ახალი რესტორანი სოფლისთვის დამახასიათებელი ინფრასტრუქტურით ბათუმის პლაჟზე

ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ, პლაჟზე, სადაც კლუბი „მანდარინი“ ფუნქციონირებდა, ახალი, კრამიტით გადახურული ვერანდები, თონე და გურული ოდა მოაწყვეს. რესტორანში ჯერ სარემონტო სამუშაოები არ დაუსრულებიათ, თუმცა მის ინფრასტრუქტურას სოციალურ ქსელში უკვე მოჰყვა კრიტიკა.

მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ ნაგებობა უფრო „მთის არქიტექტურას“ განეკუთვნება და ზღვის სანაპიროსთვის როგორც ვიზუალურად, ასევე თემატურადაც შეუსაბამოა. ყველაზე მწვავედ ზღვის სანაპიროზე „თონეს გამოჩენაზე“ წერდნენ.

კრიტიკოსი მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ პლაჟის ინფრასტრუქტურა უნდა განსხვავდებოდეს ქალაქის ინფრასტრუქტურისგან. ტურიზმის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ზღვის სანაპიროზე თონის, ხინკლისa და მწვადების ადგილი არ არის:

„… შეიძლება ტურისტს აინტერესებდეს ტრადიციული სამზარეულო, ეთნოთემატიკა, მაგრამ ამისთვის არსებობს შესაბამისი ადგილები. ჯობია, ამისთვის ავთენტურ გარემოში მივიდეს, ვთქვათ, იგივე მთიან რეგიონში. ეს ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს და არა ის, რომ ეს ყველაფერი ჩამოვიტანოთ და დავახვედროთ ტურისტს ზღვაზე. ლოგიკურადაც, როცა ტურისტი ზღვაზე მოდის, მას ცურვა, პლაჟი აინტერესებს და პლაჟს რაც სჭირდება. სამწუხაროდ, ის ნაკლებად არის ბათუმში მოწესრიგებული. უფრო მეტად უნდა იყოს პლაჟი დასუფთავებული, საშხაპეებიც უფრო მეტი და კარგი ფორმატის უნდა გაკეთდეს. შეიძლება გაკეთდეს ყველაფერი ისე, როგორც კეთდება განვითარებულ ზღვისპირა ქალაქში“, – განმარტა ზვიად ელიზიანმა „ბათუმელებთან“

მოქალაქეების დამოკიდებულება პლაჟზე თონეს დამონტაჟებასთან დაკავშირებით გაუგებარი და მიუღებელია კომპანიის წარმომადგენლისთვის. თემურ დიასამიძე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ უკვირს, რატომ არ შეიძლება იყოს ავთენტური ბათუმის პლაჟისთვის ქოხი, თუ ავთენტურია ბუნგალო:

„ბუნგალოც არის ზღვისპირა ქოხი, გინდათ პოლონეზიაში და გინდათ კარიბის ზღვის სანაპიროზე, ანუ იქაური ქოხი ორგანულია და კოლხური ქოხი არაორგანულია? – მე ამ ლოგიკას ვერ ვიგებ. როგორ შეიძლება ისაუბრო იმაზე, რაც ჯერ არ იცი რა იქნება. ორმოც ქვეყანაში ვარ ნამყოფი, არამგონია საბერძნეთზე, ტუნისზე ან მაროკოზე ტურისტული ქვეყანა ვიყოთ. რატომ არის ქვევრის ადგილი მხოლოდ მთა. ვინ თქვა ეს? – ისტორიულად ასეა, ეს მეთევზეების დასახლება იყო, არც „შერატონი“ იდგა  და არც „რედისონი“, არაც არავისზე ნაკლები გვიმოგზაურია და არც არავისზე ნაკლები გვაქვს წაკითხული. ვერავის შევეჯიბრები, რომ მათზე მეტად მიყვარს, მაგრამ  მეც ნუ შემეჯიბრებიან, რომ ჩემზე მეტად უყვართ ბათუმი“.

რესტორნის გახსნას ყოფილი „მანდარინის“ ტერიტორიაზე შპს „გულები“ გეგმავს, კომპანია მუსიკოს გია დიასამიძეს ეკუთვნის. შპს „გულებმა“ ტერიტორიის მიღების სანაცვლოდ იმის შესრულების ვალდებულება აიღო, რაც „მანდარინის“ მეპატრონეებმა ვერ შეასრულეს. საიჯარო ხელშეკრულებას, თემურ დიასამიძის ინფორმაციით, კიდევ ექვსწლიანი ვადა აქვს.

შპს „გულების“ საიჯარო ტერიტორიაში შედის შენობის წინა ნაწილიც ზღვამდე. შპს „გულები“ მიმდებარედ, სანაპიროზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის განთავსებასაც გეგმავს.

შპს „გულები“ მუსიკოსმა გია დიასამიძემ 2018 წლის იანვარში დააფუძნა, თავდაპირველად კომპანიას „სანაპირო“ დაარქვეს. ის არის ასევე კომპანია „მიფასი“-ს დამფუძნებელი. ამ კომპანიას საქართველოში მუსიკალური გახმოვანებისა და განათების აპარატურა შემოაქვს.

გია დიასამიძე კიდევ რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელია.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი