მთავარი,სიახლეები

რას აკეთებს შორეულ ნაოსნობაში წასული საზღვაო აკადემიის გემი გონიოსთან ახლოს – განმარტება

26.06.2018 • 6197
რას აკეთებს შორეულ ნაოსნობაში წასული საზღვაო აკადემიის გემი გონიოსთან ახლოს – განმარტება

25 ივნისს ბათუმის ნავსადგურში, მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ცერემონიალზე გამომსვლელმა თითქმის ყველა მაღალი თანამდებობის პირმა, მათ შორის საქართველოს პრემიერ მინისტრმაც, ხაზი გაუსვა ბათუმის საზღვაო აკადემიის ისტორიაში მნიშვნელოვან სიახლეს – რომ აკადემიის კუთვნილი გემი, პირველად გაემგზავრებოდა საერთაშორისო ნაოსნობაში.

ოფიციალური ცერემონიის დასრულებისთანავე, დაახლოებით დღის 12:30 საათისთვის, საზღვაო აკადემიის კუთვნილმა გემმა „კადეტი“ ბათუმის საზღვაო ნავსადგური დატოვა. 25 ივნისის საღამოს გემს, რომელიც ოფიციალურ პირთა განცხადებით, საერთაშორისო ნაოსნობაში წავიდა, საზღვაო საიტის www.marinetraffic.com – ის მონაცემებით ბათუმთან ახლოს, გონიოს მიმდებარედ ჰქონდა ღუზა ჩაშვებული.

გემის კაპიტანი, რომელზეც ბათუმის საზღვაო აკადემიის მესამე კურსის 20 სტუდენტი იმყოფება, ტარიელ ჯიბლაძეა. სტუდენტები „კადეტზე“ საზღვაო პრაქტიკას გადიან. საერთაშორისო საზღვაო  ორგანიზაციის წესების თანახმად, ყველა სტუდენტი, ვისაც სურს გახდეს მეზღვაური, ვალდებულია სანაოსნო პრაქტიკა გაიაროს.

„ბათუმელები“ დაინტერესდა და ბათუმის საზღვაო აკადემიაში სცადა გაერკვია, თუ რა მარშრუტი აქვს აკადემიის კუთვნილ გემს, რა იგულისხმება „საერთაშორისო ნაოსნობაში“, რა დროს გაატარებს „კადეტი“ ამ ნაოსნობაში და როდის დაბრუნდება ბათუმის ნავსადგურში.

„გემ „კადეტს“ გააჩნია საკუთარი ტრეინინგ გეგმა, რომელიც დაყოფილია ეტაპებად. 1-ლი ეტაპის წვრთნები ითვალისწინებს საქართველოს სანაპირო წყლებში (12 მილიანი ზონა), მათ შორის, სანავსადგურე წყლებში ნაოსნობას და სხვადასხვა სახის უსაფრთხოების წვრთნების ჩატარებას.  მეორე ეტაპის წვრთნები ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიული ზღვის (12 მილი) ფარგლების დატოვებას და მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების კანონის შესაბამისად საერთაშორისო წყლებში ნაოსნობას. მე-3 ეტაპი გემის დაბრუნება საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, საქართველოს ნავსადგურებში ნაოსნობა, საღუზე და ნავმისადგომზე მიბმა-მოხსნის ოპერაციები, მოძრაობის გამყოფ სქემებში მოძრაობა,“ – მოგვწერეს ბათუმის საზღვაო აკადემიიდან.

მათივე ცნობით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი ერთობლივად უწევენ მონიტორინგს გემის ნაოსნობას საქართველოს საზღვაო სივრცეში და საქართველოს საზღვაო სივრცის მიღმა არსებულ საერთაშორისო წყლებში. კადეტების წვრთნა ხორციელდება მეზღვაურის წვრთნების აღრიცხვის წიგნაკის შესაბამისად. იმის დასადასტურებლად, რომ გემზე ნამდვილად ტარდება სიმულაცია და ტრეინინგები, რომელიც მეზღვაურის წვრთნისთვისაა საჭირო, აკადემიიდან „ბათუმელებს“ წვრთნის ამსახველი ფოტოები მოაწოდეს.

ცნობისათვის, საქართველოს ტერიტორიული ზღვა მთლიანობაში 12 საზღვაო მილის სიგანის საზღვაო სარტყელს მოიცავს. ტერიტორიული ზღვის სიგანე საწყისი ხაზებიდან აითვლება.

ამავე თემაზე:

პირველად ბათუმის საზღვაო აკადემიის ისტორიაში გემი კადეტი საერთაშორისო ნაოსნობაში წავიდა

წვრთნები საზღვაო აკადემიის კუთვნილ გემზე “კადეტი”. ფოტოები მოგვაწოდა ბათუმის საზღვაო აკადემიამ.

გადაბეჭდვის წესი