მთავარი,სიახლეები

„ორბმა“ თამარის დასახლებაში „კაისა“ და ზღვისპირა ტერიტორია იყიდა

19.06.2018 • 7546
„ორბმა“ თამარის დასახლებაში „კაისა“ და ზღვისპირა ტერიტორია იყიდა

ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე ჭადრაკის სახლი „კაისა“ და მის მიმდებარედ 2 ჰექტარზე მეტი ტერიტორია კომპანია „ორბი ბიზნესცენტრმა“ 4 მილიონ აშშ დოლარად იყიდა. კომპანიის დირექტორის, ირაკლი კვერღელიძის განცხადებით, მუშაობენ კონცეფციაზე და ამ დროისთვის არ აქვთ გადაწყვეტილი ამ ადგილზე კონკრეტულად რა უნდა აშენდეს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანია „სვეტი ჯგუფი“ ოლიმპიური ქალაქის აშენებას გეგმავდა. პროექტი ჩავარდა. „სვეტის“ საკუთრებაში აქ 5003 კვ/მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა რჩება, რომლის მშენებლობაც ამჟამად შეჩერებულია.

ბათუმის ჭადრაკის სასახლე [„კაისა“] და მიმდებარე ტერიტორია – 30 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, თავის დროზე სასტუმრო „ჰილტონისა“ და ბათუმის საბაგირო გზის მფლობელ კერძო კომპანიას – „ჰესტოკ ბათუმს“ სახელმწიფომ გარკვეული პირობებით გადასცა. ერთ-ერთი პირობა საქართველოს საპატრიარქოსთვის 1 მილიონი დოლარის გადარიცხვაც იყო.

ტერიტორია „სვეტი ჯგუფს“ კომპანია „ჰესტოკ ბათუმმა“ 2016 წლის აპრილში მიჰყიდა და ქონება თანხის გადახდამდე იპოთეკით დატვირთა. სამი თვის წინ კი „ჰესტოკ ბათუმში“ გვითხრეს, რომ „სვეტი ჯგუფმა“ თანხა ვერ გადაიხადა, ამიტომ ქონების ნაწილი უკან დაიბრუნეს.

რამდენადაც მაშინ „ბათუმელებმა“ გაარკვია, ორ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო თანხა 6 მილიონ 500 ათასი აშშ დოლარი იყო, „სვეტი ჯგუფმა“ კი აქედან მხოლოდ 1,5 მილიონი დოლარი გადაიხადა.

შესაბამისად, „ჰესტოკ ბათუმმა“ 30 ათასი კვ/მ ტერიტორიიდან, ჯამში 24 135 კვ/მ მიწის ნაკვეთი და „კაისა“ უკან დაიბრუნა. სწორედ ამ ქონების მესაკუთრეა დღეს შპს „ორბი ბიზნესცენტრი“.

„ორბი ბიზნესცენტრსა“ და „არგო ანურიას“ [„ჰესტოკ ბათუმის“ შვილობილ კომპანიას] შორის ნასყიდობის ხელშეკრულება 2018 წლის 17 მაისს გაფორმდა.

შპს „ორბი ბიზნესცენტრი“ კი 2018 წლის 14 მარტს დააფუძნეს და, შესაბამისად, წილებს ფლობენ შემდეგი კომპანიები: „ორბი ჯგუფი“ [51% წილის მფლობელი], „ინვესტმენტ მენეჯმენტ კომპანი ბათუმი“ [33%] და „გორგილაძის 82“ [16%]. დამფუძნებლებმა ახალი კომპანიის კაპიტალში თავიანთ საკუთრებაში არსებული ქონება შეიტანეს.

ახალი კომპანიის ბიზნესსაქმიანობად განისაზღვრა მრავალბინიანი საცხოვრებელი და მრავალფუნქციური სახლების, სასტუმროების მშენებლობა, ამასთან, ამ სახლებსა და სატუმროებში არსებული ფართობების მთლიანად ან ნაწილობრივ გაყიდვა ან სხვა სახით განკარგვა, ასევე სასტუმროთა ქსელებისა და ბიზნესცენტრების მართვა.

შპს „ორბი ბიზნესცენტრს“ შეუძლია ასევე განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რაც აკრძალული არ არის საქართველოს კანონმდებლობით.

რაც შეეხება „სვეტი ჯგუფს“, მისი მესაკუთრე შესაძლოა შეიცვალოს. კომპანიის 100% წილის შესყიდვით დაინტერესებულია გივი წულეისკირი, რომელიც შპს „სფერო ჰოლდინგის“ მფლობელია. „სფერო ჰოლდინგში“ აცხადებენ, რომ მათი ერთ-ერთი ინტერესი ისეთი სამშენებლო კომპანიების შეძენაა, რომელთა საკუთრებაში არსებული ბინების ბოლომდე აშენება ვერ განხორციელდა.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/142393/

https://batumelebi.netgazeti.ge/weekly1/48912/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: