ბათუმში ყინულის არენა 10 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს – ვინ აშენებს და ვინ ზედამხედველობს

ახალი სპორტული კომპლექსი, რომელიც ბათუმში, ყინულის სასახლის გვერდით შენდება, საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტს 2018 წლის 10 სექტემბრისთვის აუცილებლად უნდა გადაეცეს. კომპლექსი კომიტეტს განსაკარგავად დროებით გადაეცემა – 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ჩასატარებლად. ოლიმპიადის დასრულების შემდეგ კი, აქ ყინულის არენა და საცურაო აუზი უნდა მოეწყოს.

მშენებლობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონი“ კურირებს, რომელმაც დახურული სპორტული კომპლექსის [ყინულის არენა და საცურაო აუზი] საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე კანადურ კომპანია „Westincor Limited“-თან ხელშეკრულება, ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის გზით, 2018 წლის 27 თებერვალს გააფორმა 19 990 002 აშშ დოლარზე.

კანადურმა კომპანიამ თავისი ფილიალი – „ვესტინკორ ლიმითედ საქართველო“ 2018 წლის პირველ თებერვალს დააფუძნა თბილისში. კომპანიისთვის 4 მილიონი აშშ დოლარი უკვე გადარიცხულია აჭარის ბიუჯეტიდან.

სპორტული კომპლექსს კომპანია „ანაგი“ აშენებს. „სტადიონის“ დირექტორი ზურაბ ჭურკვეიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, „ვესტინკორ ლიმითედ საქართველოს“ რამდენიმე ქვეკონტრაქტორი ჰყავს, მათ შორის „ანაგი“.

„ანაგი“ პარალელურად საფეხბურთო სტადიონსაც აშენებს ბათუმში. ამ მშენებლობასაც „სტადიონი“ კურირებს.

არც სპორტული კომპლექსის და არც სტადიონის მშენებლობას, ტექნიკურ ზედამხედველობას არ უწევს სპეციალურად შერჩეული კომპანია. ორთავე მშენებლობას, როგორც ზურაბ ჭურკვეიძე ამბობს, „სტადიონის“ ორი თანამშრომელი [იჟინერ-კონსტრუქტორები] ზედამხედველობს.

სპორტული კომპლექსის შემთხვევაში ზედამხედველი კომპანიის შერჩევა თავიდანვე არ განიხილებოდა, სტადიონის შემთხვევაში კი ტენდერი რამდენჯერმე გამოცხადდა, თუმცა ზედამხედველი კომპანია „სტადიონმა“ ამ დრომდე ვერ შეარჩია. სტადიონის მშენებლობა მეექვსე თვეა მიმდინარეობს.

„ვესტინკორ ლიმითედ საქართველოს“ წარმომადგენლის, მიშა ვაშაკიძის თქმით, კომპლექსის მშენებლობაში ჩართული არიან კანადური კომპანიის წარმომადგენლები, როგორც კანადიდან, ასევე ბელორუსიდან და რუსეთიდან: „ინჟინრები არიან ძირითადად. კანადელი არის მთავარი ინჟინერი, მშენებლობის ზედამხედველი არის რუსეთიდან, ხოლო სპეციალისტები, რომლებიც უშუალოდ ლითონის კონსტრუქციებს აშენებენ, არიან ჩვენი თანამშრომლები ბელორუსიიდან. ჩვენი კომპანიის ძირითადი ფუნქცია არის ზედამხედველობა, ტექნოლოგიური ნაწილი და სხვადასხვა ქვეკონტრაქტორიც გვყავს – პროექტზე ადგილობრივი კომპანია BWC მუშაობს, სამშენებლო სამუშაოებს კი ძირითადად „ანაგი“ ასრულებს“. 

ყინულის სასახლესთან, თავისუფალი ტერიტორიისა და გარე საინჟინრო-კომუნალური ქსელების მოწყობისთვის შპს „სტადიონი“ 1 738 471 ლარის სამუშაოებსაც პირდაპირი გზით, ტენდერის გარეშე შეისყიდის. როგორც „სტადიონში“ აცხადებენ, ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში სამუშაოების დასრულება ოლიმპიადის დაწყებამდე ვერ მოესწრება.

ვინ შეასრულებს აღნიშნულ სამუშაოებს, „სტადიონში“ ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ.

„შესყიდვების სააგენტოდან თანხმობის მიღების შემდეგ შევარჩევთ კომპანიას, რომელიც მოშენებისგან თავისუფალი ტერიტორიის კეთილმოწყობაზე იმუშავებს“, – გვითხრეს „სტადიონში“.

ყინულის სასახლის მიმდებარე ქუჩებს ბათუმის მერია მოაწესრიგებს. როგორც ადრე „ბათუმელებს“ მერიაში უთხრეს, პირველ რიგში ლადო ასათიანისა და ვახტანგ შამილაძის ქუჩების ის მონაკვეთები მოწესრიგდება, რომლებიც უშუალოდ სპორტკომპლექსის მიმდებარედაა, ამ ქუჩების დანარჩენი მონაკვეთების მოწესრიგება კი ან ოლიმპიადის მიმდინარეობის პარალელურად, ან ოლიმპიადის დასრულების შემდეგ გაგრძელდება.

მერია, ახალი სპორტული კომპლექსის მიმდებარედ, ავტოსადგომის მოწყობასაც გეგმავს.

სპორტული კომპლექსის მშენებლობა ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩაზე. კომპლექსის აშენებისთვის ბიუჯეტიდან 20 მილიონზე მეტი აშშ დოლარი დაიხარჯება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com