მთავარი,სიახლეები

„წიხლებს მირტყამდა ის ბიჭი,“ – გიორგი მიქაუტაძის სასამართლო ჩვენება

22.06.2018 • 4844
„წიხლებს მირტყამდა ის ბიჭი,“ – გიორგი მიქაუტაძის სასამართლო ჩვენება

„აღშფოთება გამოვხატე, რას აკეთებთ, შვილებთან ერთად ვარ-მეთქი. სიტყვასიტყვით ვერ გავიმეორებ, მოვერიდები. რაც ვიდეოშია, ისაა რეალური,“ – ასე უპასუხა მოსამართლემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ ადვოკატის შეკითხვას მოქალაქის გინებაზე. ადვოკატმა სულხან კაპანაძემ მას გონიოს პლაჟზე გადაღებულ ვიდეოზე ჰკითხა, სადაც მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის და 13 წლის არასრულწლოვნის ფიზიკური დაპირისპირება ჩანს, ასევე ისმის მოსამართლის გინება.

გიორგი მიქაუტაძის, როგორც მოწმის ჩვენება დღეს, 21 ივნისს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა მოისმინა.

საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. მოგვიანებით გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზეც დაიწყო, თუმცა გამოძიება კონკრეტულ შედეგზე ამ დრომდე არ გასულა. ყოფილ მოსამართლეს და ამჟამად იუსტიციის საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს ამ საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს.

მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის ხელყოფის მუქარაში ბრალდებული თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე სასამართლოს გირაოს საფუძველზე ჰყავს გათავისუფლებული. ისინი დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან და სკაიპით ერთვებიან სასამართლო პროცესებს.

„დავაკონკრეტებ, ინცინდენტამდე თქვენ შეაგინეთ თამარ ხაჭაპურიძეს?“ – დააზუსტა შეკითხვა ადვოკატმა სულხან კაპანაძემ.

გიორგი მიქაუტაძე: „არ შემიგინებია. თუ ისმის, შეიძლება ასეც ყოფილიყო… მე მათი მოგერიება მიხდებოდა“.

გიორგი მიქაუტაძის განმარტებით, მას თამარ ხაჭაპურიძე მას შემდეგ დაუპირისპირდა, როცა თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი სამართალდარღვევის ფაქტი განიხილა. მოსამართლის თქმით, გონიოს პლაჟზე, 2016 წელს, იგი მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა, როცა თამარ ხაჭაპურიძემ თავდაპირველად სიტყვიერად შეურაცხყო, შემდეგ კი მისი მეუღლე და 13 წლის ბიჭი ფიზიკურად თავს დაესხნენ. მოსამართლემ ვერ თქვა, რომ მან ამ დაპირისპირების შემდეგ რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება მიიღო.

„თამარ ხაჭაპურიძე პლაჟზე ამბობდა, რომ თითქოს მე ჩემი გადაწყვეტილებით დავღუპე მისი ოჯახი, რომ ყველამ უნდა იცოდეს, ვინ ვარ, რა გადაწყვეტილება მივიღე…“ – აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ვერ დააკონკრეტა, სხეულის რა ნაწილზე დაარტყეს მას თამარ ხაჭაპურიძის მეუღლემ და შვილმა. „წიხლებს მირტყამდა ის ბიჭი,“ – თქვა მან.

„კახაბერ ხაჩიძემ ხელი დამარტყა. ისინი ცდილობდნენ ჩემს ანგარიშსწორებას. ბავშვმაც მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა,“ – დაამატა გიორგი მიქაუტაძემ.

„თქვენ მოსამართლე ხართ, პროკურორადაც მუშაობდით… თუკი ასეთ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რატომ არ გამოიძახეთ პოლიცია? თქვენ პლაჟი ისე დატოვეთ, რომ არ მიგიმართავთ პოლიციისთვის“, – იკითხა ადვოკატმა სულხან კაპანაძემ.

გიორგი მიქაუტაძე: „მე ვიძახდი, გამიშვით, გამანებეთ თავი-მეთქი. მინდოდა, როგორმე სასტუმროში მივსულიყავით… ბავშვები უყურებდნენ ამას. სასტუმროში მისვლის შემდეგ მივმართე პოლიციას“.

„თუ ასე თავს დაგესხათ ჩემი მეუღლე და შვილი, რატომ არ ჩანს ის იმ ვიდეო კადრებში, რომელიც თქვენმა მეუღლემ გადაიღო? თქვენ დაადასტურეთ, რომ ეს კადრები რეალურია,“ – მიმართა მოწმეს ბრალდებულმა თამარ ხაჭაპურიძემ.

„რაც იყო გადაღებული, წარმოდგენილია, მე როგორც ვიცი,“ – მოკლედ უპასუხა იუსტიციის საბჭოს მდივანმა მორიგ შეკითხვას.

გონიოს პლაჟის ამსახველი ინციდენტი მობილურით გიორგი მიქაუტაძის მეუღლემ – მაია კვირიკაშვილმა გადაიღო. იმ დროისთვის მაია კვირიკაშვილი პროკურატურის თანამშრომელი იყო. დაცვის მხარის მტკიცებით, ვიდეო კადრები ამოჭრილია და ფიზიკური დაპირისპირების მხოლოდ ნაწილი ჩანს. ვიდეო ჩანაწერში თამარ ხაჭაპურიძე მოსამართლეს ემუქრება.

დაცვის მხარის მტკიცებით, გონიოს პლაჟზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როცა თამარ ხაჭაპურიძემ გადაანერწყვა, რაც მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ პირად შეურაცხყოფად მიიღო და შეიგინა. გინების გამო მოსამართლესა და თამარ ხაჭაპურიძის არასრულწლოვან შვილს შორის სიტყვიერი შეკამათება მოხდა, რომლის შემდეგაც მოსამართლემ ბიჭს სახეში დაარტყა.

„ეს არის ექსპერტიზის დასკვნა, მგონი, კარგად ჩანს,“ – მიმართა ისევ მოწმეს ბრალდებულმა თამარ ხაჭაპურიძემ, – „აქ წერია, რომ ჩემს შვილს ჰქონდა ჭრილობა და ჭრილობიდან მოსდიოდა სისხლი. როცა მე ვიჯექი შეზლონგზე და ამის გამო გამოვხატავდი დედობრივ ემოციას. ამისთვის ახლა ბრალდებულის სკამზე უნდა ვიჯდე? შვილის ტუჩიდან რომ სისხლი დავინახე, ამაზე რეაქცია არ უნდა მქონოდა?“

მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ ამ შეკითხვას პასუხი არ გასცა. გიორგი მიქაუტაძეს ასევე არ მოუწია პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ რატომ გაქრა საქმიდან ბავშვის ცემაზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა.

„მოწმე იკითხება მისთვის ცნობილი გარემოებების შესახებ,“  – აღნიშნა მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა მას შემდეგ, როცა პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა შეკითხვის განრიდების შუამდგომლობა დააყენა.

„დიახ, ზუსტად მისთვის ცნობილი გარემოებაა ეს… რატომ გაქრა საქმიდან დასკვნა, რომ ჩემი შვილი ნაცემი იყო? თქვენ მოახდინეთ თუ არა ზეწოლა პროკურორზე?“ – დაამატა თამარ ხაჭაპურიძემ.

„გთხვოთ, თავი შეიკავოთ შეურაცხმყოფელი განცხადებისგან,“ – მოუწოდა ბრალდებულს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა და გიორგი მიქაუტაძე ისევ დუმილის რეჟიმში დარჩა.

გიორგი მიქაუტაძეს ბრალდებულმა ასევე ჰკითხა, რაში გამოიხატებოდა მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარა, „თუკი დაგიჯერებთ და მართლაც ამ ჩხუბს ჰქონდა ადგილი,“ – დასძინა თამარ ხაჭაპურიძემ.

დაკითხვის პროცესში მოსამართლემ წესრიგის დაცვისკენ არაერთხელ მოუწოდა ბრალდებულს. „წესრიგი“ მოსამართლის მიერ გამოყოფილი დრო აღმოჩნდა – ხვიჩა კიკილაშვილმა თითო ბრალდებულს დაკითხვისთვის 20-20 წუთი დაუთმო. ბრალდებულს კი, მისი შეფასებით, უფლება არ ჰქონდა ეს დრო შეფასებებში გამოეყენებია.

მოსამართლის ამ მიდგომას თამარ ხაჭაპურიძის მორიგი პროტესტი მოჰყვა, საპასუხოდ მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა სკაიპს ხმა გაუთიშა, შემდეგ კი თამარ ხაჭაპურიძეს ეკრანიდან გასვლა მოსთხოვა.

მალევე დასრულდა კახაბერ ხაჩიძის კითხვებიც, რადგან სკაიპ ჩართვაში თამარ ხაჭაპურიძის ხმა შემოვიდა. მოსამართლემ საბოლოოდ გამორთო სკაიპი.

დაარტყა თუ არა სახის არეში ხელი გიორგი მიქაუტაძემ არასრულწლოვანს?  – ეს შეკითხვა პაატა დიასამიძემ დასვა, საია-ს იურისტმა.

გიორგი მიქაუტაძე: „იქ იყო ძალიან ბევრი ადამიანი… მე მისთვის ხელი არ დამირტყამს, არ გამოვრიცხავ, რომ იმ ვითარებაში ნებისმიერს მიეღო დაპირისპირება. მე მის მოგერიებას ვცდილობდი“.

პაატა დიასამიძემ გიორგი მიქაუტაძეს ასევე ჰკითხა, დედის მუქარა მოსამართლის მისამართით ხომ არ უკავშირდებოდა იმას, რომ შვილს ტუჩიდან სისხლი სდიოდა.

„არა, მუქარა ამ პროცესს მუდმივად გასდევდა,“ – მოკლედ უპასუხა იუსტიციის საბჭოს მდივანმა შეკითხვას პაუზის შემდეგ.

მოწმეს მხოლოდ ერთი შეკითხვა დაუსვა პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა. ის დაინტერესდა, რა სამართალდარღვევა განიხილა გიორგი მიქაუტაძემ, როგორც მოსამართლემ თამარ ხაჭაპურიძესთან დაკავშირებით.

„ეს უკავშირდებოდა მართვის მოწმობის ჩამორთმევაზე დადგენილებას. მან ალკოტესტირებაზე თქვა უარი,“ – დასძინა გიორგი მიქაუტაძემ.

„რატომ არ მოითხოვეთ აცილება, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, როცა ხვიჩა კიკილაშვილის უვადოდ გამწესების პროცესში მონაწილეობდით?“- ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ გიორგი მიქაუტაძეს დაკითხვის შემდეგ დაუსვა.

„მე ამ პროცესში მონაწილეობა არ მიმიღია. მე გავაკეთე თვითაცილება დაუყონებლივ მას შემდეგ, რაც გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ ბატონი ხვიჩა იხილავდა საქმეს, რომელშიც მე დაზარალებულად ვმონაწილეობდი, გვიპასუხა მან.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შევახსენეთ, რომ ხვიჩა კიკილაშვილი უვადოდ მიმდინარე წლის თებერვალში გამწესდა, ამ საქმის განხილვა კი მეორე წელია მიმდინარეობს.

გიორგი მიქაუტაძე ირწმუნება, რომ „ამ საქმესთან არანაირი შეხება არ მქონია. ერთხელ გამოკითხული ვარ პოლიციაში და მეორეჯერ ახლა მოვედი. ესაა სულ“.

გიორგი მიქაუტაძე სასამართლოში

გიორგი მიქაუტაძე სასამართლოში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: