მთავარი,სიახლეები

ქობულეთში მოკლული პოლიციელი დღეს დაკრძალეს

19.06.2018 • 14703
ქობულეთში მოკლული პოლიციელი დღეს დაკრძალეს

ქობულეთში 15 ივნისს მოკლული პოლიციელი – ბუტა ანთაძე დღეს დაკრძალეს. ცერემონიალს ათობით პოლიციელი და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ოფიციალური ვერსიით, პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.

პოლიციელის ცხედარი დილიდან ქობულეთის ცენტრალურ ტაძარში იყო დასვენებული. დაკრძალვამდე ბუტა ანთაძის ცხედარი ქობულეთის პოლიციის შენობის წინ, შემდეგ კი მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების შენობის ეზოში შეაჩერეს. ბუტა ანთაძე მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი იყო 2011 წლიდან. იგი 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა. პოლიციელი სოფელ გვარაში დაკრძალეს, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს.

დაკრძალვამდე ქობულეთის ტაძრის ეზოში გარდაცვლილის ოჯახის წევრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გაესაუბრნენ. მათ ოჯახს ბოდიში მოუხადეს იმის გამო, რომ დაკრძალვას მინისტრი ვერ დაესწრო.

შსს-ს წარმომადგენლებს გარდაცვლილი პოლიციელის დამ მიმართა.

“ჩვენი თხოვნაა ითქვას სიმართლე. გაჟღერდა ტელევიზიებით, რომ თითქოს ჩემი ძმა იყო მოძალადე პოლიციელი, ავიწროებდა და სახეში აფურთხებდა თურმე. ჩვენი თხოვნაა, ბუტას შესახებ სიმართლე უთხრათ საზოგადოებას,” – თქვა ჯეირან ანთაძემ.

გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახის წევრებმა “ბათუმელებს” ასევე უთხრეს, რომ დაპირისპირება ბუტა ანთაძესა და ბესო ტაკიძეს [მკვლელობაში ბრალდებული] შორის არ ყოფილა და “გამოძიებამ სიმართლე უნდა დაადგინოს”.

ოჯახს არ აქვს ვერსია, რის გამო მოკლეს პოლიციელი.

იქედან გამომდინარე, რომ პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაიღუპა, ბუტა ანთაძის ოჯახი სახელმწიფოსგან მხარდაჭერას მიიღებს – შსს-ს წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ოჯახი ყოველთვიურად ფულად ანაზღაურებას მიიღებს, თუმცა რა ოდენობით, არ დააკონკრეტეს.

ბუტა ანთაძეს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი, ბუტა ანთაძე, 15 ივნისს ღამით მოკლეს, როცა იგი ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხის გადატანის პროცესში ავტომანქანების მოძრაობას არეგულირებდა. მკვლელობის ადგილზე არაერთი პოლიციელი იმყოფებოდა. გამოძიების ვერსიით, პოლიციელი მუხაესტატეში მცხოვრებმა ბესო ტაკიძემ დანით ზურგის არეში დაჭრა. ბუტა ანთაძე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ბესო ტაკიძე წინა წლებში მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა სამჯერ დააკავეს ადმინისტრაციული წესით. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებული სწორედ ამის გამო იყო განაწყენებული პოლიციელზე.

რა სახის დაპირისპირება არსებობდა პოლიციელსა და ბრალდებულს შორის? – პოლიციელები პირად საუბარში აღნიშნავენ, რომ ბრალდებულს რთული სიმთვრალე ჰქონდა.

“წინა შემთხვევაშიც, როცა დაჯარიმდა, მთვრალი იყო და მანქანის უაზრო მოძრაობით არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, ხმაურობდა პოლიციის განყოფილების წინ, იგინებოდა. როცა მთვრალი იყო, აბსოლუტურად კარგავდა კონტროლს,” – გვითხრა ერთ-ერთმა პოლიციელმა.

სამართალდამცველების თქმით, ბრალდებული ასევე მოიხმარდა მარიხუანას, რის გამოც იგი არაერთხელ მიუციათ ადმინისტრაციული წესით პასუხისგებაში.

“დაჯარიმების შემდეგ როცა დალევდა ალკოჰოლს, მერე ისევ აგრესია ჰქონდა პოლიციელების მიმართ,” – დასძენენ პოლიციელები.

დაახლოებით იგივე ინფორმაცია მოგვაწოდეს მუხაესტატეში მცხოვრებმა ადამიანებმა.

“ბესო ტაკიძე მშვიდი ბიჭი იყო, არ მუშაობდა სადმე, სოფლის ცენტრშიც იშვიათად ჩნდებოდა, როცა თვრებოდა, მაშინ იწყებდა ჩხუბს… ამბობდა, რომ ბუტამ რამდენჯერმე მიაყენა სახალხოდ შეურაცხყოფა. არ ვიცი, ასე იყო თუ არა, არ შევსწრებივარ,” – გვითხრა მუხაესტატეს მკვიდრმა, რომელმაც გვთხოვა, მისი ვინაობა არ გაგვემხილა.

მოსახლეობის თქმით, მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრებმა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით,  საცხოვრებელი სახლი დროებით მკვლელობის ღამესვე დატოვეს.

ბაბუაა მარტო სახლში… როცა მოკლეს, იმ ღამით მივარდნენ და ესენი აღარ იყვნენ უკვე სახლში,” – გვითხრა ბრალდებულის მეზობელმა.

მოსახლეობის თქმით, პოლიციელსა და ბესო ტაკიძეს შორის ურთიერთობა 2015 წლიდან დაიძაბა, როცა ყაჩაღობის ფაქტზე რეზო ტაკიძე დააკავეს – მკვლელობაში ბრალდებულის ბიძაშვილი. მაშინ რეზო ტაკიძე ამბობდა, რომ დაკავების დროს პოლიციის განყოფილებაში ის პოლიციელებმა და მათ შორის ბუტა ანთაძემ, შეურაცხყვეს.

ამ დაკავების გამო ქობულეთში საპროტესტო აქციები იმართებოდა, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნა ბუტა ანთაძის გადადგომაც იყო. მოსახლეობის თქმით, ამ აქციების შემდეგ გამოხატავდა ღია პროტესტს ბრალდებული პოლიციელების მიმართ.

ბრალდებული ბესო ტაკიძე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მას ბრალის დადასტურების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: