სიახლეები

ბათუმის მერი პლაჟზე დაგეგმილ რესტორანზე: „იქ არ არის არავითარი ჩიხირთმა და ჩახოხბილი“

19.06.2018 • 7099
ბათუმის მერი პლაჟზე დაგეგმილ რესტორანზე: „იქ არ არის არავითარი ჩიხირთმა და ჩახოხბილი“

პლაჟზე დაგეგმილი სარესტორნო ინფრასტრუქტურა ბათუმში განსჯის საგანი ბევრჯერ გახდა. ამ თემას სოციალურ ქსელშიც ხშირად ეხმაურებიან. „ამ აჟიოტაჟის შესახებ“, როგორც თვითონ ამბობს, ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემაც იცის. ის მიიჩნევს, რომ კითხვებს არასწორი მისამართიდან სვამენ:

„ბათუმის მერია განიხილავს კონკრეტულ არქიტექტურულ პროექტს. პროექტზე ნებართვის მიცემა ერთია და იმ კონცეფციის მიღება ან არ მიღება, თუ რამდენად მისაღებია მისთვის ზღვის კონცეფცია, რომელიც ბულვარის ტერიტორიაზე ხორციელდება, მეორე. არქიტექტურული თვალსაზრისით არ მგონია, რაიმე ისეთი განხორციელებულიყოს, რაც მიუღებელი იქნებოდა. ის კაფე, რომელიც ძველი „მანდარინის“ ტერიტორიაზეა და ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ოდას აშენებენო და ასე შემდეგ, რაც წარმოდგენილი იყო, მერიაში არქიტექტურული პროექტის სახით, აბსოლუტურად მისაღებია, რადგან იქ არ არის არავითარი რესტორანი, იქ არ არის არავითარი ჩიხირთმა და ჩახოხბილი, როგორც იწერებოდა სოციალურ ქსელში ჩახოხბილმოძულეთაგან, არ ტრიალებს არავითარი სუნები. იქ კეთდება სუვენირების მაღაზია, რაც მისაღებია ნებისმიერი პლიაჟისთვის. იქ კეთდება ეთნოკუთხეები ეთნოტანისამოსისთვის და ასე შემდეგ“.

რაც შეეხება თონეს, მერი ამბობს, რომ თონე არ უნახავს და ამის შესახებ არ იცის, ამიტომაც ვარაუდობს, რომ თონეს, სავარაუდოდ, დეკორის ფუნქცია ექნება.

ლაშა კომახიძე: „…ვიცი, რომ იქ ისეთივე კაფეა გათვალისწინებული ღია ტერასაზე, როგორც ეს სხვა კაფეების შემთხვევაში. ძალიან ხშირად ერთი წინადადება ხდება ისეთი ვნებათაღელვის საგანი, რომ… ისევ ვამბობ, რომ ჩვენ ძალიან ზოგადად ვითანხმებთ პროექტს, რომ ეს იქნება კაფე-ბარი, შიგნით რა გამოცხვება, ეს მერიის საქმე ნამდვილად არ არის, შესაბამისი არც სტრუქტურული ერთეული გააჩნია მერიას, ამისი ძალიან ბევრი სხვა შესაბამისი ერთეულებია, სადაც შეიძლება ეს კითხვები დაისვას და განიხილონ ეს საკითხი. ჩვენ განვიხილავთ პროექტს და ზოგად კონცეფციას – სასტუმროა, კაფეა თუ სხვა. შიგნით პური ცხვება, ხარჩო კეთდება, მიმტანებს რა აცვიათ, ეს ჩვენ არ ვიცით“.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: