მთავარი,სიახლეები

სარფში, თურქულ მხარეს მთის ჩამოშლის გამო, საზღვარზე მიმოსვლა შეჩერებულია

27.06.2018 • 7814
სარფში, თურქულ მხარეს მთის ჩამოშლის გამო, საზღვარზე მიმოსვლა შეჩერებულია

სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ახლოს, თურქეთის საბაჟოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყრის შედეგად კლდის ნაწილი ჩამოიშალა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამის გამო სარფი-ტრაპიზონის დამაკავშირებელი მაგისტრალი დროებით დაკეტილია.

“უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თურქეთის თხოვნით, ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილებით, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე („სარფის“ მონაკვეთზე) დროებით შეიზღუდა როგორც სატრანსპორტო საშუალებების, ასევე ქვეითთა გადაადგილება. დამეწყრილ ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილის გაწმენდის შემდეგ, მოძრაობა აღდგება და სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილება ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება,” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

“ბათუმელებმა” დეტალების გადასამოწმებლად ბათუმში თურქეთის გენერალურ საკონსულოს მიმართა.

“პორტში მიმდინარეობს სამუშაოები და ამ სამუშაოებისთვის პერიოდულად კლდეს  აფეთქებენ და გადააქვთ მასალები. სწორედ ერთ-ერთი ასეთი აფეთქების დროს ჩამოიშალა კლდის  მასა და ჩაიხერგა გზა, რომელიც დაახლოებით ორ-სამ საათში გაიხსნება,” – უთხრეს “ბათუმელებს”  საკონსულოში.

საკონსულოს ინფორმაციით, საზღვართან ახლოს იყო დაკვამლიანებაც. „ეს გამომდინარე იქედან, რომ გარკვეულ მონაკვეთზე ნაგავს წვავდნენ“, – განმარტეს საკონსულოში.

ფოტო: თურქეთის გენერალური საკონსულო ბათუმში

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: