მთავარი,სიახლეები

ცხოვრება სკოლა-პანსიონში

23.06.2018 • 5797
ცხოვრება სკოლა-პანსიონში

ლუკა ქათამაძე

მე ვარ ლუკა, 16 წლის. მეოთხე წელია სალიბაურის სკოლა-პანსიონში ვსწავლობ. პანსიონში ცხოვრება განსხვავდება ჩვეულებრივი ცხოვრებისგან, ხუთი დღე ვერ ხედავ მშობლებს და, ფაქტობრივად, სკოლაში ცხოვრობ, პარასკევ საღამოს მიდიხარ სახლში, როგორც სტუმარი და ორშაბათს დილას ცხოვრება ისევ სკოლა-პანსიონში გრძელდება.

პანსიონში ცხოვრება არ არის რთული თუ შეეჩვევი, მაგრამ პანსიონი არ არის იმ ბავშვებისათვის, რომლებიც მშობლების გარეშე ვერ ძლებენ. აქ ერთი პრობლემა შეიძლება შეგექმნას – მონატრება. გენატრება დედა და მამა, ერთი სული გაქვს სახლში როდის მიხვალ, რომ ისინი ნახო. როდესაც პანსიონში ხარ, ცდილობ დრო სწავლაში და თამაშში გაატარო და მშობლებზე ფიქრი ცოტა ხნით მაინც ამოიგდო თავიდან.

პანსიონში რომ მოვედი მერვე კლასში ვიყავი. მანამდე თბილისში ვცხოვრობდი და ორხევის #156 საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. შემდეგ მშობლებმა ბათუმში გადაწყვიტეს გადმოსვლა და მე და ჩემმა ძმებმა სალიბაურის სკოლა-პანსიონში დავიწყეთ სწავლა. ორი ძმა მყავს, თორნიკე და ნიკა. თორნიკე ჩემზე ერთი წლით უფროსია, მაგრამ დამელოდა და ერთად  შევედით სკოლაში, ნიკა კი ჩემზე სამი წლით პატარაა.  მანამდე სკოლა-პანსიონში არ გვისწავლია და არ ვიცოდით როგორი სიტუაცია იყო, როგორ უნდა ჩაგვეცვა და ამიტომაც, ტანსაცმელი დიდი ჩემოდნით წავიღეთ. თავიდან იქ დარჩენა გვჭირდა, სულ ერთად დავდიოდით და აღმზრდელს არ ვშორდებოდით, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ შევეჩვიეთ პანსიონის ცხოვრებას, დავინახეთ თუ როგორ იყვნენ ბავშვები იქ, და-ძმებივით.

ახლა სხვაგვარადაა. პანსიონში გატარებული ერთ დღე შენს ცხოვრებაში ხშირად ახალი თავგადასავალია, თუმცა წვიმიანი დღე სულ სხვაა. როდესაც გაკვეთილებს ისწავლი, ეზოში კი იმის გამო ვერ ჩადიხარ, რომ წვიმს, ფანჯარასთან ჯდები და ფიქრობ: ნეტავ ამ წვიმაში რას აკეთებს, იქნებ ისიც ჩემსავით ზის და ჩემზე ფიქრობს… ამ დროს ფანჯრის რაფაზე თავდადებულს ისე შეიძლება დაგეძინოს, ვერც მიხვდე. მერე აღმზრდელი გაგაღვიძებს და გეტყვის, რომ სასადილოში წასვლის დროა.

ჩემთვის სკოლა-პანსიონი სწავლის და ფიქრის ადგილია. ის გაფიქრებს ცხოვრებაზე და იმაზე, თუ რა ცუდია, როცა მშობლები გვერდით არ გყავს და გენატრება, ამიტომ ცდილობ კარგად ისწავლო, მათი იმედები გაამართლო და არ აწყენინო.

ხანდახან სკოლა-პანსიონს ახალი მოსწავლეები ემატება. მოდიან ცოტა დაბნეულები, არ იციან, როგორი იქნება აქ ცხოვრება და ასეთ დროს, როცა მათ ვუყურებ, ხშირად მახსენდება საკუთარი თავი, როგორ ვიყავი მაშინ, როცა პირველად მოვედი სკოლა-პანსიონში.

თუმცა მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.

___________

მომზადებულია „ბათუმელების“ მედიალაბორატორიის ფარგლებში.  

გადაბეჭდვის წესი


ასევე: