ბათუმის მერიის კონკურსის შედეგები -28-დან 17 პოზიციაზე კონკურსი ჩაიშალა

ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, მხოლოდ ნაწილობრივ გამოიყენა თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილება სამსახურის უფროსების დანიშვნასთან დაკავშირებით. რიგ თანამდებობებზე მან პირები მართლაც დანიშნა, რიგი თანამდებობების შესავსებად კი, კონკურსი გამოაცხადა. ამ კონკურსის შედეგების მიხედვით, მერიამ ვაკანტური პოზიციების ნახევარზეც ვერ გამოავლინა გამარჯვებული.

28 თანამდებობაზე გამოცხადებულ ვაკანსიაზე მერიაში  813 განაცხადი შევიდა. პირველ ეტაპზე მერიის საკონკურსო კომისიამ 281 განაცხადი გადაარჩია, მეორე ეტაპი – ტესტირება მხოლოდ ოცმა კანდიდატმა გადალახა. მესამე ეტაპზე – გასაუბრების შემდეგ კი, 11 გამარჯვებული გამოავლინეს. კონკურსი 17 პოზიციაზე ჩაიშალა.

კონკურსის შედეგების მიხედვით, მერიამ ვერ დააკომპლექტა ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ქალაქგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის განყოფილებები. ამ მიმართულებით მერიას 11 ვაკანსიაზე ჰქონდა გამოცხადებული კონკურსი. საკონკურსო კომისიამ  გამარჯვებული მხოლოდ უფროსის ვაკანსიაზე გამოავლინა, დანარჩენ 10 პოზიციაზე კონკურსი ჩაიშალა. საკონკურსო კომისიამ ვერც  ახალშექმნილი ისტორიული განაშენიანების ზონის განვითარების განყოფილების უფროსი და სპეციალისტები შეარჩია.

მერია ჯერ არ აქვეყნებს ინფორმაციას გამარჯვებულების ვინაობის შესახებ, თუმცა „ბათუმელებს“ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ქალაქგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურს მირიან მეტრეველი უხელმძღვანელებს. მანამდე ის ამავე სამსახურში მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა.

მერიამ ვერ დააკომპლექტა ასევე ახალშექმნილი მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახური, კონკურსის შემდეგ ამ სამსახურში ისევ ვაკანტური დარჩა ექვსი პოზიცია.  ერთი ვაკანსია დარჩა შესავსები განათლების, კულტურისა სპორტის სამსახურის ერთ-ერთ განყოფილებაში.

მერიის ინფორმაციით, რამდენიმე პოზიციაზე კონკურსის ჩაშლის მიზეზი გახდა ის, რომ კონკურსანტებმა მინიმალური ბარიერის გადალახვაც კი ვერ შეძლეს.

გამოაცხადებს თუ არა მერია ვაკანტურ პოზიციებზე განმეორებით კონკურსს, ამის შესახებ ჯერ არ არის ცნობილი.

არსებული სტრუქტურა ვერ პასუხობდა დღევანდელ გამოწვევებს – ასე განმარტა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, მერიაში სტრუქტურული ცვლილებების დაწყების მიზეზი. ამას მოჰყვა კონკურსიც. შედეგად მერიაში მანამდე არსებული 11 სამსახურიდან ორი – ზედამხედველობისა და კეთილმოწყობის სამსახური გაუქმდა და მათი განყოფილებები სხვა სამსახურებში გადანაწილდა.

კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თენგიზ პეტრიძე, დაწინაურდა და ვიცე-მერი გახდა, არქიტექტურის სამსახურს უფროსმა ირაკლი ახალაძემ სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და კერძო კომპანიაში გადავიდა სამუშაოდ. ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი, ზაალ მამუჭაძე კი, სამსახურიდან წასვლიდან მალე ისევ მერიის სტრუქტურაში, ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორის მოადგილედ დანიშნეს.

ახალი მერის არჩევისა და უფლებამოსილების ცნობის შემდეგ სამსახურების შენარჩუნება შეძლეს იმ ხელმძღვანელებმა, რომლებიც სამსახურების მართვაზე ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის არჩევამდე და მის პერიოდშიც იყვნენ პასუხისმგებლები. მაგალითად, მერიის ადმინისტრაციას ისევ ნუკრი დეკანაძე ხელმძღვანელობს, თანამდებობები შეინარჩუნეს ასევე მერიის ქონების მართვის, საფინანსო, განათლების, ჯანდაცვის, შიდა აუდიტის და სამხედრო აღრიცხვის სამსახურების ხელმძღვანელებმა – შეძლებენ თუ არა ისინი განახლებულ სტრუქტურაში უფრო ეფექტურად მუშაობას, ეს მომავალში გამოჩნდება.

მერიამ კონკურსი სულ 28 თანამდებობაზე გამოაცხადა. კონკურსი, ძირითადად, მეორე და მესამე კატეგორიის სპეციალისტების შერჩევას ითვალისწინებდა. კონკურსი  განყოფილებების უფროსებს არ შეხებია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი