მთავარი,სიახლეები

ტრენინგები მუსლიმი ქალების პოლიტიკური და სოციალური აქტივობისთვის

20.06.2018 • 2701
ტრენინგები მუსლიმი ქალების პოლიტიკური და სოციალური აქტივობისთვის

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა კავშირი“  იწყებს ტრენინგებს სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მუსლიმი ქალების  როლის გასაძლიერებლად.

ტრენინგის მონაწილე ქალები ორი თვის განმავლობაში მოისმენენ ლექციებს. კურსის დასრულების შემდეგ  კი, როგორც პროექტის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე ამბობს,  მუსლიმი ქალები  ევროპის ქვეყნებში გაემგზავრებიან.

„ვაპირებთ, შეხვედრები გავმართოთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკოსებთან, საზოგადო მოღვაწეებთან და ასე შემდეგ. ჩვენი მთავარი მიზანია, უფრო მეტი აქტიურობა იყოს მუსლიმი ქალების მხრიდან პოლიტიკურ ცხოვრებაში“, – ამბობს ტარიელ ნაკაიძე.

ტრენინგები ორგანიზაციის ოფისში გაიმართება. ლექციებს წაიკითხავენ თეოლოგი ბექა მინდიაშვილი, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე, კლასიკური ფილოლოგიისა და მსოფლიო ლიტერატურის სპეციალისტი ლევან ბერძენიშვილი, იურისტები: გიორგი მშვენიერაძე და თამთა მიქელაძე, ასევე სხვა მოწვეული პირები.

დღეს, 20 ივნისს, მუსლიმ ქალებს ტრენინგს არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ (TDI) იურისტი, გვანცა ლომაია ჩაატარებს.

პროექტს სახელწოდებით „ქალთა ლიდერობის სკოლა“  ქართველ მუსლიმთა კავშირი აფინანსებს. ტრენინგში მონაწილეობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მუსლიმი ქალები. მონაწილეები არიან პანკისიდანაც.

ტრენინგის მონაწილეები სამი თვის მანძილზე მოისმენენ ლექციებს ადამიანის უფლებების, სეკულარიზმის, გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობისა და სამოქალაქო საზოგადოების პრინციპებზე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: