მთავარი,სიახლეები

რას და როგორ აპროტესტებენ საქართველოში – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

21.06.2018 • 3088
რას და როგორ აპროტესტებენ საქართველოში – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„აქციები ისევ მიდის მთავრობის გადადგომის მოთხოვნამდე და არა კონკრეტული პრობლემის მოგვარებამდე,“ – ასე ახასიათებს ბოლოდროინდელი საპროტესტო აქციების ტენდენციას პოლიტოლოგი ლევან კახიშვილი. პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსს ვკითხეთ, რა ჩანს ამ საპროტესტო აქციებიდან, რამდენად შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება და ხელისუფლების რეაგირება, რატომ ითხოვს საზოგადოება აქციის აპოლიტიკურობას.

ბატონო ლევან, ბოლო დროს ყველაზე ხალხმრავალი აქცია დავით სარალიძის მკვლელობას უკავშირდებოდა. რა აჩვენა თქვენთვის ამ აქციებმა პოლიტიკური, ასევე საზოგადოებრივი აქტიურობის კუთხით? 

პირველ რიგში, აჩვენა ის, რომ საკმაოდ სწრაფად არის შესაძლებელი საზოგადოებრივი აზრის მობილიზება. ეს კარგია იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოებას შეუძლია საკუთარი პროტესტის გამოხატვა მობილიზებულად.

რაც შეეხება პოლიტიკურ აქტივობას, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია მომართულია იმისკენ, რომ საზოგადოებაში არსებული პროტესტი გამოიყენოს და პოლიტიკური თვალსაზრისით დაწინაურდეს. შესაბამისად, არ უნდა ველოდოთ, რომ პოლიტიკური პარტიები საზოგადოებრივი პროტესტისგან განზე გადგებიან და ამაში არ ჩაერთვებიან, ეს ცუდიც კი იქნებოდა პოლიტიკური აქტივობის თვალსაზრისით.

მეორე საკითხია, რამდენად არის ნდობა პოლიტიკური პარტიების მიმართ ზოგადად და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. ისმოდა განცხადებები, რომ ამ პარტიას არ აქვს უფლება ასეთ პროტესტში მიიღოს მონაწილეობა, რადგან ესაა თემა, რის გამოც ენმ-მ ხელისუფლება დაკარგა. მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა ბოლომდე ლოგიკური არ არის. თუკი პოლიტიკურ პარტიას აქვს გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, ეს უნდა გამოიყენოს საზოგადოებამ. უნდობლობის დაძლევის კუთხით, პირველ რიგში, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იმუშაონ.

ამ საპროტესტო აქციას ბათუმში რამდენიმე ორგანიზატორიც კი გაემიჯნა იმ მოტივით, რომ ტრიბუნაზე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები გამოვიდნენ. 

ეს აჩვენებს იმას, რომ არსებობს ნდობის პრობლემა, რაზეც აუცილებლად უნდა იმუშაონ პოლიტიკოსებმა. ჩვენ, საზოგადოებამ კი უნდა გავაცნობიეროთ, რომ აპოლიტიკური აქცია არ არსებობს. შესაძლოა, არსებობდეს პოლიტიკური პარტიებისგან დაცლილი აქცია, მაგრამ აქცია, რომლის მიზანიც არის კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენა, ვერ იქნება აპოლიტიკური.

თუკი აქციის მიზანი მხოლოდ მთავრობის გადადგომა იქნება, რა გამოვა, დაინიშნება არჩევნები და არ იქნება პოლიტიკური ძალა, ვისი მოსვლაც გვინდა ხელისუფლებაში. საზოგადოებამ არ უნდა მისცეს საკუთარი პროტესტის გამოყენების უფლება რომელიმე პოლიტიკურ ძალას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე აქცია უნდა იყოს აპოლიტიკური.

თქვენი დაკვირვებით რა შეიცვალა საპროტესტო აქციების კუთხით ბოლო წლებში? 

პირველი, რა დასკვნის გაკეთებაც შემიძლია არის ის, რომ ქართული საზოგადოება ამ ეტაპზე მეტად მობილიზებულია კონკრეტულ საკითხებზე და გამოდის ქუჩაში, თუ ეს პროტესტი გააჩნია. მეორე არის ის, რომ, ფაქტობრივად, ყველა დემონსტრაცია გადაიზარდა მთავრობის გადადგომის მოთხოვნაში. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ გამოვედით ამ მდგომარეობიდან და ყველა პრობლემის მოგვარებას ვხედავთ მთავრობის გადადგომაში. ეს ასე არ უნდა იყოს, რადგან მთავრობის გადადგომა არ არის მთავარი პრობლემა. მთავარი პრობლემა ის კი არ არის, ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას, პრობლემაა, როგორ ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება. თუკი პრობლემაა, მაგალითად, სასამართლოს დამოუკიდებლობა, აქციის აქტივმა უნდა იფიქროს სწორედ იმაზე, თუ როგორ გახდეს სასამართლო ხელისუფლება უფრო დამოუკიდებელი და არა ის, რომ პრემიერი გადადგეს.

აქციის მიზანი უნდა იყოს პრობლემის მოგვარება და არა კონკრეტული თანამდებობის პირის გადაყენება. თანამდებობიდან წასვლა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია და ეს ყოველთვის არის შესაძლებელი, როცა საზოგადოების მხრიდან ზეწოლა არსებობს.

აქციამ „ნუ მომკლავ“ ხომ არ აჩვენა, რომ საზოგადოება ყველაზე მგრძნობიარეა უსამართლობასთან, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე? 

კი, ქართული საზოგადოება ნამდვილად ყველაზე მგრძნობიარეა უსამართლობის მიმართ, ასევე როცა საქმე პიროვნების თავისუფლების შეზღუდვას ეხება. იგივე ახალგაზრდების საპროტესტო აქციები კლუბ „ბასიანთან“ ამას ადასტურებს. უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ყველას, ან როცა სამართალდამცავი საკუთარ უფლებამოსილებას ამეტებს, ყოველთვის იწვევს ფართომასშტაბიან პროტესტს.

რატომ ვერ იმართება ხალხმრავალი აქციები სხვა კონკრეტული ჯგუფების მხარდასაჭერად, მაგალითად, მაღაროელების, ან მშენებლების, რომლებიც პერიოდულად ვარდებიან დაუცველი მშენებლობებიდან და კვდებიან. 

პირველ რიგში, შეიცვალა დამოკიდებულება იმ კუთხით, რომ შესაძლოა აქცია ხალხმრავალი აღარ იყოს და გაიმართოს რომელიმე კონკრეტულ პრობლემაზე. ფაქტი ისაა, რომ ჯერ კიდევ გვაკლია სოლიდარობა და თანაგრძნობა, რადგან თუკი ჩემი ძმა მაღაროელი არ არის და ყოველდღე არ ვუყურებ უშუალოდ ამ პრობლემას, მაშინ საპროტესტო აქციაზე არ გავდივარ. ხალხმრავალი აქცია იმართება იმ შემთხვევაში, როცა ადამიანებს უჩნდებათ განცდა, რომ ეს პრობლემა მათაც შეიძლება შეეხოთ.

ნარკოდანაშაულის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული აქციებიც გამოირჩევა სიმრავლით. 

ამას განაპირობებს ახალგაზრდების მობილიზება. ჩვენ მივიღეთ კიდეც ამ საკითხზე ორიენტირებული სოციალური მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ სახით. ზოგადად, ახალგაზრდები უფრო მარტივად ახერხებენ აქციის მობილიზებას, რადგან მათი 71 პროცენტი იყენებს ინტერნეტს ყოველდღიურად და, შესაბამისად, არის სოციალურ ქსელში. ამ გზით იოლია მასობრივი საპროტეტსო აქციის მობილიზება. რაც უფრო მაღალია ადამიანის ასაკი საქართველოში, მით უფრო დაბალია ინტერნეტის გამოყენების შემთხვევები. იგივე სარალიძის შემთხვევაში, პირველი საპროტესტო აქციები ახალგაზრდებმა დაგეგმეს – „ნუ მომკლავ“, რასაც მალევე მოჰყვა გენერალური პროკურორის თანამდებობიდან წასვლა.

საზოგადოებრივი პროტესტი ანგარიშგასაწევი რა შემთხვევაში ხდება?

ძირითადად, ეს არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გვესმის პოლიტიკა, სამოქალაქო აქტივიზმი და რამდენად ინფორმირებული ვართ იმასთან დაკავშირებით, თუ რის შეცვლა გვინდა და როგორ მოვახდინოთ საკუთარი ინტერესების ადვოკატირება, როგორ უნდა მოვახდინოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენა. ჩვენთან აქციების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ცოდნის ნაკლებობა კონკრეტულად პრობლემის მოსაგვარებლად. ამას სჭირდება ანალიზი, კვლევა, რასაც უნდა აკეთებდნენ სამოქალაქო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები. ისინი უნდა სთავაზობდნენ საზოგადოებას კონკრეტულ ხედვას. სამწუხაროდ, ასე საათივით აწყობილი საზოგადოება ჯერ ჩვენ არ გვაქვს.

საპროტესტო აქციები რამდენად ტოვებს განცდას, რომ მოქალაქეები რეალურად ცვლიან პოლიტიკას? 

ამ განცდას უნდა ტოვებდეს, პირველ რიგში, ხელისუფლების რეაქცია აქციებთან მიმართებაში, როგორ რეაგირებს იგი ამ ყველაფერზე. კლუბების აქციაზე გვქონდა შინაგან საქმეთა მინისტრის ბოდიში, თუმცა ვფიქრობ, მან კარგად ვერ დააფასა ახალგაზრდების ძალა და დაუშვა შეცდომა შემდგომ გადაწყვეტილებებში. მეორე მნიშვნელოვანი აქცია იყო სარალიძის შემთხვევა. აქ მთავარი პროკურორი გადადგა. ეს მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოებას გაუჩნდა შეგრძნება, რომ აქცია მნიშვნელოვანია.

ეს არის ხელისუფლების ერთგვარი ტაქტიკა, ამიტომაც ვამბობ, რომ აქცია ორიენტირებული უნდა იყოს პრობლემის მოგვარებაზე და არა ვინმეს გადადგომაზე. თუკი, მაგალითად, ვითხოვთ სამართლიან გამოძიებას, ეს მოთხოვნა ისევ უნდა იყოს აქტუალური დღეს და ამისთვის არაა საჭირო მუდმივად ქუჩაში ვიდგეთ…

მოქალაქეებს დღეს აღარ აქვთ განცდა, რომ მათ დაარბევენ, დაშლიან, ამ მეთოდს აღარ იყენებს ხელისუფლება… დღეს სამოქალაქო ორგანიზაციების აქტიურობაზეა ბევრი რამ დამოკიდებული, ასევე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებზე, ხელისუფლებაზეც, რომ რეალურად მოგვარდეს პრობლემები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივად ვიტრიალებთ ჯადოსნურ წრეზე: პროტესტი – გადადგომა, პროტესტი – გადადგომა.

—————————————-

ლევან კახიშვილის შესახებ:

ლევან კახიშვილი არის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი და მოწვეული ლექტორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. მას აქვს ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების მაგისტრი რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების მიმართულებით.

ლევან კახიშვილის კვლევები ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა დემოკრატიზაცია საქართველოში, პარტიული პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ურთიერთობები რუსეთთან და ეთნიკური უმცირესობები საქართველოში. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: