მთავარი,სიახლეები

სახელმწიფო ელექტროსისტემამ  ძეგლის დაცვის ზონაში ანძა კანონდარღვევით დადგა

19.06.2018 • 2458
სახელმწიფო ელექტროსისტემამ  ძეგლის დაცვის ზონაში ანძა კანონდარღვევით დადგა

„ახალციხე-ბათუმის“ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის დროს ანძა ისე დადგეს ძეგლის დაცვის ზონაში, რომ შესაბამის უწყებებთან არ შეუთანხმებიათ. ანძა ქედაში, კოლოტაურის ციხესთან დგას, ციხე კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს [კმდს] უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, მირზა ცეცხლაძის თქმით, სახელმწიფო ელექტროსისტემას უარი ეთქვა ძეგლის დაცვის ზონაში ანძის დადგმაზე, თუმცა ანძა მაინც დაიდგა.

„თავის დროზე ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ ყველა უფლებამოსილი უწყება, რომელსაც უნდა ჰქონოდა ეს ინფორმაცია ჩვენგან.

რადგან ამ ზონაში ანძის დადგმა ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის 35-ე მუხლის ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც ძეგლის აქტიური აღქმის არეალში დაუშვებელია ელექტროანძების განთავსება“, – გვეუბნება მირზა ცეცხლაძე.

ცეცხლაძე დასძენს, რომ სააგენტოს პასუხი ნებართვის გამცემ ორგანოს გადაეგზავნება, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და სწორედ ამის შემდეგ მიიღებს სააგენტო ზომებს.

„თუ არ იქნება სამართლებრივი მექანიზმი იმ ანძის იქ არსებობის, მაშინ შეიძლება დაექვემდებაროს დემონტაჟს“.

„ბათუმელები“ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასაც“ დაუკავშირდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ეკა ვერულაშვილი ამბობს, რომ პროექტი სახელმწიფო მნიშვნელობისაა.

„უზრუნველყოფს მშენებარე ელექტროსადგურების მიერთებას ქსელთან, ამავდროულად გაზრდის ელექტროენერგიის საექსპორტო პოტენციალს და ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას“.

ეკა ვერულაშვილი ამბობს, რომ „საქართველოს ელექტროსისტემამ“ უარი მიიღო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არეალში ანძების განთავსებაზე. თუმცა მოხდება თუ არა ანძის დემონტაჟი, ამაზე მას კონკრეტული პასუხი არ აქვს.

„თუ ნებართვა არ გაიცა, ასეთ შემთხვევაში წარმოების პროცედურებს დაიწყებს სააგენტო,“ – გვითხრა ეკა ვერულაშვილმა.

 

ანძა ქედაში, კოლოტაურის ციხესთან ახლოს დგას, ციხე კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: