მთავარი,სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ქობულეთის შემოვლითი გზა გახსნა

25.06.2018 • 8510
პრემიერ-მინისტრმა ქობულეთის შემოვლითი გზა გახსნა

ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე, 18-კილომეტრიანი მონაკვეთი, დღეს, 25 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა. ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი მონაკევთის მშენებლობა 2014 წელს დასრულდა, პირველი და მეორე მონაკვეთები კი ჯამში 31,7 კილომეტრია. ეს გზა ბათუმსა და თბილის შორის მგზავრობის დროს დაახლოებით 20-30 წუთით შეამცირებს.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, აჭარის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე, აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორი სკოტ დოუსონი და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი საქართველოში იეშიმ ელჰან-კაიალარი ესწრებოდნენ.

ქობულეთის შემოვლით გზაზე 2 გვირაბი და 15 ხიდი აშენდა, მათ შორის სოფელ საჩინოსთან, საქართველოში, ამ დროისთვის ყველაზე გრძელი ხიდი, რომლის სიგრძე 1 180 მეტრია.

პროექტი  აზიის განვითარების ბანკმა[ADB] დააფინანსა და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 209 852 079  ლარი იყო.

ქობულეთის შემოვლითი გზა ოზურგეთის სოფელ შეკვეთილიდან ქობულეთის სოფელ გვარამდე მონაკვეთში გახსნილია [პირველი ლოტი]. გვარადან მახინჯაურის გვირაბამდე მონაკვეთი [მეორე ლოტი] კი დღეს, 25 ივნისს გაიხსნა.

ამ გზით ავტომანქანით გადაადგილება მახინჯაურის გვირაბიდან ოზურგეთის სოფელ შეკვეთილამდე [და პირიქით] ისე იქნება შესაძლებელი, რომ მანქანა არ გაივლის ჩაქვს [უღელტეხილს], ქალაქ ქობულეთსა და ჩოლოქს [ფიჭვნარს].

ახალი გზა ორზოლიანია და დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე 90 [თუ გზა თავისუფალია 105] კილომეტრია საათში.

ქობულეთის შემოვლითი გზა / ხიდი სოფელ საჩინოსთან/ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტოები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: