მთავარი,სიახლეები

სტადიონი ზედამხედველ კომპანიას ეძებს, ოფიციალური პირები კი მშენებლობას ხშირად ათვალიერებენ

20.06.2018 • 2587
სტადიონი ზედამხედველ კომპანიას ეძებს, ოფიციალური პირები კი მშენებლობას ხშირად ათვალიერებენ

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, რომელიც ზედამხედველი კომპანიის მეთვალყურეობის გარეშე მეექვსე თვეა შენდება, ოფიციალურმა პირებმა დღეს, 20 ივნისს, კიდევ ერთხელ დაათვალიერეს. ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე ტექნიკური ზედამხედველის შესარჩევად, სატენდერო თანხა 3 520 474 ლარია გამოყოფილი. მშენებლობას, როგორც შპს „სტადიონის“ დირექტორი ზურაბ ჭურკვეიძე ამბობს, ამ ეტაპზე მათი ორი თანამშრომელი [ინჟინერ-კონსტრუქტორები] ზედამხედველობს.

თუ „სტადიონის“ თანამშრომლების კვალიფიკაცია საკმარისია საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობისთვის, მაშინ რატომ არის 3,5 მილიონზე მეტი ლარის დახარჯვა ბიუჯეტიდან საჭირო? – ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ ზურაბ ჭურკვეიძეს რამდენიმე დღის წინ დაუსვა.

„მე რაც ეს ადამიანები გავიცანი, გადავხედე მათ კვალიფიკაციას, გამოცდილებას, ამ ეტაპისთვის ცალსახად საკმარისია მათი ზედამხედველობა, ვიდრე მიმდინარეობს რკინა-ბეტონის სამუშაოები. მერე, როგორც ვიცი, თავადაც აცხადებენ, რომ ის კვალიფიკაცია ვერ ექნებათ, რაც ტენდერის ძირითად მოთხოვნაშია, იმიტომ, რომ მერე სხვა ტიპის სამუშაოები დაიწყება და სხვა სტანდარტები იქნება. შემდეგ ეტაპზე მათ გაუჭირდებათ ზედამხედველობა. შემდეგი ეტაპი იქნება უფრო რთული საინჟინრო თემები, გადახურვები და ა.შ. ტენდერის პროცესი კი, არც იქეთ მიდის და არც აქეთ. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან როგორც კი მოგვივა პასუხი, გვინდა, რომ ეს საკითხი სასწრაფოდ გადავწყვიტოთ. გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. ან უნდა შეირჩეს რომელიმე კომპანია, ან … ღიად ვერ დავტოვებთ ვერანაირად.

თუ ტენდერი არ შედგა, შესაბამისი სპეციალისტები უნდა იქნას მოძიებული, რომლებსაც საკმაოდ მაღალი ანაზღაურება დასჭირდებათ, ვინაიდან შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანები იმ სამუშაოებისთვის, რაც საფეხბურთო სტადიონის შემთხვევაში სულ სხვა გარემოში გადადის, ნაკლებად ვნახავთ. გაგვიჭირდება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ვნახავთ თუ არა ვერ გეტყვით, მაგრამ უნდა ვნახოთ“, – გვითხრა ზურაბ ჭურკვეიძემ.

ტექნიკურ ზედამხედველობაზე გამოცხადებული ტენდერი შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიამ, უკან – შერჩევა-შეფასების ეტაპზე იმ დროს დააბრუნა, როცა გამარჯვებულად გამოცხადებული „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია“ უკვე ხელშეკრულების გასაფორმებლად ჰყავდა მიწვეული. მიზეზი, წარმოდგენილი სპეციალისტის კვალიფიკაცია იყო. „სტადიონი“, „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი სპეციალისტის – ჯავიდ ნაჯაფოვის კვალიფიკაციას, ამჯერად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად ადგენს.

„უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით ცენტრი ახდენს უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებასა და საგანმანათლებლო დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობის დადგენას.

შესაბამისი ინფორმაციის მოძიების მიზნით, ცენტრმა მიმართა ENIC-NARIC-ის წარმომადგენლობას ამერიკის შეერთებულ შტატებში [European Network of Information Centres/National Academic Recognition Information Centres – ევროპული საინფორმაციო ცენტრებისა და ეროვნული აკადემიური აღიარების საინფორმაციო ქსელი] ჯავიდ ნაჯაფოვის მიერ მიღებული განათლების აღიარების შესახებ ინფორმაციის მოწოდების მოთხოვნით. გაცნობებთ, რომ ცენტრს შესაძლებლობა ექნება მოგაწოდოთ ინფორმაცია ჯავიდ ნაჯაფოვის განათლების აღიარების შესახებ, ზემოაღნიშნულ კორესპონდენციაზე პასუხის მიღების შემდგომ.“ – აღნიშნულია ცენტრის მიერ „სტადიონისთვის“ 11 ივნისს გაგზავნილ წერილში.

საფეხბურთო სტადიონის ტექნიკური ზედამხედველობისთვის ყველაზე დაბალი თანხა – 2 მილიონ 847 ათასი ლარი სწორედ „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ ჰქონდა შეთავაზებული.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა / ფოტო: აჭარის მთავრობის პრესსამსახური

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, 20 ივნისს, საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი იმყოფებოდნენ.

ოფიციალური ინფორმაციით: „ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად დაწყებულია მეორე სართულის კოლონების დახურვა 4 სექტორში. სექტემბრიდან დაიწყება ლითონის კონსტრუქციების სამუშაოები, რაც სტადიონის გადახურვას მოიცავს. სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული. სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: მედიის, ავტობუსების, სპორტსმენების და VIP. ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა. 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის სამშენებლო პროცესში 250 ადამიანია დასაქმებული. ხელშეკრულების მიხედვით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 34 თვეში, 2020 წლის სექტემბერში დასრულდება“.

„დღეს უკვე დაწყებულია მეორე სართულის კოლონების მოწყობა. საერთაშორისო სტანდარტების UEFA-ს IV კატეგორიის სტადიონი იქნება არა მხოლოდ ფეხბურთის თამაშების მასპინძელი, არამედ საერთაშორისო დონის კონცერტების, გამოფენებისა და ღონისძიებების“, – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით: „ბათუმის საფეხბურთო სტადიონი ვერ უმასპინძლებს ჩემპიონთა ლიგის და უეფას ლიგის ფინალურ თამაშებს. ევროპის ჩემპიონატის ფინალის და გახსნა-დახურვის ცერემონიის ჩატარება ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე არ არის შესაძლებელი“.

სამინისტროს ინფორმაციითვე, ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის სამუშაოების ჯამური სავარაუდო ღირებულება 157 344 846 ლარია.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა / ფოტო: აჭარის მთავრობის პრესსამსახური

ამავე თემაზე:

აჭარის მთავრობა: საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში დასრულდება

„სტადიონი“ სტადიონის ზედამხედველობისთვის სპეციალისტის კვალიფიკაციას ვერ ადგენს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: