მთავარი,სიახლეები

თანამედროვე საბავშვო ლიტერატურის საუკეთესო ილუსტრატორები

19.06.2018 • 4108
თანამედროვე საბავშვო ლიტერატურის საუკეთესო ილუსტრატორები

ჰანს ქრისტიან ანდერსენის სახელობის საბავშვო ლიტერატურის კონკურსზე მსოფლიოს საუკეთესო ავტორებსა და ილუსტრატორებს აჯილდოებენ. კონკურსი ორ წელიწადში ერთხელ, 2 აპრილს იმართება – ანდერსენის დაბადების დღეს. თუ კონკურსის ბოლო რამდენიმე წლის გამარჯვებული ილუსტრატორების ნამუშევრებს გადაავლებთ თვალს, ძალიან საინტერესო, ახალი სამყარო გადაგეშლებათ თვალწინ. სამწუხაროდ, წიგნების უმრავლესობა, რომლებიც ანდერსენის პრემიაზეა ნომინირებული ორ წელიწადში ერთხელ, ქართულად თარგმნილი არ არის. მსოფლიოს საუკეთესო ილუსტრატორების მიერ გაფორმებული წიგნების ამავე ილუსტრაციებით გადმოქართულებაც ხშირად პრობლემაა, რადგან ილუსტრირებული წიგნის გამოცემა ძვირადღირებული ფუფუნებაა.

ვნახოთ ვინ არიან ბოლო წლების განმავლობაში ჰანს ქრისტიან ანდერსენის პრემიით დაჯილდოებული საბავშვო ლიტერატურის მსოფლიოს საუკეთესო ილუსტრატორები.

                       იგორ ოლეინიკოვი

საუკეთესო ილუსტრატორის ჯილდო წელს რუსმა მხატვარ-ილუსტრატორმა, იგორ ოლეინიკოვმა მიიღო. ოლეინიკოვი პროფესიით ინჟინერ-ქიმიკოსია და 6 წლიდან ხატავს. 1979 წლიდან ანიმაციური სტუდიის „Союзмультфильме“-ს მხატვარი იყო. 1986 წლიდან საბავშვო ჟურნალებისა და წიგნების ილუსტრატორია.

ძირითადად გუაშით მუშაობს და ნაყოფიერ ილუსტრატორად მიიჩნევა. 80-ზე მეტი წიგნი აქვს ილუსტრირებული, მათ შორის მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების კლასიკური ტექსტებიც.

„ვიყენებ ყველაფერს, რაც ხელში მომხვდება: ცოცხებს, ჩვრებსაც კი… მანამ, სანამ იდეა წარმოსახულ ფორმებს არ მიიღებს. ჩემთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტი მკითხველის გაოცებაა, რომელიც შლის წიგნს და პირველად ხედავს ჩემს რომელიმე ილუსტრაციას,“ – ამბობს ოლეინიკოვი ანდერსენის პრემიის მიღებამდე ინტერვიუში.

                        იგორ ოლეინიკოვის ილუსტრაციები 

 

                                                                                                  სუზან ბერნერი

ეს გერმანელი ილუსტრატორი გრაფიკული დიზაინერია, სანამ საბავშვო წიგნებისა და ყდების ილუსტრირებას შეუდგებოდა, ბერნერი სარეკლამო სამსახურში მუშაობდა. მისი ხატვის მანერა გამორჩეულია, ტუშით ხატავს.

ბერნერის მიერაა ილუსტრირებული 80-მდე საბავშვო წიგნი და 800-ზე მეტი წიგნის ყდა. ჰანს ქრისტიან ანდერსენის პრემიის ლაურეატი სუზან ბერნერი 4-ჯერ იყო, მეხუთედ კი, 2016 წელს, წლის საუკეთესო ილუსტრატორი გახდა.

სუზან ბერნერის ილუსტრაციები

 

                         როჯერ მელო

ბრაზილიელი როჯერ მელო ერთდროულად ილუსტრატორი მწერალი და დრამატურგია. დაახლოებით ასი საბავშვო წიგნის ილუსტრაციაზე უმუშავია, მათგან 20 წიგნის ავტორი თავადაა. ილუსტრატორად ხუთი სხვადასხვა გამოცემისთვის მუშაობს ერთდროულად. ასევე არის რამდენიმე თეატრალური პიესის ავტორიც.

როჯერ მელოს ეკლექტური სტილი სხვადასხვა მხატვრული სკოლის ნარევია. კუბიზმი, პოპარტი, ბრაზილიისთვის დამახასიათებელი ფერების სიუხვე, ქალაქის ცხოვრება, სამხრეთამერიკული ლეგენდები, ფილოსოფია და ისტორია – ეს ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი მრავალფეროვან ილუსტრაციებში. ანდერსენის საუკეთესო ილუსტრატორის პრემია მან 2014 წელს მიიღო.

 

 როჯერ მელოს ილუსტრაციები

 

                         პიტერ სისი 

პიტერ სისი მსოფლიოში ცნობილი ჩეხი მხატვარი და რეჟისორია. სისის თავიდან მამის გავლენა ჰქონდა, რომელიც ასევე რეჟისორი-დოკუმენტალისტია. თავდაპირველად სისიმ მამის გავლენით მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების გადაღება დაიწყო, შემდეგ კი საბავშვო წიგნების ილუსტრირებას მიჰყო ხელი და 50-ზე მეტი წიგნი აქვს გაფორმებული. The New York Times-ისა და სხვა ამერიკული გამოცემების სარედაქციო ილუსტრაციების ავტორიც იყო.

პიტერ სისი რამდენიმე წელი ტიბეტში მოგზაურობდა, რამაც მის ნახატებზე დიდი გავლენა მოახდინა, მისი საყვარელი თემა ზღვა და მთლიანად წყლის, ოკეანეების სამყაროა. საბავშვო წიგნების მსოფლიოს საუკეთესო ილუსტრატორის პრიზი – ანდერსენის პრემია პიტერ სისმა 2012 წელს მიიღო

               პიტერ სისის ილუსტრაციები

                                           

 

                              იუტა ბოიერი

იუტა ბოიერი ჰამბურგიდანაა, აქვე დაამთავრა დიზაინის ფაკულტეტი და თავიდან ჟურნალებისთვის კომიქსებს ხატავდა. მუშაობდა ანიმაციურ ფილმებზე.

ბოიერის ნახატები ოპტიმიზმით, სისადავით და იუმორით გამოირჩევა, მაშინაც კი, როცა მხატვარი უსახლკარო, მიუსაფარ ბავშვებზე შექმნილ ზღაპრებს აფორმებს. ბოიერის სტილის სისადავე იმითაცაა განპირობებული, რომ ძირითადად მხოლოდ მელანს, ტემპერასა და ფერად ფანქრებს იყენებს. ბოიერმა 40-ზე მეტი საბავშვო წიგნი დაწერა და გააფორმა. მისი ტექსტები მსოფლიოს 18 ენაზეა თარგმნილი. საბავშვო წიგნების მსოფლიოს საუკეთესო ილუსტრატორად ანდერსენის სახელობის კონკურსზე ის 2010 წელს დაასახელეს.

იუტა ბოიერის ნახატები

 

                     ჟანა რეი და ფრანსუა პლასი

ინგლისელი ჟანა რეი და ფრანგი ფრანსუა პლასი წელს ანდერსენის პრემიის მოკლე სიაში მოხვდნენ. მართალია, მთავარი პრიზი ვერ დაიმსახურეს, თუმცა მათი ილუსტრაციები შეუძლებელია მნახველს არ დაამახსოვრდეს.

                 ფრანსუა პლასის ილუსტრაციები

 

ჟანა რეის ილუსტაციები

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: