სკოლა, რომელიც ორიენტირებული იქნება მხოლოდ გამოცდების ჩასაბარებლად, აქ მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას, რაც მათ გაყვებათ  მთელი ცხოვრების განმავლობაში.

იქნება თუ არა ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა მოწინავე სასწავლო დაწესებულება რეგიონში

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ყველა პირობას შექმნის იმისთვის, რომ იყოს ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი სკოლის სლოგანია: „შენი წარმატება იწყება აქ“ და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ სიტყვებს გავამართლებთ!

მისამართი: ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა N117 

მობ.: 577240004

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი