მიწის გამარტივებული რეგისტრაცია შესაძლოა მომავალ წლამდე გაგრძელდეს

მიწის გამარტივებული რეგისტრაცია შესაძლოა მომავალი წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდეს. კანონში ცვლილების შეტანის ინიციატივით იუსტიციის სამინისტრომ პარლამენტს უკვე მიმართა.

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა 2016 წლის პირველ აგვისტოს ამოქმედდა, რაც მიწის გამარტივებული ფორმით რეგისტრაციას გულისხმობს. იმდროინდელი ცვლილებით, პროგრამა 2018 წლის პირველ ივლისს უნდა დასრულდეს.

მიწის რეგისტრაცის გამარტივებული ფორმის მიხედვით, საჯარო რეესტრი რეგისტრაციის პროცესის თანამონაწილეა და დოკუმენტების, მათ შორის, საარქივო დოკუმენტაციის, მოძიებაში მოქალაქეს საჯარო რეესტრი ეხმარება.

ამ პროგრამის ფარგლებში ასევე გაიზარდა იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალიც, რომლის საფუძველზეც მიწის რეგისტრაციაა შესაძლებელი. დღევანდელი მდგომარეობით, ქონების რეგისტრაციაზე უარის მიზეზი მხოლოდ დოკუმენტებში არსებული მნიშვნელოვანი შეუსაბამობაა. უმნიშვნელო ხარვეზი − მფლობელის სახელის, გვარის შეუსაბამობა, უზუსტობა ასოებში, არასწორი დაწერილობა და სხვა − აღარ არის მიწის რეგისტრაციის ხელშემშლელი, თუ პიროვნების სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (მაგალითად, პირადი ნომერი, საცხოვრებელი მისამართი და ა. შ.) ერთმანეთს შეესაბამება. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონებისათვის.

მიწის რეგისტრაციის არსებული მოდელის მიხედვით, სახელმწიფო მესაკუთრეებს დავების მოგვარებაშიც ეხმარება. მედიატორების, მათ შორის, სანოტარო მედიაციის, მეშვეობით, სახელმწიფო მოქალაქეებს საკუთრებაზე წარმოქმნილი დავების მარტივად, სასამართლო დავის გარეშე, მოგვარებაში ეხმარება.

გარდა ამისა, შემუშავდა საამზომველო ნახაზის ერთიანი სტანდარტი.

ამავე თემაზე:

მიწის რეგისტრაცია უფასოდ კიდევ 7 თვე გაგრძელდება

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი