მთავარი,სიახლეები

ზრუნვა ცარიელი ხელებით

25.06.2018 • 6818
ზრუნვა ცარიელი ხელებით

ბავშვები ძალადობის პირისპირ, თუ სიღარიბეში ხშირად რჩებიან მარტო. თითოეულ მათგანს განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდება… ერთი სოცმუშაკის ხელში, ვინც, პირველ რიგში, სახელმწიფოს სახელით ბავშვზე უნდა იზრუნოს, 60 ბავშვის საქმეა.

ბავშვთან, რომელიც ძალადობის მსხვერპლი გახდა, ან მიუსაფარია, სოციალურმა მუშაკმა უნდა იმუშაოს. მან უნდა შეაფასოს ბავშვის საჭიროებები, მაგრამ სოცმუშაკს შესაძლოა ამისთვის არ ეცალოს, ან დააგვიანდეს – ზრუნვამოკლებული ბავშვი ბევრია. შესაძლოა, არასრუწლოვნის დაკითხვა შუაღამემდე გაგრძელდეს საგამოძიებო ორგანოში, შეიძლება მინდობით აღზრდის ოჯახი ვერ გამოიძებნოს იმისთვის, რომ მიუსაფარი ბავშვი დაიტოვოს, ან სულაც სოცმუშაკს იმიტომ დააგვიანდეს, რომ მას ავტომანქანა არ ემსახურება, ბავშვი კი, ძალადობის მსხვერპლი ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს.

სოციალური დაცვის სააგენტოს სოციალური მუშაკები 30 მიმართულებით რთულ პირობებში მუშაობენ. მათი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ბავშვებზე ზრუნვაა. მნიშვნელოვანი ფაქტი, რასაც სოცმუშაკები „ბათუმელებთან“ არ უარყოფენ, ისაა, რომ რთული სამუშაო გარემო და ერთდროულად 60 საქმე თითო სოციალური მუშაკის ხელში, აისახება მუშაობის ხარისხზე. სოციალური მუშაკები საუბრობენ იმაზეც, რომ პრევენციისთვის დრო არ რჩებათ და, ძირითადად, ფაქტის შემდეგ მიდიან შემთხვევის ადგილზე – მაგალითად, აეროპორტის დასახლებაში, სადაც რამდენიმე დღის წინ 4 წლის გოგო ცემით მოკლეს.

სოციალური დაცვის სააგენტოს ბავშვზე ზრუნვის სამსახურში

„ჩვენთვის არ არსებობს 6 საათი, შაბათ-კვირა, მუდმივად გამოძახების რეჟიმში ვართ… არსად წერია, რომ 24-საათიან რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ,“ – ყვებიან სოციალური მუშაკები, რომლებიც ბათუმში მუშაობენ.

რა სამუშაო გარემოში უწევთ დღეს სოცმუშაკებს საქმის კეთება? – კითხვის დასმისთანავე სოციალური მუშაკები ზედიზედ სხვადასხვა პრობლემას ასახელებენ. შემდეგ ისევ კონკრეტულ ისტორიებს გვიზიარებენ სოციალურად დაუცველ ბავშვებზე, რომლებსაც სახელმწიფო ვერაფერს სთავაზობს.

ინგა დავითაძე

ინგა დავითაძე: „ამას წინათ დედა იყო მოსული ჩვილი ბავშვით ხელში. მითხრა, საჭმლის ფული არ მაქვს, მარტო შაქარწყალს ვასვამო. იმ დღეს ვიმათხოვრეთ ბავშვის საკვები, რომ იმ ქალისთვის მიგვეცა. კვების ვაუჩერი რომ მიეღო, სიღარიბის პროგრამაში უნდა იყო ჩართული. ამ პროცედურებს მინიმუმ 2 თვე მაინც სჭირდება. ამ ქალმა იანვარშია დაწერა განცხადება და ამ დრომდე არ მოსულა პასუხი. ძალიან დაბალი ქულა უნდა ჰქონდეს ოჯახს, რომ სიღარიბის პროგრამაში ჩაერთოს“.

მაია აბულაძე

მაია აბულაძე: „აუცილებელია კრიზისული ცენტრის გახსნა, საზღვრისპირა რეგიონი ვართ, აქ ძალიან ბევრი ბავშვია, მათ შორის მიუსაფარი ბავშვები, რომლებსაც ვერსად წაიყვან, რადგან შესაბამის კრიტერიუმს შეიძლება არ აკმაყოფილებდეს… ხშირად სერვისები არ არის და ცარიელი ხელებით ვრჩებით. რამდენჯერ სახლში წაგვიყვანია ბავშვი. პრობლემაა ისიც, რომ, მაგალითად, ახლა მიმღები ოჯახი არ გვყავს, ვისთანაც შეიძლება ბავშვი მიიყვანო. ახალი რეგულაციით, სავალდებულოა, რომ მიმღებმა ოჯახმა ტრენინგი გაიაროს, სერტიფიკატი მიიღოს. მოკლედ დროში გაწერილია ეს პროცესი, ამ დროს რამდენი ბავშვი რჩება გარეთ.“

ნინო ტყეშელაშვილი

ნინო ტყეშელაშვილი: „ჩვენი შვილების უფლებებიც ირღვევა. შაბათი-კვირა არაა გამოძახება რომ არ გვქონდეს. მერე იმაზე მიწევს ფიქრო, ვის დავუტოვო ჩემი შვილები ღამით… ვფიქრობ, ამდენი მიმართულებით არ უნდა გვამუშაონ, ეს იქნება გამოსავალი და თითოეულ ქეისზე უფრო მეტ დროს დავხარჯავთ.“

ინგა დავითაძე: „შეიძლება საყვედური მიიღო ხელმძღვანელობისგან იმისთვის, რომ შენ შუაღამემდე იმუშავე. მაგალითად, ამას წინათ ხელი ვერ მოვაწერე 6 საათზე სამსახურიდან გასვლას [სოციალური მუშაკები დილის 9 საათზე და საღამოს 6 საათზე ხელის მოწერით ადასტურებენ სამსახურში მისვლას და წამოსვლას. ავტ.], ვერ მოვაწერე იმიტომ, რომ ვერ გავდივარ ექვსზე. მერე საქმეზე გავედი და აქ ხელის მოსაწერად ვეღარ დავბრუნდებოდი. ამის გამო მოხსენებითი ბარათი დამაწერიეს და თათბირზე საყვედური გამომიცხადეს.“

თამარ მგელაძე

თამარ მგელაძე: „სოციალური მუშაკები ჰყავს იუსტიციას და სასჯელაღსრულებასაც, მაგრამ იმათ განსაზღვრული აქვთ კონკრეტული მიმართულება, უფრო მაღალი ხელფასი აქვთ. ჩვენ როცა მოვითხოვეთ ხელფასების გათანაბრება, მოვიდა მერე ამბავი, თითქოს მოვითხოვეთ მათთვის ხელფასის დაკლება და ჩვენთვის მომატება. ბოლოს როდის გაიზარდა ხელფასი აღარ მახსოვს.“

სოციალური მუშაკები ხელზე 640 ლარს იღებენ. ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის მათ დამატებითი ანაზღაურება არასდროს მიუღიათ.

პრემიას თუ იღებთ-მეთქი, ვეკითხები. „უჰ, ყოველ თვეში გვაძლევენო“, – იციანიან.

სოციალური დაცვის სააგენტოს აჭარის ფილიალში სულ 17 სოცმუშაკია, აქედან 12 ბათუმში საქმიანობს. თორმეტივე სოცმუშაკი სამსართულიან შენობაში მხოლოდ ერთ ოთახში მუშაობს. ოთახი დაახლოებით ერთი წლის წინ გაურემონტებიათ, მაგრამ, სოცმუშაკების თქმით, მუშაობისთვის კომფორტული გარემო მაინც ვერ შეიქმნა.

სოცმუშაკების ოთახის შესასვლელთან ორი პატარა ოთახია – ერთში ფსიქოლოგი მუშაობს, მეორე შეხვედრების ოთახია. ორივე ოთახი ცალკეა იმიტომ, რომ კონფიდენციალობა იყოს დაცული.

„დაცული უნდა იყოს, მაგრამ გამოდის ხმა და აქედანაც შედის. როცა ბევრი მოდის ერთად, რიგში დგანან, სხვა ოთახი გასასაუბრებლად არ არის,“ – გვიყვებიან სოციალური მუშაკები.

„შენობა უნდა გარემონტდეს, მაგრამ როდის არ ვიცით. აქ ბევრი ცარიელი და დიდი ოთახია, უფროსებს ჯერ არ უთქვამთ,“ – გვიყვება ნინო ცეცხლაძე, ბავშვზე ზრუნვის სამსახურის უფროსი სოციალური მუშაკი. მისი სამუშაო ოთახი მეორე სართულზეა, რომლის დერეფანშიც გავლაც აუცილებლად გაგახსენებთ საბჭოთა წლებს და კიდევ „ცისფერ მთებს“. ნინო ცეცხლაძის სამუშაო ოთახიც სარემონტოა.

ნინო ცეცხლაძე 2002 წლიდან მუშაობს აქ. ამბობს, რომ რთული სამუშაო პირობების გამო ბევრი გამოცდილი და კვალიფიციური სოციალური მუშაკი ტოვებს სამსახურს. ახლაც სააგენტოში სოციალური მუშაკის ორი ვაკანსიაა.

„ისინი გადადიან სხვა უწყებებში და გაცილებით მაღალ ანაზღაურებას იღებენ. საქმე სხვაგანაც ბევრია, მაგრამ 6 საათის შემდეგ საკუთარი თავი მათ ეკუთვნით, შაბათ-კვირა აქვთ… ზოგი პირდაპირ სახლში წავიდა. მე 17 წელია აქ ვარ, ძალიან დაღლილი ვარ,“ – იღიმის ნინო.

უფროსი სოციალური მუშაკი განმარტავს, რატომ უხდებათ მისი სამსახურის თანამშრომლებს გვიან საღამოს, ან შაბათ-კვირას მუშაობა. ამის მიზეზი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსია, რომელიც ითვალისწინებს სოციალური მუშაკის სავალდებულო ჩართვას გამოკითხვის პროცესში, როცა კანონიერი წარმომადგენელი ამ პროცესს არ, ან ვერ ესწრება. არასრულწლოვანის გამოკითხვა კი დილის 8 საათიდან საღამოს 10 საათამდეა ნებადართული.

ნინო ცეცხლაძეს კანონის შეცვლის იმედი აქვს, თუმცა იცის, რომ კანონპროექტი ჯერ მომზადებული არ არის. სოციალურ მუშაკებს უთხრეს, რომ კანონი სოციალური შრომის შესახებ შესაძლოა 2020 წლისთვის გვქონდეს.

„კანონპროექტზე მიდის აქტიური მუშაობა, სადაც განისაზღვრება საქმეების ლიმიტი. დღეს თითო სოცმუშაკს დაახლოებით 50 საქმე მაინც აქვს,“ – აღნიშნავს ნინო ცეცხლაძე.

კიდევ ერთი პრობლემა – ტრანსპორტი. სოცმუშაკებს, რომლებსაც ხშირად უწევთ გადაადგილება, ტრანსპორტი არ ემსახურება. ტრანსპორტი მხოლოდ განყოფილების უფროსს, თემურ ქარცივაძეს ემსახურება.

„ზოგჯერ ავტომანქანას პოლიციის განყოფილებიდან გვიგზავნიან, უმეტესად მათაც არ ჰყავთ მანქანა, რომ გამოგვიგზავნონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიდიან სოციალური მუშაკები ადგილზე, ან ფეხით. თუ რამე გადაუდებელია და სიცოცხლისთვის საშიში, ამ შემთხვევაში განყოფილების უფროსი, თემურ ქარცივაძე გვაძლევს მანქანას,“ – გვითხრა ნინო ცეცხლაძემ.

მთავარ ფოტოზე: სოციალური მუშაკები ბათუმში/26.06.2018/ მანანა ქველიაშვილის ფოტოები 


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“. პროექტის დონორი: ევროკავშირი. პროექტს ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი. პროექტის პარტნიორები არიან: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი”, კავშირი „სთეფ ფორვარდი“ და International Child Catholic Bureau (BICE) . პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Child Helpline Intrenational

გადაბეჭდვის წესი


ასევე: