მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს ბათუმში კაპიტნები დააჯილდოვეს

დღეს, 25 ივლისს, ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. საზღვაო სასწავლებლების სტუდენტებმა  მემედ აბაშიძის ქუჩაზე საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს. მსვლელობამ ბათუმის ნავსადგურში გადაინაცვლა, სადაც მეზღვაურებსა და სტუდენტებს მეზღვაურის დღე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიულოცა.

დღეს რამდენიმე კაპიტანს საპატიო ჯილდო გადაეცა. დაჯილდოვდა ბათუმის ნასადგურის შორეული ნაოსნობის კაპიტანი, თემურ გადელია, რომელიც არის ღირსების ორდენის კავალერი და წლების განმავლობაში ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას.

ჯილდო გადასცეს ფოთის ნავსადგურის კაპიტანს ვახტანგ თავბერიძეს, რომელმაც 5-ჯერ იმოგზაურა დედამიწის გარშემო.  დააჯილდოვეს ყულევის ნავსადგურის კაპიტანი, ნიკოლოზ ოვჩარენკო, რომელსაც მრავალწლიანი საზღვაო გამოცდილება აქვს, ის იმყოფებოდა ექსპედიციაში ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში.

ზღვაოსნობის დროს გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის, მამა ილია კარტოზიას სახელობის ჯილდო გადაეცა ქართველ მეზღვაურს სოსლან კაკაბაძეს. ის სამი წელი იმყოფებოდა ლიბიის ციხეში, თუმცა ლიბიის სასამართლომ  გაამართლა.

2015 წლიდან გაიცემა  საზღვაო ელჩის საპატიო ჯილდო. მისი მფლობელი ვალდებულია პოპულარიზაცია გაუწიოს საზღვაო სფეროს და ტრანსპორტს. საერთაშორისო ორგანიზაციის საზღვაო ელჩის ტიტული დღეს შორეული ნაოსნობის კაპიტნებს – თამაზ მიქელაძესა და თეიმურაზ გოგრაჭაძეს გადასცეს.

გარდაცვალების შემდეგ  დააჯილდოვეს კაპიტანი შაქრო ვარშანიძე, რომელიც 51 წლის განმავლობაში მსახურობდა საზღვაო სექტორში, იყო ღირსების ორდენის კავალერი.  ჯილდო მისი ოჯახის წევრს გადაეცა.

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ბათუმში. კაპიტნების დაჯილდოების ცერემონია.
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com