მთავარი,სიახლეები

ჰქონდა თუ არა საზღვაო აკადემიის გემს საერთაშორისო ნაოსნობაში წასვლის უფლება

27.06.2018 • 3762
ჰქონდა თუ არა საზღვაო აკადემიის გემს საერთაშორისო ნაოსნობაში წასვლის უფლება

ბათუმის საზღვაო აკადემიის საწვრთნელ გემ „კადეტთან“ დაკავშირებით, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით, 25 ივნისს საერთაშორისო ნაოსნობაში წავიდა, შეკითხვები ისევ არსებობს. ჰქონდა თუ არა გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვების უფლება? – „ბათუმელები“ დღეს ამ საკითხს არკვევდა.

„საზღვაო აკადემიის საწრთვნელი გემი “Cadet”-ი რეგისტრირებულია ქართული დროშის ქვეშ და ასევე მის ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს ქართული საკლასიფიკაციო საზოგადოება, რომელიც არ არის აღიარებული ევროკავშირის მიერ. საზღვაო კოდექსის თანახმად, საერთაშორისო ნაოსნობის უფლება ქართული დროშის ქვეშ მცურავ გემს მხოლოდ მაშინ ენიჭება, როდესაც მის ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს ევროკავშირის მიერ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოება (მაგალითად, DNV-GL, ABS, RMRS და ა.შ.) ან საზღვაო კოდექსის შესაბამისად, შესაძლებელია ერთჯერადი საერთაშორისო ნაოსნობის უფლების მინიჭება გამონაკლისის სახით, თუ გემი მიდის სხვა ნავსადგურში სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად. ზემოთ აღნიშნულმა გემმა უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორიული წყლები და იმყოფება ნაპირიდან 27 საზღვაო მილის მოშორებით. იბადება კითხვა, აქვს თუ არა უფლება ამ გემს საერთაშორისო ნაოსნობის განხორციელების და თუ აქვს, რის საფუძველზე?“ – წერს ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „HUB Georgia”-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე.

ურუშაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დაირღვა თუ არა საქართველოს საზღვაო კოდექსი, ამ საკითხზე „HUB Georgia”-ს იურისტები მუშაობენ.

ჰქონდა თუ არა საწვრთნელ გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვების უფლება – „ბათუმელებმა“ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილეს ივანე აბაშიძეს მიმართა.

ივანე აბაშიძის თქმით, ბათუმის საზღვაო აკადემიის კუთვნილი გემის გადაადგილება „სრულიად კანონიერ ჩარჩოშია მოქცეული“. მისი თქმით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა დისკრეციული უფლება გამოიყენა და “კადეტს” საერთაშორისო ნაოსნობაში წასვლის უფლება მიანიჭა.

“რეგულაციები არის მკაცრი საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი იმ გემების მიმართ, რომლებიც სავაჭრო-სანაოსნო საქმიანობას ეწევიან და ასეთი გემების ტექნიკურ ზედამხედველობას ახდენს ევროკავშირის მიერ აღიარებული ორგანიზაციები. რაც შეეხება საზღვაო აკადემიის გემს – „კადეტი“, პირველ რიგში, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ რა არის საერთაშორისო ნაოსნობა. საწვრთნელი გემი როდესაც მიდის საერთაშორისო ნაოსნობაში, არ იგულისხმება, რომ ეს გემი ადგა და წავიდა 15 სახელმწიფოში, ან ხუთში, ან სამში. საწვრთნელი გემი, მთავარია, ატარებდეს წვრთნას, გააჩნდეს საწვრთნელი პროგრამა და გავიდეს ტერიტორიული ზღვის მიღმა, საერთაშორისო ზღვებში ნაოსნობის გამოცდილება რომ ჰქონდეს.

„ჯორჯიან ვერიტასი“ არის ერთ-ერთი ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაცია. ამ ორგანიზაციასაც აქვს უფლება ორ შემთხვევაში განახორციელოს მისმა გემმა საერთაშორისო ნაოსნობა – ერთი, როდესაც გემი არ არღვევს არაფერს, არავის კანონმდებლობას და საერთაშორისო ნაოსნობაში მიდის ისე, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა გამოიყენა თავისი დისკრეციული უფლება და გაათავისუფლა გარკვეული მოთხოვნებიდან. ზუსტად ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა გემს მისცა უფლება გამონაკლისის სახით განეხორციელებინა ნაოსნობა იმის გამო, რომ ეს ნაოსნობა არ არღვევდა საერთაშორისო სამართლის დადგენილ ნორმებს. ანუ ჩვენ ამ გემს არ ვუშვებთ სხვა სახელმწიფოში. ეს გემი მიდის ნეიტრალურ წყლებში. მეორე შემთხვევა არის, როცა გემს აქვს უფლება სარემონტო სამუშაოების გამო წავიდეს სხვა ნავსადგურში,“ – ამბობს ივანე აბაშიძე.

მისივე თქმით, საზღვაო კოდექსიდან გამომდინარე გემის მიმართ წაყენებული მოთხოვნები იმ შემთხვევაში არის სავალდებულო შესასრულებლად, როდესაც ეს გემი მიემართება ისეთ იურისდიქციაში, სადაც საქართველოს იურისდიქცია აღარ ვრცელდება.

საქართველოს ტერიტორიული წყლები 12 მილია. 12 მილის შემდეგ იწყება საერთაშორისო წყლები, სადაც ნაოსნობა თავისუფალია. ნაპირიდან 200-მილიან ზონაში ნებისმიერი გემი საქართველოს პასუხისმგებლობის ქვეშ იმყოფება.

ამავე თემაზე: 

https://batumelebi.netgazeti.ge/news/143718/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: