მერია ცვლილებებს გეგმავს, გონიო-კვარიათის პლაჟზე კი უკანონო მშენებლობები გრძელდება

3 ივნისს ბათუმში საზღვაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა, თუმცა გონიო-კვარიათის პლაჟების სეზონზე, დროებით სარგებლობაში გადაცემის საკითხი დღემდე მოუგვარებელია – აუქციონები ბათუმის მერიას არ გამოუცხადებია. მეტიც, როგორც მერიაში გვითხრეს, საკრებულოს მიერ შესაბამისი დადგენილების მიღებას ელოდებიან და მხოლოდ შემდეგ გამოაცხადებენ აუქციონებს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საკრებულო დადგენილების პროექტს, სავარაუდოდ, 28 ივნისის სხდომაზე განიხილავს. საკითხი ეხება „ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში“ ცვლილებების შეტანას.

ბათუმის მერიის მიერ საკრებულოში წარდგენილ განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ „მერიამ მოქალაქეთა მოთხოვნის გათვალისწინებით ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, გონიო-კვარიათის ტერიტორიაზე საპლაჟე ნაკვეთები დააგეგმარა და დაჰყო სექტორებად [სულ 41 სექტორი]“.

მერიის განმარტებით, ვინაიდან გონიო-კვარიათის ტერიტორია წარმოადგენს ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონას [ლსზ], „განაშენიანების რეგულირების წესებით“, დაწესებულია ამ ზონაში ობიექტის განთავსებისთვის გარკვეული შეზღუდვები.

მერიაში თვლიან, რომ კონკრეტულად აღნიშნული ზონისთვის დასაშვები სახეობების ჩამონათვალს უნდა დაემატოს ტერიტორიაზე დროებითი კონსტრუქციების, ბუნგალოების და სხვა კვების ობიექტების განთავსება, „რაც ხელს შეუწყობს საკურორტო სეზონისთვის არსებული ტერიტორიის სწორ და ეფექტურ გამოყენება-განვითარებას. ასევე შესაძლებელი გახდება დაინტერესებულ პირებს დროებით სარგებლობაში გადაეცეთ ობიექტები, მისი გამოყენების და მოვლა პატრონობის მიზნით“.

უფრო კონკრეტულად რას გულისხმობს მოსალოდნელი ცვლილებები? – საკრებულოში გვითხრეს, რომ კომენტარს მაშინ გააკეთებენ, როცა საბოლოო დოკუმენტს დაამტკიცებენ.

ვიდრე მერიაში „შესაბამის დადგენილებაში ცვლილებებზე“ მუშაობენ, პარალელურად, გონიო-კვარიათის პლაჟზეც მიმდინარეობს უნებართვო სამუშაოები – კერძო პირები ამონტაჟებენ სხვადასხვა კონსტრუქციას, დგამენ ბუნგალოებს და სხვა.

რის საფუძველზე იდგმება პლაჟზე კონსტრუქციები, რა ბედი ელის ამ ნაგებობებს აუქციონის გამოცხადების შემდეგ, ვინ და რამდენმა პირმა მიიღო გაფრთხილება ან/და რამდენი დააჯარიმეს? – ამ ინფორმაციას, როგორც ბათუმის მერიაში გვითხრეს, ორშაბათს, 25 ივნისს მოგვაწვდიან.

ამავე თემაზე:

კვარიათის პლაჟზე ბუნგალოს უნებართვოდ აშენებენ

კვარიათის სანაპირო მერიას იჯარით არ გაუცია, კონსტრუქციებს კი მაინც ამონტაჟებენ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com