მთავარი,სიახლეები

როგორ დავიცვათ ბავშვები ცხელ ამინდში და სხვა საზაფხულო რეკომენდაციები

21.06.2018 • 4454
როგორ დავიცვათ ბავშვები ცხელ ამინდში და სხვა საზაფხულო რეკომენდაციები

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის დადგომასთან ერთად რეკომენდაციებს ავრცელებს, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი ზაფხულის სიცხისგან.

ვინ იმყოფება ყველაზე მეტად რისკის ქვეშ?

მაღალი ტემპერატურა გავლენას ახდენენ ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების ყველაზე მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან:

  • 75 წლისა და ზემო ასაკის ხანდაზმულები
  • ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები
  • ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით კი გულისა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირები
  • გადაადგილების პრობლემის (მაგ. პარკინსონის დაავადება, ინსულტი) მქონე პირები
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის მქონე პირები
  • გარკვეულ პრეპარატებზე მყოფი პირები, მ.შ. პრეპარატებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ოფლის გამოყოფასა და ტემპერატურის კონტროლზე
  • ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები და წამალდამოკიდებული (ნარკოტიკების მომხმარებლები) პირები
  • ფიზიკურად აქტიური პირები (მაგ. მძიმე ფიზიკურ სამუშაოებში ჩართული პირები, სპორტსმენები)
როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს:

შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32 გრადუსს, ხოლო ღამით –  24 გრადუსს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელსგადაცილებული ადამიანებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ.

  •  ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის).
  • დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა – დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრომოწყობილობები და ხელოვნური განათება.
  • მზის მხარეს ჩამოაფარეთ ფარდები, ჟალუზები, დარაბები.
  • ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.
  • თუ სახლში გაქვთ კონდენციონერი, დაკეტეთ კარები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია.
  • ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 35 გრადუსს.
  • მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.
  • მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი, და სხვა.
  • ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა, და მზისგან დამცავი სათვალე.
  • იხმარეთ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი ბალიში, რათა სიცხის დაგროვება აიცილოთ თავიდან.
  • მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა.
  • საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.

სახიფათო სიმპტომები 

  • თუ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ მოთავსდით გრილ ადგილას და გაიზომეთ სხეულის ტემპერატურა.
  • მიიღეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი.
  • თუ გაქვთ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. თუ აღნიშნული სიმპტომები ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
  • ექიმს მიმართეთ მაშინაც, თუ გრძნობთ უჩვეულო სიმპტომებს და ეს სიმპტომები დიდხანს ნარჩუნდება.
  • თუ ვინმემ თავი შეუძლოდ იგრძნო, მოსასვენებლად გადაიყვანეთ გრილ ადგილას, მიეცით დიდი რაოდენობით სითხე.
  • მიმართეთ ექიმს, თუ პიროვნებას აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევა ან კრუნჩხვები.
  • თუ შეამჩნევთ, რომ ოჯახის რომელიმე წევრი, ან ნებისმიერი ადამიანი, რომ ცხელია, კანი გამომშრალი აქვს, ბოდავს, კრუნჩხვები აქვს ან დაკარგა გონება, სასწრაფოდ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ან დაუკავშირდით ოჯახის ექიმს.  სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაზარალებული გადაიყვანეთ გრილ ადგილას, დააწვინეთ ჰორიზონტალურად, აუწიეთ ფეხები, გაუხსენით ტანსაცმელი, რომ არ უჭერდეს; კისერზე, იღლიის ქვეშ, საზარდულის არეში დაადეთ ყინულის პაკეტი, ტანი დაუზილეთ 25-30 გრადუსი ტემპერატურის წყლით და გაუზომეთ სხეულის ტემპერატურა. გონება დაკარგული ადამიანი მოათავსეთ გვერდზე.
  •  თუ გაქვთ ქრონიკული დაავადების დიაგნოზი ან იღებთ ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტს, მათი დოზისა და მიღების ჯერადობის შესახებ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

როგორ დავიცვათ ბავშვები ძლიერი სიცხისაგან

ძლიერმა სიცხემ ბავშვებში შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის დაავადებები. რამდენადაც შესაძლებელია მაქსიმალურად დაიცავით თქვენი ბავშვი ძლიერი სიცხისგან, დააკვირდით მას და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე დაუკავშირდით ექიმს. ძლიერმა სიცხემ შესაძლოა გამოწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა.

დაუკავშირდით ბავშვის ექიმს მაშინვე, როცა რომელიმე ქვემოთ არსებულ სიმპტომს შენიშნავთ:

  • სისუსტე
  • ძლიერი დაღლილობა
  • თავის ტკივილი
  • ცხელება
  • ინტენსიური წყურვილი
  • შარდის შეკავება
  • გულის რევა
  • ღებინება
  • ჩვეულებრივზე სწრაფი და ღრმა სუნთქვა
  • დაბუჟება
  • კუნთების ტკივილი
  • კუნთების სპაზმი
  • ქცევის ცვლილებები (ძილიანობა, ცუდ გუნებაზე ყოფნა)
  • გაატარეთ რამდენიმე საათი თქვენს შვილთან ერთად გრილ ადგილზე. ეს შეიძლება იყოს ხის ჩრდილი, საცურაო აუზი, შადრევანი ან კონდიცირებადი ადგილები – სავაჭრო ცენტრები, მაღაზიები ან საჯარო ბიბლიოთეკა
  • აბანავეთ ბავშვი გრილ წყალში მანამ, სანამ არ იგრძნობს თავს ხალისიანად (გამოცოცხლებულად). ყოველთვის ადევნეთ მას თვალყური აბაზანაში.
  • თუ იყენებთ ვენტილატორს, დადგით იგი უსაფრთხო მანძილზე ბავშვისგან და აკონტროლეთ ჰაერის ნაკადის მიმართულება
  • არასდროს დატოვოთ ბავშვი გაჩერებულ (პარკირებულ) ტრანსპორტში ან მზის სხივების ქვეშ. გრილი ტემპერატურის დროსაც კი მანქანაში შეიძლება ტემპერატურამ სწრაფად მოიმატოს. ღია ფანჯარის შემთხვევაშიც კი, 10 წუთში ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს 6 გრადუსით. მანქანაში დატოვებული ბავშვი/უფროსი არის როგორც სითბური დაავადებების განვითარების, ასევე სიკვდილის დადგომის რისკის ქვეშ.
  • თუ შეამჩნიეთ, რომელიმე სიმპტომი ძლიერი სიცხის დროს, სასწრაფოდ გადაიყვანეთ ბავშვი გრილ ადგილას და მიეცით მას დიდი რაოდენობით სითხე, ხოლო თუ თქვენ ძუძუთი კვებავთ მას, მაშინ რძე საკმარისად არის ჰიდრატირებული და დამატებითი სითხის მიცემა არ არის საჭირო. თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ თქვენც უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, რათა გქონდეთ საკმარისი რძე ბავშვის გამოსაკვებად.

ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან ის ბავშვები, რომლებსაც აქვთ სუნთქვის გაძნელება (ასთმა), გულსისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებები, დიარეა, შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები. 

არ დაგავიწყდეთ თქვენი ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობაც. სახლში ჩაკეტვით ბავშვები შეიძლება გახდნენ ნერვიულები და მოუსვენრები. ამიტომ წინასწარ დაგეგმეთ სახლში გასართობი აქტივობები და თამაშები, რაც შეზღუდავს მათ მიერ ტელევიზორთან გატარებულ დროს.

რა უნდა გავითვალისწინოთ კვებისას 

ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების შემთხვევები. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დიარეული დაავადების შემთხვევათა 50%-ზე მეტი ზაფხულობით რეგისტრირდება, რაც დაკავშირებულია გარემოში მაღალ ტემპერატურაზე პათოგენური მიკრობების ცხოველმყოფელობის გაძლიერებასთან.

ქვეყანაში რეგისტრირებულ შემთხვევათა უდიდესი წილი (60-65%) მოდის ბავშვთა ასაკზე, რაც შეიძლება აიხსნას არა მარტო ამ ასაკში დაავადების მაღალი მიმღებლობით, არამედ მოზრდილი ასაკის ავადმყოფთა შორის ფართოდ გავრცელებული თვითმკურნალობის პრაქტიკით.

წყლითა და საკვებით გამცემი დაავადებების თავიდან აცილების მიზნით, გახსოვდეთ:

  • წყალსადენში წყლის წყვეტილი მიწოდებისას, წყალმა სასურველია იდინოს არანაკლებ 10 წუთი და შემდეგ გამოიყენოთ სასმელად ან საკვების მოსამზადებლად;
  • არ გამოიყენოთ სასმელად წყალი ადუღების გარეშე, თუ მის უვნებლობაში დარწმუნებული არ ხართ, ანადუღარი წყალი უსაფრთხოა მომდევნო 24 საათის განმავლობაში;
  • სასურველია წყლის გამწმენდი სხვადასხვა ტიპის საოჯახო ფილტრების გამოყენება, უსაფრთხოა ცენტრალიზებული წყალსადენის წყალი, რომელიც იფილტრება და დეზინფიცირდება;
    გამოიყენეთ სუფთა სასმელი წყალი: ხილისა და ბოსტნეულის გასარეცხად, საკვების მოსამზადებლად, სასმელების დასამზადებლად, ყინულის მოსამზადებლად, ჭურჭლისა და სამზარეულოს სხვა ინვენტარის გასარეცხად, ხელების დასაბანად.
  • მოხმარების წინ ცხოველური წარმოშობის საკვები, განსაკუთრებით ფრინველის, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი ძალიან კარგად უნდა დამუშავდეს თერმულად (შეიწვას ან მოიხარშოს);
  • მომზადებული კერძი სასურველია მიიღოთ ჯერ კიდევ ცხელი ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გაცხელდეს;
  • მომზადებული საკვების ხელახალი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, მაცივარში ცალკე უნდა შეინახოთ უმი და თერმულად დამუშავებული პროდუქტი. უმი პროდუქტი შეფუთული, ხოლო თერმულად დამუშავებული პროდუქტი – თავდახურულ ჭურჭელში;
  • უმი და მოხარშული პროდუქტის დასამუშავებლად იქონიეთ ცალ-ცალკე დაფები;
  • არ მიიღოთ უმი, ნახევრად მოხარშული ან შემწვარი კვერცხი, აგრეთვე გოგლიმოგლი ან სახლში დამზადებული ნაყინი;
  • საკვებად არ გამოიყენოთ ჭუჭყიანი ან გაბზარული კვერცხები;
  • არ მიიღოთ აუდუღარი რძე და რძის პროდუქტები;
  • სალათები უნდა შეიკაზმოს მაიონეზით ან არაჟნით უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ;
  • მწვანილი და ხილი ჯერ უნდა ჩალბეს და შემდეგ გულდასმით უნდა გაირეცხოს გამდინარე, სანდო ხარისხის წყლით, სასურველია ხილი მიიღოთ საღი, ახლად გაფცქვნილი;
  • სასურველია ზაფხულის პერიოდში უარი თქვათ მოხარშული და ათქვეფილი ნაღებით მომზადებული ტორტების და კრემიანი ნამცხვრების მოხმარებაზე, ან/და მათი მომზადებისას გამოიყენოთ მხოლოდ დაუზიანებელი, სუფთა ნაჭუჭიანი კვერცხი და ისეთი პროდუქტები, რომელთა შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადები დაცულია;
    დაუშვებელია დიარეის (ფაღარათის) მქონე პირების მონაწილეობა საკვების მომზადებაში, ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფების, მოხუცებისა და ბავშვების მოვლაში;
  • დაავადებათა კლინიკური ნიშნების გა­მო­ვ­ლენისთანავე აუცილებელია მი­მა­რ­­თოთ ექიმს;
  • ექიმის მოსვლამდე თავი შეიკავეთ საკვებისა და ანტიბაქტერიული წამლების მიღებისგან. აუცილებელია ავადმყოფს დაალევინოთ ე.წ. ორალური სარეჰიდრატაციო საშუალებები (რეჰიდრონი ან მისი ანალოგები) ან ანადუღარი წყალი ან სუსტი ჩაი, რადგან ღებინებისა და ფაღარათისგან ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს;
  • დაუშვებელია თვით­მკურ­ნა­ლობა, არასწორად ჩატარებული მკურნალობა ხელს უწყობს ქრო­ნიკული დაავადების ჩამოყალიბებას.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: