მთავარი,სიახლეები

რატომ არის რთული იყო მასწავლებლის შვილი

23.06.2018 • 5687
რატომ არის რთული იყო მასწავლებლის შვილი

სალომე გერძაძე, მოსწავლე

დედაჩემი სოფლის სკოლის მასწავლებელია, ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. მე იგივე სკოლაში ვსწავლობ, სადაც დედა მუშაობს. ზოგი ფიქრობს, რომ კარგია, როცა მშობელი შენივე სკოლის მასწავლებელი, მაგრამ მე მგონია, რომ მასწავლებლის შვილობა ტვირთია და მეტი არაფერი.

ახლავე გეტყვით, რატომ ვფიქრობ ასე.

რა თქმა უნდა კარგია, როცა მშობელი ახლოს გეგულება, მაგრამ არსებობს სტერეოტიპები, რასაც მასწავლებლის შვილი ვერსად გაექცევა. მაგალითად:

I – ყველას ჰგონია, რომ მასწავლებლის შვილი აუცილებლად ბეჯითი და ფრიადოსანი უნდა იყოს.

II – მასწავლებლის შვილი მოწესრიგებული უნდა იყოს, არ უნდა აგვიანებდეს, არ უნდა აცდენდეს გაკვეთილებს და არ მიდიოდეს შატალოზე.

III – როგორც სკოლას შეეფერება, ისე უნდა ეცვას, თუ ასე არ იქნება, საყვედურს შენც მიიღებ და დედაშენიც, თანაც იმავე დღეს.

IV – შეიძლება ვიღაცას ეგონოს, სკოლაში ნიშნებს იმის გამო გიწერენ, რომ შენ მასწავლებლის შვილი ხარ. შესაძლოა ეს შენმა კლასელებმა არასდროს გითხრან, მაგრამ მაინც გაქვს განცდა, რომ ამას ვიღაც იფიქრებს.

V- ყველა აკვირდება შენი ქცევის, ლაპარაკის, სიარულის, ჩაცმის მანერებს.

VI – ხანდახან თანატოლებთან ურთიერთობაც რთულია, იმიტომ, რომ შეიძლება იფიქრონ, რომ ამპარტავანი ხან და მასწავლებლის შვილობა რაიმე პრივილეგიაა შენთვის.

და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

ამ ყველაფრის საკუთარ თავზე გადატანა კვირაში ხუთი დღე არც ისე ადვილია. ძალიანაც რომ მოინდომო, ვერაფერს დამალავ, თუ გაკვეთილი არ იცი, ამას დედა იმავე დღეს გაიგებს, თუ რომელიმე მასწავლებელმა ჩათვალა, რომ არასწორად მოიქეცი – ამასაც და საყვედურებსაც მიიღებ. ახლა თვითონ გადაწყვიტეთ, მასწავლებლის შვილობა ტვირთია თუ პრივილეგია.

___________________________

მომზადებულია „ბათუმელების“ მედიალაბორატორიის ფარგლებში.  

გადაბეჭდვის წესი


ასევე: