მთავარი,სიახლეები

18 ფრანგული თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში

23.06.2018 • 3337
18 ფრანგული თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში

დღეს 23 ივნისს ბათუმის აეროპორტში, 18 ფრანგული თვითმფრინავი დაეშვა. მოყვარული ფრანგი მფრინავები საქართველოს გასაცნობად ჩამოვიდნენ. პილოტები საქართველოში საკუთარი თვითმფრინავებით ,,საფრანგეთი-საქართველო“-ს ავიატურის ფარგლებში ჩამოფრინდნენ.

როგორც ერთ-ერთი მფრინავი ჟან მიშელ კოლინო ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, ის პირველად დეკემბერში ჩამოვიდა საქართველოში და მას შემდეგ სხვა მფრინავებთან ერთად დაგეგმა ტური საქართველოში. მფრინავები სამხრეთ საფრანგეთიდან არიან.

„ჩვენ ვიყავით სერბეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, უნგრეთსა და ავსტრიაში, საქართველოში თურქეთიდან შემოვედით. ეს ჩვენი ჰობია, დაახლოებით 24 წელია ასე დავფრინავთ ახალი ქვეყნების აღმოსაჩენად“-ამბობს ჟან მიშელ კოლინო.

ფრანგი მოყვარული მფრინავები ბათუმის აეროპორტში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ის ამბობს, რომ საქართველოს შესახებ პირველად პრესიდან გაიგო და ბოლო წლებია კიდევ უფრო მეტი ესმოდა ამ ქვეყნის შესახებ.

„ბოლო დროს ევროპაში უფრო ბევრს ლაპარაკობენ საქართველს შესახებ, იმაზე თუ როგორი სტუმართმოყვარე ქვეყანაა და როგორი პეიზაჟები აქვს. ჩვენთვის ეს მოგზაურობა ერთგვარი გამოწვევა“-ამბობს მფრინავი.

მოყვარული ფრანგი მფრინავები ამ ტურით დაახლოებით 10 ათას კილომეტრს გადაიფრენენ.

ფრანგი მოყვარული მფრინავები საქართველოს აღმოსაჩენად ჩამოვიდნენ.
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

მფრინავებს ბათუმის აეროპორტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დახვდა. „ჩვენ დავანგრიეთ სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ ბათუმი მხოლოდ ზღვის კურორტია. გვინდა ზღვის კურორტთან ერთად განვავითაროთ მთის ტურიზმი, სპორტული ტურიზმიც. ახლა ავიატურიზმიც დაგვემატა,“-ამბობს პატარაძე.

ფრანგი მფრინავები ამბობენ, რომ ბოლო დროს ბევრი რამ ესმით ევროპაში საქართველოს ბუნების და სტუმართმოყვარეობის შესახებ
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

მისი თქმით, ამ ტურის ფარგლებში საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებიდან 50-მდე სტუმარი ეწვია. „ვფიქრობთ ბათუმში უნდა შემოვიდეს უფრო მეტი თვითმფრინავი, უფრო მეტი იახტა, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის“.

მფრინავები საფრანგეთში ისევ თურქეთის გავლით დაბრუნდებიან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: