მთავარი,სიახლეები

ნიაზ დიასამიძე და 33ა ბათუმში 18 750 ლარად იმღერებს – 25 ივნისი მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

19.06.2018 • 4839
ნიაზ დიასამიძე და 33ა ბათუმში 18 750 ლარად იმღერებს – 25 ივნისი მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღსანიშნად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 2018 წლის 25 ივნისს ბათუმის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიების მოწყობას გეგმავს. სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებები, რომელთა დეტალებს აზუსტებენ, დასრულდება ევროპის მოედანზე კონცერტით, „რომელსაც გამართავს შემსრულებელი და სიმღერის ავტორი ნიაზ დიასამიძე“.

„ნიაზ დიასამიძეს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში დარეგისტრირებული აქვს საავტორო ქონებრივი უფლებები მუსიკალურ ნაწარმოებზე – სიმღერა მეზღვაურებზე [იგივე მეზღვაურების ჰიმნი], ამიტომ არ არსებობს სხვა ალტერნატივა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება [18 750 ლარი] განისაზღვრა ურთიერთმოლაპარაკების გზით“, – აღნიშნულია საზღვაო სააგენტოს განაცხადში, გამარტივებულ შესყიდვასთან დაკავშირებით.

სააგენტოს ინფორმაციით, მეზღვაურების ჰიმნის გარდა ნიაზ დიასამიძე ჯგუფ „33ა“-სთან ერთად სხვა სიმღერებსაც შეასრულებს.

„საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის [IMO] გადაწყვეტილებით, 2011 წლიდან, ყოველი წლის 25 ივნისს, აღინიშნება მეზღვაურთა საერთაშორისო დღე. საქართველო, როგორც საზღვაო ქვეყანა, 2011 წლიდან აღნიშნავს ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებით, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქე მეზღვაურთა პროფესიის პოპულარიზაციისა და, ზოგადად, საზღვაო სფეროს განსავითარებლად“, – მიიჩნევენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

სააგენტოს ინფორმაციით, 25 ივნისს ბათუმში, დილის 10-ის ნახევრისთვის, იქნება შეკრება ცენტრალური პარკის კოლონადებთან. შეიკრიბებიან საზღვაო სასწავლებლების კურსანტები, სანაპირო დაცვისა და საზღვაო ტრანსპორტის თანამშრომლები და 10 საათისთვის მოეწყობა მსვლელობა მემედ აბაშიძის გამზირზე; შეამკობენ გვირგვინით იუნკერების მემორიალს და გადავლენ მე-10 ნავმისადგომთან.

ნავმისადგომთან გაიმართება ოფიციალური ცერემონია – ზუსტდება ვინ შეძლებს ჩამოსვლას თბილისიდან [იგეგმებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვიზიტი, თუმცა საკადრო ცვლილებების გამო ჯერჯერობით გასარკვევია ვინ ჩამოვა სამინისტროდან]. აქვე იქნებიან აჭარის მთავრობის წარმომადგენლები. იქნება დაჯილდოება იმ ადამიანების, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საზღვაო სფეროში, ასევე დაჯილდოება საზღვაო სასწავლებლის კურსდამთავრებულების. ცერემონია ნავმისადგომთან დასრულდება დღის პირველის ნახევარზე;

პარალელურად ევროპის მოედანზე იქნება სხვადასხვა ღონისძიება, სავარაუდოდ დღის 12 საათიდან კონცერტები, სასწავლებლები თავიანთი სტენდებით, კომპანიები და „აწარმოე საქართველოს“ ბენეფიციარები;

ევროპის მოედანზე საღამოს 7 ან 8 საათზე დაიწყება ნიაზ დიასამიძის და 33ა-ს კონცერტი, რომელიც ფეიერვერკით დასრულდება.

სააგენტო გეგმავს ლექციის ჩატარებას საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ეს იქნება ანგარიშის წარდგენა მეზღვაურებისთვის.

ბათუმში იგეგმება ასევე ავიაშოუ.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: