როგორ გააკონტროლებს ბათუმის მერია გადაჭარბებულ ხმაურს[ვიდეო]

გადაჭარბებული ხმაურისთვის ბათუმის მერია პირველი ივლისიდან ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დააჯარიმებს. დღემდე ამის უფლება მხოლოდ საპატრულო პოლიციას ჰქონდა.

როგორ და ვის მიერ მოხდება გადაჭარბებული ხმაურის ინსპექტირება, ამის შესახებ „ბათუმელებს“  მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში უთხრეს, რომ დეტალები პირველი ივლისის შემდეგ ეცოდინებათ.

„თავად ეს სამსახურია ჯერ ჩამოყალიბების სტადიაზე და როცა პირველი ივლისის შემდეგ მერიას გადმოეცემა ხმაურზე ინსპექტირების უფლება, შემდეგ დავიწყებთ ამაზე მუშაობას,“ – გვითხრა სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით ჩხარტიშვილმა.

„იქნება ცხელი ხაზიც, სადაც დარეკავენ მოქალაქეები, ცალკე სერვისცენტრები ამუშავდება ადმინისტრაციულ ერთეულებში და მოქალაქეებს უშუალო კავშირი ექნებათ ამ ცენტრებთან. აქ გამოიყოფიან კონკრეტული პირები, ვინც ზედაჭარბებულ ხმაურზე შეტყობინების შემთხვევაში რეაგირებას მოახდენენ,“-ამბობს დავით ჩხარტიშვილი.

გადაჭარბებული ხმაურისთვის დღეს მოქმედი რეგულაციის მიხედვით, ფიზიკური პირი 150 ლარით ჯარიმდება, იურიდიული პირი კი – 500 ლარით. განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ორმაგდება.

„ჯარიმების ოდენობა ალბათ იგივე დარჩება,“- ამბობს დავით ჩხარტიშვილი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com