მთავარი,სიახლეები

სკაუტების საერთაშორისო ბანაკი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მოეწყობა

17.06.2018 • 2724
სკაუტების საერთაშორისო ბანაკი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მოეწყობა

ბათუმის მერია ჩაქვში, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, საერთაშორისო ბანაკის – სკაუტარიუმის ორგანიზებას გეგმავს. მერიის ინფორმაციით, „აჭარის სკაუტების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ბანაკი – სკაუტარიუმი“   14 -21 ივლისის  პერიოდში გაიმართება.

ბანაკის ორგანიზებისთვის ბათუმის მერია ქალაქის ბიუჯეტიდან 35 ათასამდე ლარს გადაიხდის, შესაბამის მომსახურებას კი ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. ტენდერში გამარჯვებულმა საერთაშორისო ბანაკში  ქართველი, თურქი, ინგლისელი და სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სკაუტების მონაწილეობა უნდა უზრუნველყოს.

სატენდერო პირობების მიხედვით საბანაკე ტერიტორია ჩაქვში ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მოეწყობა. ბანაკის მონაწილეების ასაკი განისაზღვრება 12 წლის და ზევით, რომლებიც იცხოვრებენ კარვებში შვიდი დღის მანძილზე.

ბანაკის მოსაწყობად დაგეგმილია, ჩაქვში, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის მიმდებარე პლაჟზე საშხაპე ოთახების, საპირფარეშოების, ხელსაბანი ნიჟარების მოწყობა; ტერიტორიაზე (800კვ,მ) უნდა იყოს უწყვეტი ელექტროენერგია.

გამარჯვებულმა ასევე უნდა უზრუნველყოს: სამზარეულოს მოწყობა 30კვ.მ ტერიტორიაზე, ხის კონსტრუქციით, რომელიც შეკრული იქნება წყალგაუმტარი ტენტით; 100 კვ.მეტრზე კვების ადგილის მოწყობა 280 პერსონაზე ასევე ხის კონსტრუქციით, ხოლო  20კვ.მეტრზე პროდუქტის შესანახი საწყობის მოწყობა; საბანაკე ტერიტორიაზე მოეწყობა სცენა.

აუცილებელი პირობაა მონაწილეების ტრანსპორტირება [280 კაცი] ბათუმი-ჩაქვი-ბათუმი მარშრუტით. ასევე, მათი ტრანსპორტირების უზრუნველყოფა ღირსშესანიშნაობების მონახულების მიზნით გონიოს ციხის, გოდერძისა და ქალაქის ტერიტორიებზე და მაჭახელაში; მონაწილეების [280 კაცი 7 დღე] სამჯერადი კვება, აქედან ერთი დღე ვახშამი 100 პერსონაზე გოდერძის უღლტეხილზე; ერთი სადილი 280 პერსონაზე ქ. ბათუმში.

დამზადდება ბუკლეტები, სარეკლამო ბანერები, დიპლომები. ტენდერში გამარჯვებულმა ტექნიკური პირობების ყველა მოთხოვნა მერიასთან უნდა შეათანხმოს.

ტენდერში წინადადებების მიღება 2018 წლის 23 ივნისს დაიწყება და 26 ივნისს შეწყდება.

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ბანაკის განლაგების სავარაუდო რუკა / სატენდერო დოკუმენტებიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: