მთავარი,სიახლეები

გიორგი მიქაუტაძე ხელვაჩაურის სასამართლოს ჩვენებას აძლევს – ინციდენტი გონიოს პლაჟზე

22.06.2018 • 2423
გიორგი მიქაუტაძე ხელვაჩაურის სასამართლოს ჩვენებას აძლევს – ინციდენტი გონიოს პლაჟზე

ამ წუთებში ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ჩვენებას გიორგი მიქაუტაძე აძლევს – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. მოგვიანებით გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზეც დაიწყო, თუმცა გამოძიება კონკრეტულ შედეგზე ამ დრომდე არ გასულა. ყოფილ მოსამართლეს და ამჟამად იუსტიციის საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს ამ საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს.

გიორგი მიქაუტაძის ჩვენების მიცემის დაწყებამდე, ბრალდებულმა თამარ ხაჭაპურიძემ მოსამართლის აცილების საკითხი დააყენა.

“ირღვევა მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპი. პროკურორს ნებისმიერ დროს აქვს უფლება თქვას ის, რაც მას უნდა, ჩვენ – არა,” – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა თამარ ხაჭაპურიძემ. იგი მეუღლესთან, კახაბერ ხაჩიძესთან ერთად გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული და დიდ ბრიტანეთში იმყოფება. ბრალდებულები სასამართლო პროცესს სკაიპით ერთვებიან.

მოსამართლემ ბრალდებულს შეახსენა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება, როგორც დაპატიმრების, ასევე გირაოთი გათავისუფლების შესახებ.

“ამიტომაცაა, რომ ახლა ინგლისიდან გვესაუბრებით. მაშინ რატომ არ გაგიჩნდათ მიკერძოებულობის განცდა, როცა გირაოთი გაგათავისუფლეთ?” – გაცხარდა მოსამართლე. მან თამარ ხაჭაპურიძის შეპასუხებას აღარ მოუსმინა და თქვა, რომ მისი აცილების შესახებ შუამდგომლობა წინა სხდომებზე უნდა დასმულიყო.

“ხმამაღლა იმიტომ ვსაუბრობ, რომ კარგად გაიგოთ,” – მიმართა მოსამართლემ ბრალდებულს და ჩაქუჩი ხმაურიანად ჩამოჰკრა.

დაკითხვა გრძელდება.


ამ საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დეტალები: 

გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის მოსპობის მუქარის საქმის პარალელურად გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზეც მიმდინარეობს, თუმცა, აქამდე არ დაუკითხიათ ამ საქმის მთავარი პირი – თამარ ხაჭაპურიძის და კახაბერ ხაჩიძის არასრულწლოვანი შვილი. პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა ერთ-ერთი პროცესის შემდეგ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მოზარდის ცემის საქმეზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი – გიორგი მიქაუტაძე დაკითხეს. ამ საქმესთან დაკავშირებით სხვა არაფერია ცნობილი.

მიქაუტაძის სიცოცხლის მოსპობის მუქარის საქმიდან გაუჩინარდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ 13 წლის ბიჭი ნამდვილად ნაცემია. ირკვევა, რომ ეს დასკვნა საქმიდან პროკურორმა ამოიღო შემდეგი მოტივით: ექსპერტიზა მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარის საქმეზე კი არა, არასრულწლოვნის ცემის საქმეზე ჩატარდა.

თუმცა, ახლახან, ერთ-ერთ სასამართლოს პროცესზე, მოწმის სახით დაბარებულმა პოლიციელმა განაცხადა, რომ არასრულწლოვანს ექსპერტიზა სწორედ გიორგი მიქაუტაძის საქმეზე ჩაუტარდა.

სასამართლოს წინა სხდომაზე პროკურორ დავით ხარძეიშვილს მოსამართლემ ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა დაავალა.

გიორგი მიქაუტაძე სასამართლოში

გადაბეჭდვის წესი