მთავარი,სიახლეები

რატომ ვეღარ მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები ევროპაში ლტოლვილის სტატუსს

19.06.2018 • 8056
რატომ ვეღარ მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები ევროპაში ლტოლვილის სტატუსს

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისის (EASO) მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის აპრილის თვეში ევროკავშირის ქვეყნებს თავშესაფრის მოთხოვნით 49 716-მა აპლიკანტმა მიმართა. აპლიკანტთა 3% საქართველოს მოქალაქე იყო. საქართველო თავშესაფრის მთხოვნელთა საერთო რეიტინგში მეათე ადგილს იკავებს სირიის, ავღანეთის და ერაყის გვერდით. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რიგში შეიყვანა, შესაბამისად ლტოლვილის სტატუსის მიღება თითქმის შეუძლებელია.

საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამების კოორდინატორი, მარკ ჰულსტი ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებლების მხრივ ათეულში ხვდება:

„ეს რეიტინგი საინტერესოა იმ მხრივ, რომ საქართველოს მოსახლეობა ათეულში შემავალ სხვა ქვეყნებთან შედარებით მცირეა. რა თქმა უნდა, ეს აჩენს კითხვებს, რატომ მაინცადამაინც საქართველო – ეს პატარა ქვეყანა ფიგურირებს დიდ ქვეყნებს შორის.

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისის ანგარიშში ორი საინტერესო რამაა მითითებული – საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნა კლებულობს [2018 წლის მარტის თვესთან შედარებით – რედ.]. ეს, ჩემი აზრით, დადებითი მოვლენაა და საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც მოითხოვეს თავშესაფარი, თითქმის ვერ იღებენ ლტოლვილის სტატუსს. შესაბამისად, ვეღარ დარჩებიან იმ ქვეყანაში, სადაც თავშესაფარი მოითხოვეს.

ვფიქრობ, თავშესაფრის მოთხოვნის ტენდენცია შემცირდება. ლოგიკურიც არის, რადგან საქართველოს მოქალაქეებისთვის აზრი არა აქვს ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნას.

თქვენი აზრით, რა არის მიზეზი, რომ საქართველოდან მოქალაქეები ითხოვენ თავშესაფარს?

ეს არის აქ მცხოვრები ხალხის ნაწილის სურვილი, რომ რამენაირად გაუმჯობესდეს მისი სოციალურ-ეკონომიური პირობები. ევროპაში ლეგალურად დასაქმების სხვა გზას ვერ ხედავს და ითხოვს თავშესაფარს. თუმცა, თავშესაფარი არ არის იმისათვის, რომ თუნდაც შენ დროებით მოიპოვო ლეგალური სტატუსი.

სამწუხაროდ, ეს ტენდენცია [თავშესაფრის მოთხოვნა] გავრცელებულია საქართველოში და, როგორც ჩანს, არ ითვლება მაინცადამაინც ცუდ საქციელად.

შეიძლება ითქვას, რომ ევროპაში თავშესაფრის ძიების ერთ-ერთი მიზეზი სიღარიბეა?

სიღარიბეს არ ვიტყოდი მხოლოდ. აქ [საქართველოში] საკუთარი პოტენციალის ვერ რეალიზებაცაა მიზეზი. საქართველოს შრომითი ბაზარი საკმაოდ ჩაკეტილია. რთულია დასაქმდე, თუ არ გყავს საკონტაქტო პირები, მეგობრები, ნაცნობები, რომლებიც აგვარებენ შენთვის დასაქმების საკითხს.

გარდა ამისა, დაბალია კვალიფიკაცია. ბაზრის მოთხოვნა საკმაოდ განსხვავებულია იმისგან, რაც ხელმისაწვდომია შრომითი ძალის სახით. ეს დისბალანსი არის საკმაოდ სერიოზული პრობლემა.

ევროკავშირის ქვეყნებიდან ქართველები თითქმის არ ირჩევენ ბალტიისპირეთის ქვეყნებს. თქვენი აზრით რატომ?

ალბათ ფინანსურად არაა საინტერესო. შეიძლება საცხოვრებელი პირობები ბანაკებში იყოს რთული. უმრავლეს შემთხვევაში თავშესაფრის მოთხოვნა მთავრდება უარყოფითი პასუხით. უნდა დაბრუნდეს უკან საქართველოში. ყველა ქვეყანაში არ მოქმედებს დაბრუნებისა და სარეინტეგრაციო პროგრამა, რომ თავიდან ჩადებული ინვესტიცია ამოიღონ [ბილეთის ფული, ცხოვრების ხარჯი].  სწორედ ამიტომ ირჩევენ ისეთ ქვეყნებს, სადაც უფრო შედარებით ხელგაშლილი არიან.

თქვენი აზრით, რამდენ ხანს გაგრძელდება საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების მოთხოვნა?

რთული სათქმელია. ალბანეთი არის ძალიან კარგი მაგალითი. ალბანეთიდან  ორი წლის წინ იყო თავშესაფრის მაძიებელთა ზრდა, მაგრამ ეს შემცირდა, როგორც კი გატარდა მკაცრი ზომები ევროპის მხრიდან.  ეს პროცესი ნელ-ნელა დაიწყება საქართველოშიც. საქართველოს მოქალაქეები თავიანთი მიზნის მისაღწევად ალბათ გამოიყენებენ სხვა არხებს. შეიძლება ჩავიდნენ და დარჩნენ არალეგალებად, მაგრამ აღარ მოითხოვენ თავშესაფარს, რადგან არაფრით არ დაეხმარება მათ ეს მოთხოვნა. პირიქით – შეიძლება უარესი იყოს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ როდესაც ითხოვ თავშესაფარს, უკვე კონტროლის ქვეშ ხარ და მარტივად შეუძლიათ დაგაბრუნონ საქართველოში.

როცა არალეგალად ხარ, უფრო რთულია გაარკვიონ, სად ხარ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: