მთავარი,სიახლეები

ივლისში ესტაკადის გახსნის შემდეგ ბათუმში მოძრაობა მაიაკოვსკის ქუჩაზე შეიზღუდება

25.06.2018 • 2667
ივლისში ესტაკადის გახსნის შემდეგ ბათუმში მოძრაობა მაიაკოვსკის ქუჩაზე შეიზღუდება

ბათუმის პორტთან მშენებარე ესტაკადის გახსნის შემდეგ მოძრაობა შეიზღუდება მაიაკოვსკის ქუჩაზე – ავტოსადგურიდან გოგოლის ქუჩამდე მონაკვეთში. ესტაკადა ავტომანქანებისთვის პირველ ან 2 ივლისს გაიხსნება, ივლისის შუა რიცხვებიდან კი მაიაკოვსკის ქუჩაზე წყლისა და კანალიზაციის სისტემების შეცვლა, ხოლო მოგვიანებით, ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

„მაიაკოვსკის ქუჩის რეაბილიტაციაზე მერიას კონტრაქტორი კომპანია უკვე გამოვლენილი ჰყავს. წყლისა და კანალიზაციის ახალი ქსელის მოწყობა და ქუჩის რეაბილიტაცია, ალბათ პარალელურ რეჟიმში განხორციელდება. ესტაკადა როცა გაიხსნება, გაკეთდება მობილიზაცია და სამუშაოებიც დაიწყება. მაიაკოვსკის ქუჩა ფართო ქუჩაა და გადაკეტვით არ გადაიკეტება სრულად, მაგრამ გარკვეულწილად შეიზღუდება მოძრაობა“ – გვითხრეს ბათუმის მერიაში.

მერიის ინფორმაციით, უკვე შეთანხმებულია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, სექტემბრის თვიდან, გადაიკეტება გოგოლის ქუჩა მაიაკოვსკისა და ნონეშვილის ქუჩებს შორის, სადაც საკანალიზაციო კოლექტორი უნდა აშენდეს. მშენებლობას, როგორც მერიაში გვითხრეს ერთი თვე მაინც დასჭირდება, შესაბამისად, სექტემბრიდან-ნოემბრამდე გოგოლის ქუჩის აღნიშნული მონაკვეთი გადაკეტილი იქნება ავტოტრანსპორტისთვის.

ესტაკადის მშენებლობის გამო რამდენიმე თვეა გადაკეტილია ბაქოს ქუჩა და ქალაქიდან გამსვლელი ავტომანქანები ბონი-ბარცხანის მიმართულებით გადაადგილდებიან დროებითი სქემით: შავშეთის ქუჩა – მაიაკოვსკის/ბაგრატიონის ქუჩები – გოგოლის ქუჩა – ნონეშვილის ქუჩა [ბარცხანის ხიდი].

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/143424/

მთავარი ფოტო: მაიაკოვსკის ქუჩა ბათუმში / „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: