ქობულეთის მერიას მუსლიმთა პანსიონის გამო სახალხო დამცველმა სასამართლოში უჩივლა

სასამართლოს გადაწყვეტილების, დისკრიმინაციის დადგენის და სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, ქობულეთში მუსლიმი თემი საკუთარი პანსიონით ისევ ვერ სარგებლობს. საუბარია პანსიონზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა 2014 წელს საპროტესტო აქციებს მართავდა და შესასვლელ კარზე ღორის თავი მიაჭედეს.

ქობულეთის მუსლიმთა პანსიონის საქმის განხილვა ხელახლა დაიწყო ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ 2016 წლის 19 სექტემბერს ქობულეთის პანსიონის საქმეზე დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, სახალხო დამცველმა იმავე წელს რეკომენდაციით მიმართა ქობულეთის მერიას და მოსთხოვა პანსიონის შენობის წყლის და კანალიზაციის სისტემაში ჩართვა. რეკომენდაცია ამ დრომდე ქობულეთის მერიას არ შეუსრულებია.

სახალხო დამცველმა ქობულეთის მერიას სასამართლოში უჩივლა. ქობულეთის მერია პირველი საჯარო უწყება აღმოჩნდა ქვეყანაში, რომლის წინააღმდეგ სახალხო დამცველმა სასამართლოს მიმართა რეკომენდაციის შეუსრულებლობის გამო. საქმეს ამჯერად მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე განიხილავს. თუკი იგი სასარჩელო მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქობულეთის მერიას დაავალებენ, პანსიონი წყლის და კანალიზაციის სისტემაში ჩართონ.

საქმის განხილვა ამ დროისთვის გაურკვეველი დროითაა გადადებული. პროცესში მესამე პირად ჩართვა „ქართველ მუსლიმთა გაერთიანებამ“ ითხოვა. მოსამართლემ პირველ სხდომაზე ამ განცხადებაზე იმსჯელა და მისი დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. არსებითი განხილვის პირველი სხდომა ჯერ არაა ჩანიშნული.

რატომ არ შეასრულა ქობულეთის მერიამ სახალხო დამცველის რეკომენდაცია? – ქობულეთის მერიაში გვითხრეს, რომ „არ შესრულებასთან“ საქმე არ გვაქვს, რადგან რეკომენდაციის შესრულებას მოსახლეობის წინააღმდეგობამ შეუშალა ხელი.

„მოსახლეობა წინააღმდეგია ახლაც. ჩვენ ბევრი სამუშაო ჩავატარეთ ცნობიერების შესაცვლელად, მაგრამ მოსახლეობა არ აძლევს „ქობულეთის წყალს“ სამუშაოების ჩატარების საშუალებას, სამუშაოებს უწევენ წინააღმდეგობას, ხომ უნდა ჩატარდეს ტექნიკური სამუშაოები? რთულ მდგომარეობამდე ვერ მივიყვანთ მოსახლეობას“, – აღნიშნავს ქობულეთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი თეონა გეგიძე.

„როგორ ფიქრობთ, იძულებითი ღონისძიებები გამართლებულია?“ – კითხვით უპასუხა ქობულეთის მერიის მთავარმა იურისტმა „ბათუმელების“ შეკითხვას: რატომ არ მიმართავს ქობულეთის მერიამ სამართალდამცველებს, თუკი კანონიერი ქმედების განხორციელებას მოსახლეობა ხელს უშლის.

თეონა გეგიძე განმარტავს, რომ სასამართლო აუცილებლად შეაფასებს ფაქტობრივ გარემოებებს, რაც ქობულეთის პანსიონთან დაკავშირებით არსებობს. რას გააკეთებს ქობულეთის მერია, თუკი მოსახლეობა ისევ წინააღმდეგია და სასამართლო მას პანსიონის წყლისა და კანალიზაციის სისტემაში ჩართვას დაავალდებულებს?

„ვნახოთ, სასამართლო თუ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და დაგვავალებს ქმედების განხორციელებას, იძულების წესით უნდა დაევალოს თუ არა, უნდა განსაზღვროს სასამართლომ. აქამდე სახალხო დამცველს არ მოუმართავს ჩვენთვის, რომ იძულების წესით შეგვესრულებინა რეკომენდაცია. ჩვენ უმოქმედო მდგომარეობაში არ დაგვიტოვებია ეს საკითხი,“ – გვითხრა თეონა გეგიძემ.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი