მთავარი,სიახლეები

სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღება ბათუმში – ბრალდებული საპროცესო შეთანხმებას ითხოვს

20.06.2018 • 2221
სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღება ბათუმში – ბრალდებული საპროცესო შეთანხმებას ითხოვს

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღებაში ბრალდებულის საქმის განხილვა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დაიწყო. „ნასვამი ვიყავი და არ ვიცოდი, რა გავაკეთე… სათამაშო პისტოლეტით ვიყავი შესული,“ – უთხრა ბრალდებულმა გენადი მ.-მ მოსამართლეს.

შემთხვევა 4 მაისს, დღისით მოხდა. თავდამსხმელი სავალუტო ჯიხურში შევარდა და მოლარეს იარაღის მუქარით ფული მოსთხოვა. თვითმხილველების თქმით, ჯიხურს ორი პირი დაესხა თავს, თუმცა დაკავებული მხოლოდ ერთია.

ბრალდებული გენადი მ. ბრალს აღიარებს. მას პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რაც იმას გულისხმობს, რომ სასამართლო მოწმეების ჩვენებებს აღარ მოისმენს.

„მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებაზე. ამ ეტაპზე პოზიცია პროკურატურისგან ცნობილი არ არის,“ – ამბობს ირაკლი აბაშიძე, ბრალდებულის ადვოკატი.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, გენადი მ.-ს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. ეს იმ შემთხვევაში, თუკი ბრალდებულს საპროცესო შეთანხმებას არ გაუფორმებენ.

ყაჩაღობის ამ შემთხვევამ კიდევ ერთი გარემოებით მიიქცია ყურადღება: შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თავდამსხმელი პოლიციელმა დააკავა, თვითმხილველების თქმით კი, იგი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა დააკავა, რაც ვიდეოკამერის ჩანაწერებითაც დასტურდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში მომხდარი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნა“, – ამ სათაურით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 მაისს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად „შემთხვევის ადგილზე, მეზობლად მდებარე მაღაზიის თანამშრომლებმა თავდამსხმელის შეჩერება სცადეს, თუმცა მან გაქცევა მოახერხა… შენობის გარეთ გასული ბრალდებულის შეჩერებას იქვე მყოფი თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ოფიცერიც შეეცადა, თუმცა, გ.მ. მასაც დაუსხლტა. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომელმა იგი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში დააკავა“.

თვითმხილველების თქმით, შეიარაღებული თავდამსხმელი დააკავეს არა პოლიციელებმა, არამედ დააკავა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: