მთავარი,სიახლეები

რა უნდა მივიჩნიოთ დიდი ოდენობის ნარკოტიკად – „თეთრი ხმაურის“ ახალი სარჩელი

20.06.2018 • 2012
რა უნდა მივიჩნიოთ დიდი ოდენობის ნარკოტიკად – „თეთრი ხმაურის“ ახალი სარჩელი

მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ მორიგი სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დღეს, 20 ივნისს, დაიწყო. ამ შემთხვევაში სადავო ნარკოტიკული საშუალების ოდენობაა – კანონი ერთ გრამამდე ნარკოტიკს „დიდ ოდენობად“ მიიჩნევს.

მოსარჩელეები ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი არიან. ისინი 2016 წელს გაასამართლეს „დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების“ შეძენა-შენახვის გამო.

„დიდი ოდენობა“ ერთ შემთხვევაში 0,00000126, მეორეში – 0,0003 გრამი მეტამფეტრინია [მარილი]. ამ ადამიანებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ და 5-5 წლით პირობითი მსჯავრი შეუფარდეს. კანონის მიხედვით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვა სასჯელის სახით 5-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ნოე კორსავას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა უფერო მინის ცარიელი ფლაკონის და მილგაყრილი ხუფის შიდა კედელზე არსებული ნივთიერება, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინს (მარილი) – 0,00000126 გრამის ოდენობით,“ – აღნიშნულია ნოე კორსავას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენში.

„0,00000126 გრამი მეტამფეტამინის შეძენისა და შენახვის აკრძალვას არ გააჩნია ღირებული საჯარო მიზანი. შესაბამისად, სადავო ნორმით ხდება გაუმართლებელი ჩარევა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში,“ – აღნიშნავენ მოსარჩელეები.

საკონსტიტუციო სარჩელში აღნიშნულია, რომ მეტამფეტამინს არ გააჩნია მცირე და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობები, რის გამოც მისი ნებისმიერი ოდენობა, რომელიც არ აღემატება ერთ გრამს წარმოადგენს დიდ ოდენობას. მათი განმარტებით, 0,00000126 გრამს და 0,0003 გრამს იწონის მეტამფეტამინის მოსახმარად გამოყენებულ შპრიცში დარჩენილი ანაფხეკები, რომელთა შეუიარაღებელი თვალით დანახვა, მით უფრო მათი მოხმარება, შეუძლებელია. დასახელებული ოდენობების მეტამფეტამინის შეძენა და შენახვა არ წარმოადგენს საზოგადოებრივი საშიშროების მქონე ქმედებას, რის გამოც აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება აშკარად არაპროპორციული სასჯელია.

დღეს განმწესრიგებელ სხდომაზე უნდა გადაწყდეს, განიხილავს თუ არა ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ კიდევ ერთ სარჩელს სასამართლო არსებითად. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: