რა ღირს პატიმრებისთვის წერილობითი კავშირი გარესამყაროსთან?

„ბათუმელების“ მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, მედიაში პატიმრების გამოგზავნილი წერილების რაოდენობა 2017 წლის მეორე ნახევრიდან საგრძნობლად შემცირდა, 2018 წლიდან კი რედაქციაში არცერთი ასეთი წერილი აღარ მოსულა. 2016-17 წლებში საპატიმროდან რედაქციის მისამართზე ყოველკვირეულად დაახლოებით 4-5 კორესპონდენცია იგზავნებოდა.

ახლა პატიმრებს აჭარის არ უმაღლეს საბჭოში, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებში ოფიციალური კორესპონდენციის გაგზავნისთვის გარკვეული თანხის გადახდა უწევთ.

„დემოკრატიის ინსტიტუტში” რომელიც ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს ახორციელებს და „ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიაში” ადასტურებენ, რომ კორესპონდენციებზე დაწესებული გადასახადი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა.

ჩნდება ლოგიკური ეჭვი, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან პატიმრების პირდაპირი კავშირი არასასურველ ფაქტად მიაჩნია.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე მიიჩნევს, რომ კორესპონდენციებზე ტარიფის დაწესებას თავისი სამართლებრივი საფუძვლები ჰქონდა. მისივე თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტრო ფოსტას დიდ თანხას უხდიდა, შესაბამისად, ფასიანი გახდა საპატიმროდან ზოგიერთი დაწესებულებისთვის მიწერა.

ცოტნე ანანიძე: „ადამიანის უფლებათა კომიტეტშიც შემცირდა კორესპონდენციების რაოდენობა. შეიძლება ბევრი არ არის 2.40 ლარი ერთი წერილის გამოსაგზავნად, თუმცა ხშირად პატიმრებს ამის გადახდაც უჭირთ.

მინისტრის მეასე ბრძანების მიხედვით განსაზღვრულია ნუსხა, სადაც კორესპონდენციების გაგზავნა შეუძლიათ პატიმრებს უფასოდ: საქართველოს მთავრობასთან, სასჯელაღსრულების სამინისტროსთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, სახალხო დამცველთან და ა.შ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს პენიტენციურ სისტემაში შესვლის უფლება არ აქვთ. საშემოდგომო სესიაზე ვაპირებთ მოვითხოვოთ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან მოწერა გახდეს უფასო.

მართალია, სრულად არ აქვთ შეზღუდული პატიმრებს კორესპონდენციების გაგზავნის უფლება, თუმცა მედიასა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან  რომ ჰქონდეთ უფასოდ მიწერის საშუალება, უმჯობესი იქნებოდა“.

ადამიანის უფლებათა კომიტეტთან ერთად, საშემოდგომო სესიაზე, ამავე საკითხის ინიცირებას აპირებს „დემოკრატიის ინსტიტუტიც“. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის, არჩილ ხახუტაიშვილის თქმით, არის თემები, რაზეც პატიმრებს აქვს პრეტენზიები: გარემო-პირობები, საბადრაგო სამსახურთან ურთიერთობის პირობები, მოპყრობის პირობები, სოციალური კუთხის პრობლემები, ჯანდაცვის პრობლემები, ციხისთვის დამახასიათებელი ტიპური პრობლემები – ამ ყველაფრის შესახებ დემოკრატიის ინსტიტუტიც იღებდა საპატიმროდან წერილების დიდ ოდენობით. და ეს შეწყდა.

დემოკრატიის ინსტიტუტი ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში თანამშრომლობს ამ სეგმენტთან და ამიტომ პატიმართა უკმაყოფილება კორესპონდენციებზე ფასის დაწესების გამო ორგანიზაციამდე მაინც აღწევს.

არჩილ ხახუტაიშვილი: „ყოფილი პატიმრებს უთქვამთ ჩვენთვის, რომ სურდათ მიწერა აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის, თუმცა არ ჰქონდათ თანხა, რაც წერილის გასაგზავნად იყო საჭირო. რატომ არ უნდა შეეძლოს აჭარის რეგიონის მკვიდრ პატიმარს საკუთარ დეპუტატს მისწეროს წერილი უფასოდ მაშინ, როცა პარლამენტისთვის მიწერა უფასოა.

ერთადერთია სახალხო დამცველი, ვისაც ნებისმიერ დროს შეუძლია საპყრობილეში შესვლა. არასამთავრობოებს ამის უფლება არ გვაქვს. ფაქტია, რომ იკლო კორესპონდენციებმა და ჩვენ ამის მიზეზად კორესპონდენციებისთვის დაწესებულ გადასახადს მივიჩნევთ. მონიტორინგი არსებობს იმისთვის, რომ გამოვლინდეს პრობლემები. თუ რაღაცის დამალვა გინდა და არა იმის ჩვენება, რაც მართლა არის, მაშინ ზღუდავ ხედვის არეალს მესამე თვალისთვის“.

არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ პატიმართა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობოებს საპატიმროებში შესვლის უფლება ისევ უნდა მიენიჭოთ, რადგან  არასამთავრობო სექტორის აქტიური ჩართულობა მონიტორინგის პროცესში პენიტენციური სისტემის პრობლემების სწრაფ გამოვლენასა და ხარვეზების პრევენციას შეუწყობს ხელს.

პარლამენტის საშემოდგომო სესიამდე კი პატიმრებს, ყოველ გაგზავნილი წერილზე, 2 ლარისა და 40 თეთრის გადახდა მოუწევთ. საშემოდგომო სესიაზე „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და  უმაღლესი საბჭოს „ადამიანის უფლებათა კომიტეტი“ ტარიფის გასაუქმებლად კანონში ცვლილებების საკითხს დააყენებს.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თამუნა ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან